"სტრესი ყვავილებთან ურთიერთობამ გადამატანინა... შვილის გამოჯანმრთელებაც ამ ყვავილებმა მახარეს" - როგორ იქცა მშვენიერი ბაღი თერაპიად

დარეჯან ხუბუა უკვე 30 წელია ეზოს გალამაზებით, ყვავილების მოვლითა და გახარებით არის დაკავებული. ეზოში თითოეული ნერგი, ყვავილი საკუთარი ხელით აქვს ჩარგული და რუდუნებით უვლის. ბაღი ნამდვილ წალკოტს დაამსგავსა.

- მიყვარს და მიტაცებს მოვლილი ეზოები. ჩემი ჰობია მქონდეს ყველა სეზონის ყვავილები, რომ ეზო მუდამ აყვავებული იყოს. ჩემი ბაღი ზუგდიდში მდებარეობს. დაახლოებით 30 წლის წინ ვიყიდეთ სამოსახლო. ეზო არის 600 კვ.მ. სახლს 100 კვ.მ უკავია, დანარჩენი ადგილი სულ ნარგავებია. ვერ დავიკვეხნი იმით, რომ მაქვს რამე უცხო ჯიშის ნერგები, მაგრამ რაც მაქვს, ყველა
არის ძალიან მოვლილი და გულს მიხარებენ.

- როცა ბაღის გაშენებას იწყებდით რა გაითვალისწინეთ წინასწარ, როგორ დაგეგმეთ ბაღი?
- პირველ რიგში რაც დაიგეგმა, ეს იყო ყველაფრის სისწორე. ანუ ხეხილი ერთ მწკივრში ყოფილიყო, მარადმწვანე ბუჩქები ისე დარგულიყო, რომ ყვავილებს ხელი არ შეშლოდათ გახარებაში და ა.შ. ადგილი, რომელიც სამოსახლოდ შევიძინეთ, ძალიან დაბალი იყო, წყალი დგებოდა. ბევრი მიწის დაყრა მოგვიწია. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, 22 წლის, მაგრამ მეუღლეც დიდ ინტერესს იჩენდა და ამან ბევრი რამე განაპირობა. ორივეს გვინდოდა, ლამაზი კარ-მიდამო გვქონოდა.
წინასწარ რომ დაგეგმო, კლიმატის და გარემო-პირობების მიხედვით შეარჩიო მოყვავილე მცენარეები, ამას ყოველთვის სჭირდება თანხა. მე დავრგე და გავაშენე ის, რისი საშუალებაც მომეცა. დღეს ბევრი რაღაცის შეცვლა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ.

- როგორ უვლით ბაღს, როგორ ებრძვით სარეველას, რა საშუალებებით კვებავთ მცენარეებს?
- გარედან შემოტანილ მიწას ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სარეველა მცენარეი მოჰყვა, რომელსაც დღემდე ვებრძვი სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება საკვებს, არანაირ საკვებს არ ვიყენებ, გარდა ნაკელისა. ისიც ორ წელიწადში ერთხელ მომაქვს სოფლიდან.

- მარადმწვანე მცენარეები თუ გაქვთ?
- მარადმწვანე მცენარეები მაქვს, რომელიც ჩემმა ძმამ მაჩუქა. ეს არის ემანიუსი. შარშან პატარა ნაძვებიც შევიძინე და დავრგე. თუმცა ჩემთან ნაძვებს ცოტა უჭირთ.

- ხეხილი და ბოსტნეულიც გაქვთ?
- დიახ, ხეხილიც მაქვს და ბოსტნეულიც. ოჯახის სამყოფი ყველაფერი მომყავს და ეს გულს უხარია.

- ბევრისთვის ყვავილებთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა, ბევრიც ესაუბრა მათ და ამბობენ, რომ უკუკავშირსაც გრძნობენ. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- ჩემთვის პირადად ყვავილებთან ურთიერთობა თერაპიაა. 13 წელი ემიგრაციაში ვიყავი. რომ ჩამოვედი, განადგურებული ეზო დამხვდა. თუ შევძლებდი და ეზოს კვლავ დავამსგავსებდი, არ მეგონა. მაგრამ ადამიანს როცა რამე გულით სურს, აუცილებლად შეძლებს. დღეს ყოველ დილა გავდივარ და ჩემს ყვავილებს ვეფერები, ველაპარაკები.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სანერვიულო და სადარდებელი შემხვდა. ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეს სტრესი ყვავილებთან ურთიერთობამ და მიწაზე მუშაობამ გადამატანინა. რომ ვამუშავებდი მიწას და ვთესავდი მცენარეებს, ამ დროს მის ჯანმრთელობას ჩავუთქვამდი ხოლმე. ჩემი შვილის გამოჯანმრთელებაც ამ ყვავილებმა მახარეს. დღეს ყველა ბუჩქი, ნერგი ჩემი შვილის, მეგის სახელზეა დარგული. მარტის თვიდან ნომებრის ბოლომდე ჩემს ეზოში ვარ ხოლმე და ეს საუკეთესო თერაპიაა ჩემთვის.

- სამომავლოდ რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?
- სამომავლოდ მინდა პატარა სათბური გავაკეთო, რომ ზამთარშიც ამ საქმით ვიყო დაკავებული.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები