როგორ უვლის ტელეწამყვანი ქეთი კეკელია თავის ყვავილებს და რას ურჩევს დამწყებ მებაღეებს

ტელეწამყვან ქეთი კეკელიას, საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ დამწყებ თუ პროფესიონალ მებაღესთან აქვს ურთიერთობა და თვლის, რომ ყვავილებით გალამაზებული, მოვლილი და გამწვანებული ეზოების კულტურა დღითი დღე აქტუალური და პოპულარული ხდება საქართველოში. ჟურნალისტი ბავშვობიდანვე შეყვარებულია ბუნებაზე, ყვავილებზე. ქეთის თბილისთან ახლოს აქვს აგარაკი, სადაც მისი ხელით დარგულ და გახარებულ უამრავ მშვენიერ ყვავილს ნახავთ.

- ძალიან დიდი ხანია ტელევიზიაში ვმუშაობ, ძირითადად - წამყვანად სხვადასხვა არხზე. ამ ეტაპზე ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“. შარშან ვიყავი დილის გადაცემის ძირითადი წამყვანი. შემდეგ გვქონდა შემოთავაზება, ყველა წამყვანს უნდა დაემატებინა თითო რუბრიკა. გამომდინარე

იქიდან, რომ ბავშვობიდან განსაკუთრებით და გამორჩეულად მიყვარდა მცენაარეები, არჩევანი სწორედ ასეთ რუბრიკაზე შევაჩერე, რომელიც შეეხებოდა და განკუთვნილი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემნაირად მოყვარული მებაღეა. ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი გამოვიდა. ამ პროცესში მეც ბევრი რამე ვისწავლე.

- თბილისთან ახლოს გაქვთ არაჩვეულებრივი, მყუდრო აგარაკი, ულამაზესი მცენარეებით და ყვავილებით. თქვენ თვითონ გააშენეთ?
- ბავშვობიდან მომწონს და მიყვარს მცენარეები. წარმოიდგინეთ, რამხელა დადებით ენერგიას აფრქვევს თითოეული ყვავილი, მცენარე, ბუჩქი, რამხელა სიამოვნებაა მათზე ზრუნვა, რომლის საპასუხოდ ისინი არაჩვეულებრივი სლამაზით გაჯილდოებენ. სანამ გავთხოვდებოდი, სახლში მქონდა ძალიან დიდი კოლექცია, ახლა კი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში აღარ მაქვს ის პირობები, რაც მცენარეებს სჭირდებათ, ამიტომ აქცენტი აგარაკზე გადამაქვს. დარგული მაქვს მრავალწლიანი ყვავილები, ძირითადად ვარდები. ეს ყვავილი განსაკუთრებით მიყვარს თავისი არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული სილამაზიდან გამომდინარე. ყოველწლიურად ისე ხდება, რომ ჩემს ფავორიტ მცენარეს გამოვარჩევ ხოლმე. მაგალითად, შარშან აღმოვაჩინე კლემატისი და დავიწყე მისი სხვადასხვა ჯიშის და ფერის მოშენება. შარშანწინ განსაკუთრებულად მომეწონა ვერსალის ჯიშის ვარდი. წლევანდელი ფავორიტი ჯერ არ შემირჩევია. ახლა ავბარგდები აგარაკზე და ფავორიტ მცენარესაც აღმოვაჩენ. თბილისის შემოგარენში თითქმის ყველა მებაღეს დ საბაღე მეურნეობას ვიცნობ, თუ რომელიმე მცენარე განსაკუთრებულად მომწონს, ვიწყებ მათთან რეკვას და ამ მცენარეზე ინფორმაციის მოძიებას. რაც ეს რუბრიკა მიმყავს, მეყვავილეებიც მჩუქნიან ყვავილებს, თუმცა ძირითადად ვყიდულობ.


- თვითონ თუ გიცდიათ გამრავლება?
- მთავარია, სურვილი გქონდეს, შეუძლებელი არაფერია. ინტერნეტი გაძლევს საშუალებას მიიღო დეტალური ინფორმაცია მცენარეების მოვლის, გამრავლების შესახებ. გამონაკლისი არც მე ვარ. პროფესიულ დონეზე დაკალმება ცოტა მიჭირს, თუმცა სხვა მცენარეებს ძალიან მარტივად ვამრავლებ. მიყვარს გაჩუქება, აუცილებლად ისეთ ადამიანზე, ვინც მოუვლის და სასურველ პირობებს შეუქმნის. ძალიან მწყდება გული, თუ გავაჩუქებ ყვავილს და შემდეგ გავიგებ, რომ გაუხმა, მოუკვდა.


- თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრ დამწყებ, მოყვარულ, ასევე პროფესიონალ მებაღესთან გქონიათ ურთიერთობა. გასულ წლებთან შედარებით რამდენად აქტუალურია მებაღეობა?
- მიუხედავად იმისა, რომ წელს დავიწყე ამ რუბრიკის კეთება, იმ ადამიანების უმეტეს ნაწილს, ვისთანაც ახლა მიწევს პროფესიული საქმიანობა, 7-8 წელია ვიცნობ და მაქვს ურთიერთობა. ამ სფეროში ყოველწლიურად გარკვეული ნაბიჯები იდგმება წინ. ეს კულტურა უფრო და უფრო ღრმად შემოდის ჩვენთან და აქტუალური ხდება. დღითი დღე მეტი ადამიანი ინტერესდება ყვავილებით, გარემოს გამწვანებით, რაც ძალიან მახარებს. ვინც ევროპაში ერთხელ მაინც ყოფილა, ნახავდა, როგორი კულტურა აქვთ იქ, როგორ უვლიან და ეფერებიან თითოეულ ყვავილს, ნერგს, ფოთოლს. რამხელა ყურადღებას აქცევენ გამწვანებულ, ყვავილებით გადაპენტილ ეზოებს, აივნებს. შეიძლება ჰქონდეთ ძალიან პატარა, ერთი კვადრატული მეტრის აივანი, მაგრამ აუცილებლად აქვთ გავსებული ყვავილებით. ეს მათაც ანიჭებთ სიამოვნებას და ჩვეულებრივ გამვლელსაც. გარდა ესთეტიკური სიამოვნებისა და სილამაზისა, ბევრი ხე, ყვავილი, მცენარე არის ჯანმრთელობა, სუფთა ჰაერი. ადამიანის ცხოვრებაში ეკოლოგია უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის, როცა რეალურად ძალიან ბევრი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ყველა ადამიანმა უნდა მოინდომოს და გაამწვანოს, გაალამაზოს საკუთარი აივანი თუ ბაღი. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბუნების, მცენარეების სიყვარულიდან გამომდინარეობს. თუ არ გიყვარს თითოული ძირი ყვავილი, მათზე ზრუნდა არ განიჭებს სიამოვნებას, არ იხარჯები მათთან მიმართებაში, ხელოვნურად ან ძალდატანებით არაფერი გამოგივა. მე სექტემბრიდან მაისის ჩათვლით არ შემიძლია არ ვიზრუნო მათზე, ვუვლი, ვეფერები, ვამრავლებ, ხოლო როცა თბილისიდან გავდივარ ვიწყებ ფიქრს ვის რომელი მცენარე ვაჩუქო.


- დამწყებ მებაღეებს რას ურჩევთ?
- როცა მოგვწონს ვიღაცის ულამაზესი ბაღი, ვიტყვით, ოჰ რა კარგია, ნეტავ მეც ხომ არ ვცადო, იქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სილამაზე ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ამ საქმეს სჭირდება მუდმივი რუტინული, მონოტონური შრომა, ზრუნვა, მომარაგება სხვადასხვა ელემენტით. წინასწარ გათვალეთ, რომ ეს არ არის, ერთჯერადად დარგავ მცენარეს და მორჩა, ამით დასრულდა ყველაფერი. ყოველდღიურად, ყოვლეთვიურად სჭირდება შომა და გაახლება, თუმცა ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები