კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ კერძო სახლში, 28 მარტს, საკუთარ დაბადების დღეს, პირველად გაათენა ღამე. როგორც ამბობს, ეს სახლი მეგობრებმა აჩუქეს... აქვს ეზო და იქ დასახლების პირველივე დღიდან, ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ბაღ-ბოსტნის გაშენება დაიწყო. შრომა დაუფასდა - სამ თვეში უკვე მშვენიერი ბოსტანი აქვს. ეზოში ხეხილი და უმშვენიერესი ყვავილებიც ხარობს. მასპინძელი იქაურობას გვათვალიერებინებს და გულდაგულ გვიხსნის თავისი ბაღ-ბოსტნის გაშენების პრინციპს.
- ეზოს ამ ნაწილში დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ კიტრი ყველგან ჩავრგე, მინდა, ყველგან მისი ხეივანი მქონდეს, ლამაზად რომ იქნება კიტრები დაკიდებული... იმდენად დამენანა სააღდგომო
ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, ბოსტნეული აღარ ვიყიდო. წლეულს საკუთარი მოსავლით უნდა ვირჩინო თავი. საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვეტანები, ამიტომ ხელოვნურ სასუქს ჩემს ბაღში არ გავაჭაჭანებ.
- ეს ლამაზი პეტუნიები სად შეიძინეთ?
- ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ნაჩუქარია. ერთმანეთისგან განსხვავებულია. გავთამამდები და ვიტყვი, რომ ესენი ყველანი ადამიანები არიან. აივნიდან რომ ვუყურებ, ვეფერები და ვესაუბრები. ვარდებიც მაჩუქეს. ყველა ყვავილი ნაჩუქარია. აქ რომ გადმოვედი, მეგობრები საჩუქრებით მოდიოდნენ... "ნაპოლეონის ქუდი" კი 15 წელია, მაქვს, შინ ქოთანში ვახარებდი, მერე ერთ-ერთ ქვეყანაში გაზონებში ვნახე. ავდექი და მეც გარეთ გამოვიტანე, მშვენივრად გაიხარა.
- კარგი ხელი გქონიათ, ყველაფერს ახარებთ...
- ასე გამოვიდა. ერთ-ერთი რესტორნის ეზოში გამხმარი ბამბუკები ვნახე, წამოვიღე და გამოვაცოცხლე. ერთხელ მაღალი ყვავილი მქონდა, მის გასამაგრებლად ქუჩაში წკნელი ვიპოვე, თავები გადავატეხე და იმ მაღალ ყვავილს მივუსვი. არ დაიჯერებ, წკნელმა კვირტები გამოიღო... ვცდილობ, ერთწლიანი ყვავილები ისე გავახარო, რომ მრავალწლიანი გავხადო... ერთი ბეწო იყო ბზა და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.
- ნიადაგს რით ანოყიერებთ?
- ხრიოკი მიწა იყო და ახალი მიწა შემოვიტანე, შემოდგომით კიდევ შემოვიტან, სოფლიდან ნაკელი უნდა მოვიტანო... ხედავ ულამაზეს გეორგინას? იშვიათი ჯიშია, დეიდაჩემმა გამომიგზავნა ჭორვილიდან. აი, როგორ გავახარე.
- ბოსტანში გოგრაც დაგითესავთ...
- და უკვე ლამაზიც არის, ესეც ტალავერზე უნდა ავიყვანო. შეხედე პრასს, რამდენია. რომ მოძლიერდება, სათითაოდ ამოვიღებ და გადავრგავ... წიწმატმა არ გაამართლა, არასწორ ადგილას დავთესე. ამიერიდან მეცოდინება, სად გავუშვა...
ბევრი ქალაქელი ამბობს, რომ სურს ჰქოდეს ბაღი, მცენარეებს მოუაროს და ბოსტანი გააშენოს. მე ვიცი ბაღის გემო და რაც ასაკში შევედი, უფრო მეტად გამიჩნდა მიწაზე მუშაობის სურვილი. ის კი არა, პეკინზე რომ ვცხოვრობდი, აივანზე უზარმაზარ, 50-კილოგრამიან ქოთანში მწვანილი
მომყავდა, ერთხელ 3 კილო კარტოფილი ამოვიღე... ღმერთო, როგორ გადმოვცე ის ემოცია, მიწიდან რომ მცენარე ამოდის, იშლება, ფერითა და სურნელით გაოცებს.
- ნელ-ნელა სიმინდისა და მზესუმზირისკენ გადავინაცვლოთ...
- ჰო, სიმინდი რატომღაც ორი ძირი ამოვიდა, არადა, ბევრი დავთესე. აქვე კარტოფილი ამოდის, დაფნაც მაქვს - ეზოში აუცილებლად დაფნა და ლიმონი უნდა მქონდეს.
ლალი ფაცია
კომენტარები