"აქ ხრიოკი ადგილი იყო, ხვლიკები და ქვეწარმავლები დაძვრებოდნენ" - კორპუსის პირველი სართულის ეზოში მოწყობილი ბაღნარი

თეთრი და შავი თუთა, მსხალი, ვაშლი, ბალი, ბროწეული, გარგარი, ქლიავი, მალინა, სმაროდინა, მაყვალი, ოთხი სახეობის ვაზი, რამდენიმე ძირი სკა, ტალღოვანი თუთიყუშები, კარელები, ფარშევანგა მტრედები, ჩვეულებრივი და ოქროს ხოხბები, ორი კუ, ზღარბი, ძაღლი ლუი - ამ ყველაფერს თბილისში, ცხრასართულიანი კორპუსის პირველი სართულის ეზოში ნახავთ, რომელიც პავლე ბლიაძემ გააშენა. ბატონი პავლე პოლკოვნიკი გახლდათ, წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის სამმართველოს უფროს იყო. ახლა პენსიაზეა და მთელს თავის დროს, ენერგია იმ ულამაზეს ეზოს უთმოს, რომელიც საკუთარი ხელით მოაწყო.

- უკვე 30 წლის არის ჩემი ბაღი. ამ
ხნის მანძილზე სულ იცვლებოდა და ლამაზდებოდა. ცხრა სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე შევიძინე ბინა, რომელსაც ქონდა ეზო. ეზო ქვებით და ნაგვით იყო სავსე. შვიდი სატვირთო ნაგავი გავიტანე. მეზობლები მეუბნებოდნენ, რას წვალობ, რად გინდაო. სამსახურში, რომ მივდიოდი დილით ჩემს შვილებს ვუბარებდი, ვინც მეტ ქვას აკრეფს, საღამოს ჯილდოს მიიღებს თქო და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. როცა ეზო გალამაზდა და სახე იცვალა, ყველას მოეწონა და სიამოვნებდათ აქ ყოფნა.
ახლაც, ყოველი გაზაფხული იწყება ეზოს გასუფთავებით, ქვების გატანით. გაგეცინებათ და ჩემი პირველი „მოსავალი“ არის ქვების აკრება. საიდან მოდის ამდენი ქვა, არ ვიცი.

- სოფელთან, მიწასთან გქონიათ აქამდე შეხება?
- კი, როგორ არა. სოფელ დირბში ვარ გაზრდილი. მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო სოფელში. ბავშვობიდან მოყოლებული არაერთხელ ვარ მოხვედრილი გაზეთში. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, სოფელში ჩამოვაყალიბე კომკავშირული ბრიგადა, ავიყვანე ბავშვები, ვისაც მუშაობა და საკუთარი შემოსავალი უნდოდა. ვმუშაობდით და დღეში 7-8 მანეთი გამოგვდიოდა. ბავშვისთვის ეს ცოტა ნამდვილად არ იყო.

- დღეს ძალიან ბევრი ხეხილი გაქვთ ეზოში. ყველა თქვენი დარგულია თუ დაგხვდათ რამე?
- ყველა ჩემი ხელით არის დარგული. აქ მხოლოდ ხრიოკი ადგილი იყო, სადაც ხვლიკები და ქვეწარმავლები დაძვრებოდნენ. ახლა გვაქვს თეთრი და შავი თუთა, მსხალი, ვაშლი, ბალი, ბროწეული, გარგარი, ქლიავი, მალინა, სმაროდინა, მაყვალი. მაქვს ასევე ვაზი. როგორც თეთრი, ისე შავი. სულ ოთხი სახეობის ყურძენი მაქვს. ვწურავ ღვინოს და ყოველი წლის მოსავალს, თითო ბოთლს ვბეჭდავქარხნული წესით და ვინახავ საკოლექციოდ. ასევე მყავს ფუტკრები. იმდენ თაფლს კი ვიღებ, რომ წლიდან წლამდე გვეყოს. ერთ წელს იმდენი ამოვიღე ახლობლებს და ნათესავებს ვუნაწილეთ.

- უამრავი ფრინველი გყავთ. როგორ ახერხებთ მათ მოვლას?
- დიდი მოვლა არ სჭირდებათ. ჩავუყრი საჭმელს და შეიძლება სამი დღე აღარც მივხედო. რა ჯობია მათ ცქერას, ჭიკჭიკის მოსმენას. შემიძლია მთელი დღე სავარძელში ვიჯდე და ვუსმინო. მყავს ტალღოვანი თუთიყუშები, კარელები, ფარშევანგა მტრედები, ჩვეულებრივი ხოხბები და ოქროს ხოხბები. ტალღოვნები მალე მრავლდებიან და ხშირად ვაჩუქებ. ახლაც 30 ბარტი ყავთ. ფიზიკურად ადგილი არ მაქვს, 30 ბარტყი სად უნდა წავიყვანო.
ოქროსფერი ხოხობი ჩემმა შვილებმა მაჩუქეს ახალ წელს. საკმაოდ ძვირადღირებულია. სასაჩუქრე ყუთში შეფუთეს და ისე დადეს ნაძვის ხესთან. ვიფიქრე პიჯაკი ან რაიმე პირადი ნივთი იქნებოდა. რომ გავხსენი ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ძალიან მინდა ფარშევანგი ვიყოლიო, მაგრამ მაღალ ხმაზე ყვირიან და არ მინდა მეზობლები შევაწუხო.

- ზამთარში როგორ უვლით ფრინველებს, არ სცივათ?
- კვერცხებს დებენ, ბარტყები უნდა გამოჩეკონ, ამიტომ სიცივეში ვერ ვამყოფებ. ზამთარში გათბობას ვურთავ, ასე, რომ სიცივის პრობლემა არ აქვთ.

- ყვავილებიც თქვენი დარგულია?
- კი. ყოველწლიურად ახალ-ახალ ყვავილებს ვყიდულობ. წელს რაღაც გაფუჭდა. რა წამალი არ ვიყიდე, მაგრამ არაფერმა უშველა.
ძალიან მიყვარს იები. სამსახურში ისეთი კოლექცია მქონდა ხალხი სანახავად მოდიოდა. 200 ძირი იყო, მაგრამ როცა სახლში გადმოვიტანე ნელ-ნელა გაფუჭდა. ალბათ პირობები არ მოეწონა. იმდენად მიყვარს ყვავილები, რომ ზოგჯერ ხმამაღლა ველაპარაკები და ვეფერები. ულამაზესი ვარდები მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მალე ამთავრებენ ყვავილობას. ვარდებს მზიანი ადგილი უყვართ, ჩემს ეზოში უფრო ჩრდილია და უჭირთ ყვავილობა.
ძალიან მიყვარს თევზაობა და ხშირად დავდივარ სათევზაოდ. რაიმე ლამაზ, ველურ ყვავილის, რომ ვნახულობ ბარით ვიღებ და მომაქვს ეზოში. ჩემი ბაღი ყველაზე ლამაზი გაზაფხულზეა, თვალს ვერ მოწყვეტ... ბეტონის კედელს სილამაზე, რომ არ გაეფუჭებინა კედელზე ავუშვი მწვანე სურო, რომელიც ულამაზესია.. რადგან მაღალსართულიანი კორპუსია, ხშირად ვკრეჭ, ძალიან მაღლა არ ავიდეს. კედელზე ახლობელს დავახატვინე შავკანიანი გოგო, რომელიც ძალიან ლამაზო გამოვიდა და ყველას ყურადღებას იქცევს.
ეზოში დაყენებული მაქვს ფერადი სანათები, რომელიც მზის ენერგიაზე იმუხტება და საღამოს ულამაზესი ფერებით ალამაზებს ეზოს.

- შვილები თუ გეხმარებიან?
- ორივე ძალიან დაკავებულია და თავისი საქმე აქვთ. მათი მოვალეობა ბაღში დასვენება და ამ სილამაზით ტკბობაა. ბაღი მთლიანად მე მაბარია. მყავს ასევე ოთხფეხა მეგობარი ლუი, რომელიც გვერდიდან არ მცილდება, შეიძლება ითქვას ეს ეზო მისი სამფლობელოა. ასევე ჩვენიო ეზოს ბინადარია ორი კუ და ზღარბი.

- როგორც ვიცი, ხშირად გსტუმრობენ ბავშვები...
- ბავშვები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მშობლებისგან რაიმე სწყინთ, ჩემთან გამორბიან, შენთან უნდა გადმოვიდეთ საცხოვრებლადო. ერთად ვაჭმევთ ფრინველებს. ხილს ვკრეფთ, ზოგს ერთად გეახლებით, ზოგსაც ვატან. როცა სახლში არ ვხვდები, თურმე ბუზღუნებენ, „ვაა, როდის მოვა ეს კაცი სახლში“. რომ დამინახავენ, მთელი უბნის ბავშვები ჟრიამულით გამორბიან და მეხუტებიან.
ძალიან მინდა, გალიებზე დისნეის მულტფილმის გმირები დავახატო. უფრო სახალისო იქნება და ჩემს პატარა სტუმრებსაც უფრო მოეწონებათ.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები