"15 წელიწადს თბილისში ვიცხოვრე, ქიზიყის სახლის ეზო მენატრებოდა... ბოლოს დაბრუნება გადავწყვიტე" - მოყვარული წნორელი მებაღის ზღაპრული დეკორაციები

მოყვარულ მებაღე-დეკორატორ მარიკა ხუციშვილს ქალაქ წნორში, საკუთარი სახლის ეზოში წალკოტი აქვს, რომელსაც მისივე ხელით შექმნილი დეკორაციები ამშვენებს. ხშირი მნახველის აღფრთოვანება მარიკას სტიმულს აძლევს, ყვავილნარი კიდევ უფრო გაამშვენიეროს და გაამდიდროს. "ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული, 5 ბავშვის მინდობით აღზრდა ვიკისრე და 7 წელია დედასავით ვუვლი", - მითხრა მარიკამ და თავისი გოგო-ბიჭები გამაცნო. დავათვალიერეთ ბაღი. აგურით ნაშენები დიდი სახლის თეთრ ოთახში ზღაპრული სამყარო დაგვხვდა. ბუხრის დეკორაციასთან პატარა, ფერად-ფერადი ქოხებია. როგორც აღმოჩნდა, ხელოვანის ერთ-ერთი გატაცება პატარა ქოხების აშენებაც ყოფილა. მარიკამ გვიამბო, რა გზა გაიარა,
სანამ ასეთ წალკოტს შექმნიდა.

- 15 წელიწადს თბილისში ვიცხოვრე. ქიზიყის სახლის ეზო მენატრებოდა და ბოლო დროს ქალაქური ცხოვრებაც გაუსაძლისი რომ გახდა, დაბრუნება გადავწყვიტე. საფერშლო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ რეგიონებში სამსახურის შოვნა ჭირს. საქმე თავად გამოვიჩინე და მინდობით ბავშვების მოვლის პროგრამაში ჩავერთე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის, დედმამიშვილების "დედობა" ვიტვირთე.

- თავადაც ხომ გყავთ შვილები?

- ორი ქალიშვილი და 5 შვილიშვილი მყავს. მინდობილი ბავშვების შინ მოყვანის ღამე არ დამავიწყდება - შემეშინდა, ამდენი პატარა არსებისთვის როგორ უნდა მიმეხედა. ყველაზე უმცროსი 2 წლის იყო. პატარამ როცა გაიღვიძა, ნამძინარევი გამოიქცა ჩემთან და ჩამეხუტა. ხუთივე ბავშვს შვილიშვილებთან ერთად ვზრდიდი და ერთმანეთისგან არ ვასხვავებდი. ბავშვებიც ისე დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებენ. ღმერთს მადლობა, ასეთი კეთილი საქმე რომ შემაძლებინა.

ბავშვები წამოიზარდნენ და ტვირთი შემიმსუბუქდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ხელსაქმე, სხვადასხვა დეკორაციის, მორთულობების კეთება და ოთახების მოკაზმვა. ტყეში ლამაზ ტოტებსა და ყვავილებს ვაგროვებდი და სახლში მომქონდა. სტუმრად თუ წავიდოდით, მასპინძელს ძველ ნივთებს ვთხოვდი, მათთვის ახალი სიცოცხლე რომ მიმენიჭებინა. ახლობლებმა იცოდნენ, რომ მუყაო არ უნდა გადაეგდოთ, რადგან მისგან პატარა სახლებს ვამზადებდი. ისეთ დეკორაციებს ვქმნიდი, ყველას უკვირდა, საიდან მოიფიქრაო.

პირველი დეკორაცია შობისთვის გავაკეთე - ბაგაში ახალშობილი იესო ჩავაწვინე, ძველი ცოცხისა და ხის ნაფოტებისგან დამზადებულ ქოხს თავზე ცისკრის ვარსკვლავი დავასვი. დეკორაციაში დაწნული ღობე ღვედკეცისგან დავამზადე. ეს მცენარე ალაზნის ახლოს, ვენახებთან ხარობს და ადვილად იწვნება. მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები მივდივართ ხოლმე და ვჭრით დეკორაციებისთვის. ყველაფერს ვიყენებ: ვაზის ტოტებს, ძველ ტანსაცმელს, ქვებს, ბალახს...

სიმართლე გითხრათ, ამ საქმეს ისეთი სიყვარულით ვაკეთებ, დეკორაციის გაჩუქება ძალიან მიჭირს, მაგრამ ერთ-ერთი საშობაო სახლი მოძღვარს მივართვი. კურიოზული სიტუაციებიც მაქვს ხოლმე. სიძეს როცა ვთხოვ, ქვა, მიწა მინდა და მომატანინე-მეთქი, მეხუმრება, სიდედრო, ასი წლის მერე იმ ქვეყნად რომ წახვალ, ქვა და მიწა იქაც გეყოფაო.

- ზღაპრულ სამყაროში ყოფნა ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში გეხმარებათ?

- არაერთხელ უთქვამთ, შენს ქოხებს რომ ვუყურებთ, კარგ ხასიათზე ვდგებითო. ქუჩაში სხვისთვის შეუმჩნეველ, გადაგდებულ ნივთს რომ დავინახავ, უკვე ვიცი, მისგან რას გავაკეთებ. გირჩებისგან ისეთი მორთულობები დავამზადე, ყველა აღფრთოვანდა. საშობაოდ ან სააღდგომოდ სახლის მორთვას რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებ. ზღურბლს გადმოაბიჯებ და ზღაპრულ სამყაროში მოხვდები. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება