მარიამ შალვაშვილი პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, თუმცა ამჟამად დიასახლისია და ძირითად დროს მებაღეობას უთმობს - შესანიშნავი ბაღი გააშენა თბილისში, ნაძალადევში, თავის ეზოში.
- საკმაოდ დიდი ადგილი უკავია მებაღეობას ჩემს ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ჩემი განუყოფელია, ჩემი სამყაროა, სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ბედნიერად. ჩემი სივრცე დიდი სითბოთი და სიყვარულით შევქმენი.
დღევანდელი სახე რომ მიეღო ამ ბაღს, რამდენიმე წელი დმჭირდა. თუმცა რამდენიმე დღეშიც შესაძლებელია ეზოს გამწვანება, მთავარია სურვილი და მონდომება, და რაც მთავარია, სიყვარული. ზოგადად ნებისმიერი საქმე ადამიანმა სიყვარულით უნდა აკეთოს. არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არაა საკმარისი,
- მცენარეები რა პრინციპით აარჩიეთ ბაღისთვის და დეკორაციაზე ვინ იზრუნა?
- მიყვარს ძალიან ყვავილები, ვარდები და ზოგადად სიმწვანე, სულიერად ვისვენებ და ვმშვიდდები. ძირითადად მე ვზრუნავ და ჩემი მეუღლე მეხმარება (მეუღლე და ორი შვილი მყავს). მთელი ეზო მისი მოპირკეთებულია, ეზოს დიზაინიც ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. უამრავი ნივთი და დეკორაციაა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ჩემი ბაღი ჩემი სიამაყეა, ჩემი პატარა სამოთხე. შინაგანად ორივე ხელოვანი ადამიანები ვართ, თუმცა რეალურად სხვა პროფესიები გვაქვს. ოჯახის სხვა წევრებიც იზიარებენ ამ გატაცებას, თუმცა ეზოზე მონოპოლია ძირითადად მე მაქვს აღებული.
ვეძებ და ვიყენებ ყველა ნივთს და საშუალებას, რათა უფრო საინტერესო და ლამაზი გავხადო ჩემი ეზო... დიდი მოვლა და ყურადღება უნდა ეზოს და მუდმივი შრომა, მოვლა. მებაღის მთავარი ატრიბუტებია ბარი, თოხი, ფოცხი, ცოცხი და უამრავი ხელსაწყო. ოჯახის საქმეების მომთავრების შემდეგ ეგრევე ეზოში ვეფლობი თავიდან ბოლომდე. ისე გადის დრო, რომ ვერც კი ვხვდები, როგორ მოსაღამოვდა. საკუთარ თავთან და ჩემს გოგოებთან ვრჩები და თავს ბედნიერად ვგრძნობ - "გოგოებს" ვეძახი ჩემს ყვავილებს. გოგო მინდოდა და რაკი არ გვყავს, ჩემი მცენარეები არიან ჩემი გოგოები.
- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს და მათ, ვისაც უნდა, ასე გაალამაზოს ბაღი? როგორ უნდა მოიქცნენ, რა არის მთავარი გასავლელი ეტაპები?
- აუცილებლად სითბოთი და სიყვარულით მოეკიდონ ამ საქმეს, საკმაო შრომა და ძალისხმევაა საჭირო მიზნის მისაღწევად. ხელი არ უნდა ჩაიქნიონ არავითარ შემთხვევაში, რადგან დრო სჭირდება გაზრდას და მცენარეების გახარებას, ზოგი ამოვა, ზოგი - არა. მეც თავიდან არ ვიცოდი ამდენი, ერთ წელს რომ რაღაც ყვავილი ჩავრგე და მერე არ ამოვიდა, გული დამწყდა, გამიფუჭდა-მეთქი. თურმე ერთწლიანი მცენარე ყოფილა, ესეც ცოდნა და გამოცდილებაა. მცენარეები გრძნობენ სითბოს და სიყვარულს, ისინი გისმენენ და სიყვარულითვე გპასუხობენ თავიანთი ყვავილებით. გიყვარდეთ ის, რასაც ქმნით და აკეთებთ.