ზაფხულში სრულყოფილად დასვენება წარმოუდგენელია ზღვისა და მზის გარეშე. ვისაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაპიროზე ნებივრობის საშუალება არა აქვს და არც იმის, რომ სახლში დიდი აუზი ჰქონდეს, გამოსავალს გასაბერ ან ასაწყობ აუზებში ხედავს. ასეთ აუზებს მთელ მსოფლიოში იყენებენ, განსაკუთრებით, ბავშვიანი ოჯახები. საბედნიეროდ, ზრდასრულ ადამიანებსაც აქვთ ამგვარ აუზებში გაგრილების საშუალება, ამიტომ ზაფხულობით ამ ნივთზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. გასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი აუზი, რა უნდა იცოდეთ მის ხარისხზე, ნაკლსა თუ ღირსებებზე.
ხარისხიანი გასაბერი აუზები პოლივინილქლორიდის 3 ფენისგან შედგება. ეს მასალა განსაკუთრებით გამძლეა. განსაკუთრებით
გასაბერი აუზების ზომები
აუზი, რომლის სიმაღლე 20 სმ-ს არ აღემატება, 1,5 წლის ასაკის ბავშვისთვის გამოდგება;
500 სმ სიმაღლის მქონე აუზში 1,5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვი თავსდება;
თუ აუზის სიმაღლე 70 სმ-ს არ აჭარბებს, 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი;
110 სმ სიმაღლე საკმარისია 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის;
120 და მეტი სიმაღლის აუზები კი ზრდასრული ადამიანებისთვის გამოიყენება.
ყიდვისას გაითვალისწინეთ:
დიდ აუზებს (70 სმ-ზე მაღალი) აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ფილტრი და გადასაფარებელი ტენტი, რათა წყალში ნაგავი არ ჩაცვივდეს; ძირს დასაფენი, რათა ფსკერი დაზიანებისგან დაცული იყოს; სპეციალური კიბე, რათა აუზში ჩასვლა კომფორტულად შეძლოთ; სპეციალური ბადე, რითაც აუზში ჩავარდნილი ნივთების ამოღებას შეძლებთ.
გასაბერი აუზის უპირატესობა:
შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე განათავსოთ და ამისთვის სპეციალური სამუშაოების ჩატარება არ დაგჭირდებათ - სადაც წახვალთ, იქ მოიწყობთ აუზს.
ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ნამდვილი აუზი;
მის მოვლას სპეცტექნიკა და ხარჯი არ სჭირდება;
უარყოფითი მხარეები:
რაც არ უნდა ხარისხიანი და ბევრი ფენისგან შედგებოდეს, მისი კედლების დაზიანების რისკი მაინც ყოველთვის მაღალია.
განიცდის ულტრაიისფერი სხივების უარყოფით ზემოქმედებას;
პერიოდულად გაბერვა სჭირდება, რადგან ჰაერი მაინც "იპარება".
წყალი მასში ადვილად ფუჭდება, სახლდებიან მიკროორგანიზმები, ამიტომ წყლის გასუფთავებაზე მეტად უნდა იზრუნოთ. საამისოდ სპეციალური ქიმიური პრეპარატებიც გამოიყენება.
წყლის გამოცვლისას სად უნდა დაღვაროთ ასობით ლიტრი წყალი? ამაზეც ზრუნვა მოგიწევთ.
ამ აუზებში გაგრილდებით, მაგრამ ცურვა გაგიჭირდებათ.
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი აუზი?
შეძენისას შეამოწმეთ, არის თუ არა პოლივინილქლორიდით დამზადებული, რამდენფენიანია კედლები, ფსკერი და რა სისქისაა ეს ფენები.
უპირატესობა მიანიჭეთ მოდელს, რომელსაც ფსკერიც გაბერილი აქვს. ამით აუზში დაცემისას ტრავმისგან დაზღვეული იქნებით.
არ დაგავიწყდეთ, მოიკითხოთ, მოჰყვება თუ არა აუზს დასამაგრებელი თოკები - ყველაზე დიდი აუზიც კი ადვილად გადაყირავდება, თუ საიმედოდ არ არის გამაგრებული. ასევე მოიკითხეთ სპეციალური წებო - თუ აუზი დაზიანდა, ჩვეულებრივი წებო არ გამოგადგებათ - არათუ ვერ დააწებებს, უფრო გააღრმავებს დაზიანებას.
დაინტერესდით, რა გზით ჩაედინება და გამოედინება წყალი აუზის დაცლა-ავსებისას - უკეთესია, თუ ეს მილით ხდება. თუ ტუმბოთი უნდა ამოიღოთ ან ხელით ჩაასხათ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ჯობს თავი შეიკავოთ.
აუზს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, ერთწლიანი გარანტია. თუ ეს არ აქვს, ჩათვალეთ, რომ საეჭვო პროდუქტს ყიდულობთ.
რამდენ ხანში უნდა გამოცვალოთ წყალი?
თუ სპეციალურ წყლის გამწმენდ ქიმიურ ნივთიერებას იხმართ, შეგიძლიათ მთელი თვე მშვიდად იყოთ. ხოლო თუ ქიმიის გარეშე ბანაობთ, წყლის შეცვლა თითქმის ყოველ საღამოს მოგიწევთ, აუზის დაცლა საღამოს დაგეგმეთ, რათა წყალი ბაღის მოსარწყავად გამოიყენოთ. თუმცა, თუ ქიმიურადაა დამუშავებული, მისით ვეღარ მორწყავთ.
როგორ შევინახოთ?
საბანაო სეზონის დასრულების შემდეგ აუზი წყლისგან დაცალეთ და ცოტა ხნით გაშრობა აცადეთ. კარგად გაწმინდეთ და ჰაერი გამოუშვით. დაფუშულსაც მალევე ნუ შეინახავთ, აცადეთ, კარგად გამოშრეს.
ასაწყობი აუზი
რაც შეეხება ასაწყობ აუზებს, მათ კარკასი აქვთ და მარტივი ასაწყობია. ხშირად მოჰყვება მოვლის საშუალებებიც და კიბეც. კარგი ხარისხის უნდა შეარჩიოთ, მყარი კარკასით. სხვათა შორის, ასაწყობი აუზიც კარგი არჩევანია, რადგან გაცილებით ადვილი მოსავლელია, ეკონომიურია და სეზონზე რომ მოგემსახურებათ, მისი დაშლა და შენახვაც შეიძლება.
ასაწყობ აუზებს ხშირად ხის საფარს უკეთებენ გარშემო და ვიზუალურად ჩვეულებრივ აუზს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, ბევრი ოჯახი ამგვარ აუზებსაც ანიჭებს უპირატესობას.