"სვანეთის ბუნებით ყოველ ზაფხულს აკუმულატორივით "ვიტენები", რაც მთელ წელიწადს მყოფნის... დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ბუნებას. როგორც სვანეთში გაზრდილს, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მასთან. ჩემი ბავშვობა ძალიან ჰგავს ვაჟას "გველისმჭამელის" მინდიას, იმ დონემდე ვიყავი მისული, ლამის ფრინველთა და ცხოველთა ენაც მესმოდა. მთის მდინარის ხმაური იყო ჩემი იავნანა... ასეთ გარემოში ვიზრდებოდი", - ამბობს ქართველი ტენორი, საოპერო მომღერალი გიორგი (გია) ონიანი, რომელიც წლებია, უცხოეთში მოღვაწეობს და მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო სცენებზე გამოდის. ოჯახით გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბონში ცხოვრობს, მწვანეში ჩაფლულ სახლში. სხვადასხვა მცენარით სავსე ეზოს ბატონი
სად არ წამიყვანა ცხოვრებამ, მაგრამ ბუნების სიყვარული არასდროს გამნელებია... უდიდეს ენერგიას ვიღებ, როცა დროს ბუნებაში ვატარებ, ამიტომ ყოველ ზაფხულს სვანეთის ბუნებით აკუმულატორივით "ვიტენები", რაც მთელ წელიწადს მყოფნის...
- პედაგოგების ოჯახში იზრდებოდით, მიწასთან შრომას პატარაობიდან შეგაჩვიეს?
- როგორც ჩემი თანასოფლელები, მშობლებს მეც ვეხმარებოდი და ვშრომობდი: ვხნავდი, ვთესავდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, ძროხაც მომიწველია, ყველიც ამომიყვანია, ყურძენიც დამიწურავს და თუ ვინმე ქვრივ-ობოლი იყო, ყველას ვეხმარებოდი... კაკლის ბერტყვა მიყვარდა, ხეებზე ცოცვა და მაუგლივით ხიდან ხეზე ხტომა.
- დღეს გერმანიაში ცხოვრობთ და გაქვთ სახლი ეზოთი, თავად უვლით მას?
- ვცხოვრობ ბონში, ქალაქში, რომლის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყე-პარკებს უკავია. ტრანსპორტის გამონაბოლქვი მკაცრად კონტროლდება და შედეგიც სახეზეა, ჰაერი სავსეა ჟანგბადით.
ეზოიანი სახლი ჩემი ოცნება იყო. მართალია, დიდი არ არის, მაგრამ საკმარისია ჩემი მინისამოთხის მოსაწყობად. შინ ადამიანი უნდა ისვენებდეს, ამიტომ, თუ ცუდი ამინდია, თავისუფალ დროს მინით გადახურულ ტერასაზე ვატარებ. კარგ ამინდში მზისგულზე ვწვები და ვირუჯები. განაგრძეთ კითხვა