თბილისში, ვარკეთილში, მანელოვების ეზოში შესვლისთანავე ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი - ალბერტ მანელოვის საკუთარი სახლის ეზოში უნიკალური სახეობის ფრინველები ბინადრობენ.
"ბევრჯერ მქონია შემოთავაზება და შესაძლებლობაც, რომ უფრო პრესტიჟულ ადგილას მეცხოვრა, მაგრამ უარი ვთქვი, ამ ფრინველებთან ერთად სამყოფელს ვერ შევიცვლიდი, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდაო", - გვითხრა მან.
- ჩემთვის მეფრინველეობა პროფესიაცაა, ჰობიც და ცხოვრების წესიც. სამი ძმა ვართ, სამივეს მეფრინველეობა გვიტაცებდა. დავიწყეთ მტრედების მოშენებით. მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ? მტრედებიდან ქათმებზე გადავედით, მერე ხოხბები მოვაშენეთ. სულ გვინდოდა ფარშავანგები გვყოლოდა. ვოცნებობდი თეთრ
ჩვენ ბერძნები ვართ. 90-იან წლებში ჩემი ძმები საბერძნეთში გადასახლდნენ. ახლა იქიდან მეხმარებიან - თუკი რამე იშვიათი სახეობის ფრინველი მყავს, მათი დამსახურებით. დადიან, ეძებენ, შოულობენ, ყიდულობენ და მიგზავნიან.
ქათამი
დაახლოებით 12 ჯიშის ქათამი მყავს. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ იშვიათ სახეობაზე გიამბობთ. ქათამი იყოფა სამ კატეგორიად: დეკორატიული, მეკვერცხული და მეხორცული. მაგალითად, ფენიქსი დეკორატიული სახეობის ქათამია, ხოხბის და ქათმის ნაჯვარი, იაპონელებმა გამოიყვანეს. მისი სილამაზეა გრძელი, 2 მეტრამდე კუდი. თუმცა, მსოფლიოში არსებობენ რეკორდსმენი ფენიქსებიც, რომელთაც 12 მეტრამდე სიგრძის კუდი აქვთ. მყავს მოჩხუბარი ჯუჯა ქათმები: ახალინგლისური ჯუჯა საბრძოლო და ძველინგლისური ჯუჯა საბრძოლო სახეობები.
- ეს ქათმები მაღალ ფეხებზე დგანან და გაწვრთნილი ჯარისკაცებივით დააბიჯებენ. საიდან მოხვდნენ თქვენთან?
- ბულგარეთში გამოფენაზე მყავდა ჩაყვანილი ეგვიპტური გვრიტი. დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. წამოსვლისას ჯუჯა ქათმებში გავცვალე.
მყავს ალთაური ბენტამი, სუმო, ვერცხლისფერი სიბრაიტი. მეკვერცხული სახეობის ქათმებიდან გამოვყოფდი არაუკანს. ის თითქოს არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქათმისგან, მაგრამ საინტერესოა იმით, რომ დებს მწვანე შეფერილობის კვერცხს. ერთი არაუკანის კვერცხი კალორიებით 60-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ქათმისას. არაუკანი წელიწადში დაახლოებით 250-280 კვერცხს დებს. ქათმის კიდევ ერთი საინტერესო სახეობაა ავსტრალოპი, რომელიც იმით არის გამორჩეული, რომ ერთდროულად მეკვერცხულიცაა, მეხორცულიც და ესთეტიკურადაც საუცხოო სანახავია. ავსტრალოპი წელიწადში 300-320 კვერცხს დებს. მისი წონა კი 8 კილოგრამს აღწევს.
ხოხობი
კოლექციაში 7 სახეობის ხოხობი მყავს: მანჯურიული, სამრეწველო ფერმის ხოხობი თეთრი შეფერილობისაა. დღეს ის იშვიათ სახეობას წარმოადგენს.
ოქროს ხოხობი, რომელიც ჩემს კოლექციაშია, კარგად მრავლდება, მაგრამ ძალიან ავია. თანაც 1 დედალი არ ყოფნის, 2-3 მაინც სჭირდება. ოქროს ხოხბის ნაირსახეობაა ბაჯაღლოს ხოხობი. ის უფრო დინჯია. ალმასისებრ ხოხობს 4-5 დედალი უნდა ჰყავდეს.
მყავს სამეფო ხოხობი. სამეფო იმიტომ ჰქვია, რომ თავზე გამოკვეთილი თეთრი ბუმბული აქვს, თითქოსდა გვირგვინიაო, გრძელი კუდიც სამეფო იერს აძლევს. ძალიან ლამაზია და, რაც მთავარია, იშვიათია ვერცხლის ხოხობი. უიშვიათესია სიამის ხოხობი. ის ყველაზე ძვირად ფასობს. 1 წყვილის ფასი 1.500 დოლარს აღწევს, რადგან ძნელად მრავლდება. წელიწადში მხოლოდ 6-7 კვერცხს დებს.
იხვი
ამ კოლექციის მშვენებაა იხვი მანდარინი. მისი სამშობლოა ციმბირი, ბაიკალის ტბის მიდამოები, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ცივი ადგილები. ძირითადად ხის ფუღუროებში ბინადრობს. საინტერესოა, რომ მისი 1 დღის ჭუჭულები 25 მეტრი სიმაღლიდან ხტებიან.
- როგორ შეეგუა თბილ საქართველოს ეს იხვი?
- მშვენივრად. მამალი უფრო ლამაზია. ძალიან ძნელად მრავლდება. მისი წყვილი 1.000 დოლარი ღირს.
ფარშავანგი
- ფარშავანგი საქართველოში არ არის იშვიათობა.
- ამ დეკორატიული ფრინველის ყველაზე იშვიათი სახეობაა თეთრი ფარშავანგი. ამ კოლექციიდან წაყვანილი თეთრი ფარშავანგები პატარკაციშვილებთან რომ დავინახე, თვალს ვერ ვწყვეტდი. მწვანე მინდორზე მართლა პატარძლებივით დააბიჯებდნენ. აქ იგულისხმება არა ალბინოსი ფარშავანგი, რომელიც ჩვეულებრივ ნაყოფს იძლევა, არამედ თეთრი, რომელიც თეთრ წიწილას ჩეკს. ეს სახეობა მეცნიერებმა გამოიყვანეს. ძნელი გასაზრდელი და გასამრავლებელია. ამიტომაც მისი ზრდასრული წყვილი 5 ათას დოლარად ფასობს. საქართველოში თეთრი ფარშავანგი მხოლოდ მე მყავს, ზოოპარკსაც მე მივეცი.