ოთხი შვილის დედა, რომელმაც თბილისთან ახლოს მეფრინველეობის ფერმა მოაწყო - "თავიდან სკეპტიკურად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას"

უკვე ორი წელია, კერამიკოსი ეთო კაპანაძე მეფრინველეობას მისდევს. დაუღალავი შრომის შედეგად ეთოს ფერმაში ასობით იხვი, ინდაური, ქათამი, მწყერი და კურდღელი ჰყავს. ამასთან, მუშაობს საჯარო სამსახურში და რაც მთავარია, ჰყავს ოთხი შვილი. მიუხედავად ყველაფრისა, არც ოჯახს აკლებს ყურადღებას, ენერგიას და არც საყვარელ საქმეს. ფრინველს მხოლოდ ნატურალური საკვებით კვებავს. თვლის, რომ ადამიანები არ უნდა მოატყუო და შესთავაზო ის, რასაც საკუთარი ოჯახისთვის და შვილებისთვის გაიმეტებ.

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- პროფესიით გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერი ვარ. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ცვხოვრობთ თბილისთან ახლოს,
დიდ ლილოში, სადაც მაქვს ფერმა. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს. ჩემი ჰობია ბუნებაში სეირნობა, ფერმერობა, თუმცა იმდენი საქმე მაქვს, ხშირად სასეირნოდ ნამდვილად ვერ ვიცლი. ვმუშაობ საჯარო სამსახურში.

- როგორც მითხარით, კერამიკოსი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და მუშაობთ თუ არა ამ მიმართულებით?
- დიახ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კერამიკოსი ვარ. ვერ გეტყვით მტკიცე მიზეზს, თუ რატომ გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა. ხშირად მაქვს სხვადასხვა სურვილები და ოცნებები, რის ახდენასაც სამყაროს ხელშეწყობით უმეტესად ვახერხებ. ამ წუთას არ ვხატავ. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. არც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, თუმცა აკადემიაში მიღებულმა ცოდნა-განათლებამ ბევრ რამეში შემიწყო ხელი. თუნდაც ჩემი ფერმის გვერდის მართვაში.

- საკმაოდ დიდი ფერმა გაქვთ. ამხელა ფერმის გაკეთება არც ისე მარტივია. ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- ოჯახი თავიდან სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა ძალიან მალე ჩემზე მეტად დაინტერესდნენ და დღეს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიბრძვით მიზნისთვის. რომ არა ლევანი, მე ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი.

- როგორ დაიწყო თქვენი ფერმერული ცხოვრება და დღეს რას მოიცავს თქვენი მეურნეობა?
- რთული გზა გამოვიარეთ, არ იყო მარტივი. ჩემი მეურნეობა დღეს 200-ზე მეტ იხვს მოიცავს. მყავს ასევე ინდაური, ქათამი, მწყერი და კურდღელი.

- მათ მოვლას მარტო ახერხებთ თუ გეხმარებათ ვინმე?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეუღლე და დედა მიდგანან გვერდში. მეუღლის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამხელა ენერგიის გაღება. შვილებიც გარკვეულწილად ჩართულნი არიან ამ საქმიანობაში და ძალიან მიხარია.

- სოფელში ცხოვრებას, ფერმერობას ყოველთვის ახლავს სირთულეები, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც შორიდან ჩანს. თქვენ ყველაზე ხშირად რა სირთულეებს აწყდებოდით?
- თავისთავად რთულია, სამსახური, ოჯახი, ფერმა... თუმცა როცა სოფელში ცხოვრობ, აუცილებელია მიწასთან, ფრინველთან, ცხოველთან ურთიერთობა კარგი თერაპიაა. უმეტესად არ მრჩება დრო იმისთვის, რომ "ქალური სურვილები“ ავისრულო. თუმცა ტუჩსაცხის წასმის უდროობის სევდას, ტბაზე, ან დიდ ფერმაზე ოცნებები მიქარვებს.

მეუღლესთან ერთად (ზაზა ნიკოლოზიშვილის ფოტო)

- ოთხი შვილის დედა ხართ. როგორ უთავსებთ ერთმანეთ შვილების მოვლას და თქვენს საქმიანობას? რთული არ არის?
- რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ მათ თავის წილ ყურადღებას არასოდეს ვაკლებ. როცა ვშრომობთ, შვილები უმეტესად ჩვენს გვერდით არიან. მათი ასაკის შესაფერისად საქმდებიან ფერმაში. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- უკვე გადავდგით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი და იჯარით ავიღეთ დიდი ფერმა. სადაც მეტი ფრინველი გვეყოლება. ავიხდენ ოცნებას და გვექნება ტბა, სტუმრებისთვის კუთხესაც მოვაწყობთ. გეგმა მაქვს, რომ ჩემი ფერმა არ ჰგავდეს ტიპიურ ფერმებს.

ეთი კაპანაძე შვილებთან ერთად (ზაზა ნიკოლოზიშვილის ფოტო)


მერი ბლიაძე

კომენტარები

ანა ბაღდავაძე 2021-03-25 12:32
სამაგალითო ადამიანი და ქალი
ნანა 2021-02-14 20:59
წარმატებები და ოცნებების ასრულება ეთო....
ნანა 2021-02-14 19:17
რა ლამაზები არიან ფიზიკურადაც, გამრავლდით კიდევ რა!!!!
მაია 2021-02-14 11:08
ბევრი, ბევრი წარმატებები, ეთო
ლეკა 2021-02-13 19:15
ღმერთმა გაგახაროთ და გაგამრავლოთ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები