მირიანაშვილების საოჯახო მეურნეობა და მდინარე ჩელთის ნაპირას დაწურული ღვინო პრინც ჰარის ქორწილში 

კარგია, როცა ჩანაფიქრი, იდეა ამართლებს, რადგან ხორცის შესასხმელად თავდაუზოგავად მუშაობ, გჯერა, რომ შრომა შედეგს მოიტანს. მირიანაშვილების საოჯახო მეურნეობის ამბავი კარგა ხანია ყვარელს გასცდა და მათი პროდუქცია სხვადასხვა კონტინენტზე იყიდება. იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, მდინარე ჩელთის (ჩელეთის) ნაპირას დაწურული ღვინო, პრინც ჰარის ქორწილში ჭიქებში რომ ჩამოისხმება.

ანა მირიანაშვილი:

- ჩვენს მეურნეობას საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა. ეს კომპანია მამაჩემმა, გიორგი მირიანაშვილმა დააარსა. ოჯახი 100 წელზე მეტია მეღვინეობას მისდევს. წარმოშობით შილდელები ვართ, ეს ჩვენი წინაპრების სოფელია. მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მიწის
შეძენიდან. მანამდე მიწის არაერთი ანალიზი ჩაატარა. დიდხანს ეძებდა საქართველოში საუკეთესო ნიადაგიან ადგილს, ვენახისთვის საჭირო მიკროზონას. საბოლოოდ არჩევანი საკუთარ სოფელზე შეაჩერა. ულამაზესია კავკასიონის მთების ძირას გაშენებული ვენახი, დღისით მზეა, საღამოობით კი კავკასიონიდან ქარი უბერავს. ტემპერატურის ცვალებადობა დღესა და ღამეს შორის ყურძნის ხარისხზე კარგად მოქმედებს. აქაურობას გუნაშაურსაც ეძახიან და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. ყურძნის ხარისხს ნიადაგიც განსაზღვრავს. უმეტესად საფერავი ჯიშები გვაქვს, თუმცა ჩვენი ტერიტორია ქინძმარაულის მიკროზონადაც ითვლება.

- ვენახი და ღვინის გადამმუშავებელი საწარმო ერთ სივრცეშია. ეს შრომასაც აადვილებს და პროდუქტის ხარისხზეც დადებითად მოქმედებს.

- ვენახი, რომელიც 80 ჰექტარზეა გაშენებული, და ღვინის საწარმო, მარანი - ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა. გვაქვს როგორც ტრადიციული ქვევრების მარანი, ისე ცისტერნებიც. ყურძენი დაკრეფიდან 15 წუთში მუშავდება საწარმოში, არ ყოვნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაკრეფილი ყურძენი ტრანსპორტირებისას სანამ ადგილამდე მივა, სიცხის გამო ხშირად ფუჭდება. მამა 6 წელიწადს ელოდებოდა, ვენახი იქამდე მისულიყო, რომ სათანადო ხარისხის ყურძენი მოეყვანა. პირველი ღვინო 2007 წელს დავაყენეთ.
კიდევ გვაქვს 20 ჰექტარი, გვინდა ბიოვენახი გავაშენოთ. საერთოდ, ვენახში მინიმალურად ვერევით, მაგრამ ბიოკატეგორია ჯერ არა გვაქვს.

- შვილები, ანუ ანდრია, თქვენი ძმა, და თქვენც აქტიურად ხართ ჩართული ამ საოჯახო მეურნეობაში.

- ბავშვობიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს. ჩვენი სურვილიც იყო, შეგვესწავლა ეს საქმე. შემდეგ ევროპაში ვსწავლობდით, თუმცა პარალელურად ამ საქმეში მაინც ვმონაწილეობდით. სწავლა რომ დავამთავრეთ, სრულფასოვნად ჩავერთეთ. რამდენიმე წელია, კომერციული ნაწილი - გაყიდვები ჩვენ ჩავიბარეთ.

ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ოჯახური მემკვიდრეობა, ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენ გამგრძელებელი ვართ. ღვინო იმდენად საინტერესო პროდუქტია, თუ მასში მთელი სული და გული არ ჩადე, კარგი არ გამოვა. ეს ის საქმე არ არის, ერთ-ორ თვეში რომ მიაღწევ წარმატებას. მამაჩემის დაწყებული საქმის საბოლოო შედეგს უკვე ჩვენი შვილები დაინახავენ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება