21 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც კონფლიქტის ზონაში მეურნეობა მოაწყო და ახალგაზრდებს სოფელში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ცხინვალთან ახლოს, გორის რაიონში, სოფელ ზემო ხვითში ალექსანდრე მელანაშვილი მშობლებთან, ორ ძმასა და ორ დასთან ერთად ცხოვრობს. 2008 წლის ომის შემდეგ სოფელი დაცარიელდა, ახალგაზრდებმა ქალაქს მიაშურეს, რის გამოც ალექსანდრე დიდ გულისტკივილს გამოთქვამს. უამრავი პრობლემის და სირთულის მიუხედავად, მისმა ოჯახმა სოფელში დარჩენა გადაწყვიტა. დღეს ალექსანდრეს დიდი მეურნეობა აქვს, რომელიც ოჯახის დახმარებით, თანადგომით წარმატებულ და შემოსავლიან საქმიანობად აქცია.

21 წლის სტუდენტი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და თანატოლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სოფელი, დაამუშაონ მიწები, მოიყვანონ ნატურალური პროდუქტი, რაც ქვეყანასაც სასიკეთოდ წაადგება და მათ ოჯახებსაც.

 

-

ჩემი სოფელი ზემო ხვითი ცხინვალთან ახლოს, დახლოებით 500 მეტრში მდებარეობს. ჩემს სოფელს და ცხინვალს ერთმანეთისგან ყოფს სასაზღვრო ზოლი. 2008 წლის ომმა ძალიან დააზარალა ჩვენი სოფელი. ხალხს გაუჭირდა ცხოვრება. ჩემი სოფლის ხალხი მეხილეობას და მებოსტნეობას მიყვება. ჩვენი შემოსავლის წყარო სწორედ მეურნეობაა. ჩვენი სოფელი ახალგაზრდებისგან დაიცალა, თითქოს აღარავის უნდა მიწაზე შრომა.  ურჩევნიათ ქალაქში მუშად ან დაცვაში მუშაობა.

- როგორ მოვიდა სათბურის შექმნის იდეა?
- სოფელში შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა სასათბურე მეურნეობებზე პროექტები. მანამდეც მქონდა სურვილი გამეკეთებინა სათბური. დავწერე პროექტი, რომელმაც დაიმსახურა მოწონება და დამაფინანსეს. თუმცა ყველაზე რთული გზა წინ იყო. უნდა ამეწყო სათბურისთვის კონსტრუქცია, რაც არც ისე მარტივი საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები, მშობლები. მათი დახმარებით გავაკეთე სათბურის მონტაჟი.

- რა პროდუქტს აწარმოებთ?
- ძირითადად სათბურს ვამუშავებ. ადრე გაზაფხულზე და გვიანშემოდგომით ვაწარმოებ კიტრს, პომიდორს, მწვანილებს ვიყენებ საჩითილედაც.

მე ვფიქრობ, რომ მიწაზე შრომა პირველ რიგში აკეთილშობილებს ადამიანს. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი მოყვანილი მოსავლით ამარაგებ ადამიანებს. გიხარია, როცა შენი ნაშრომის შედეგს ხედავ, პატარა ბავშვივით უვლი მცენარეებს, სათუთად გაზრდი თითოეულ მათგანს, მერე მოსავალს მოგცემს და შენი შრომის საფასურსაც იღებ.

- იცოდით მიწის დამუშავება, მოსავლის მოყვანა, თუ რაც სათბურის აშენება გადაწყვიტეთ, ამის მერე ისწავლეთ?
- მქონდა ოჯახური გამოცდილება. პატარაობიდანვე ვეხმარებოდი მამას სამეურნეო, საოჯახო საქმეებში, სწორედ აქედან დამიგროვდა გამოცდილება. დღეს ეს ძალიან მეხმარება. პირველ წელს ცოტა გამიჭირდა, გამოუცდელი ვიყავი. გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანებს ვეკითხებოდი რჩევებს. მაგრამ შემდეგ უფრო დავხვეწე და პრაქტიკაში ბევრი რამე ვისწავლე.

- რეალიზებას სად ახდენთ?
- რეალიზაცია არ მიჭირს. დიდი მოთხოვნაა სასათბურე პროდუქციაზე. ვაბარებ ხოლმე ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზარში.

- სათბურის გარდა გაქვთ მიწის ნაკვეთი და ხეხილის ბაღი…
- დიახ, ვეწევი სხვადასხვა მეურნეობას. მაქვს ჰექტარა-ნახევრამდე ატმისა და ვაშლის ბაღი. წელს დაახლოებით ათას ყუთამდე მოსავალს ველოდებით. მაქვს კიდევ ერთი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, სადაც დათესილია კიტრი, პომიდორი და კარტოფილი.


- როგორ ახერხებთ გაუძღვეთ ასეთ დიდ მეურნეობას?
- მთავარია, შრომა არ დაგეზაროს და ყოველთვის ყველაფერი გამოვა. ძალიან მეხმარება მამაჩემი, მამხნევებს, მაძლევს სტიმულს, მიზიარებს გამოცდილებას, ფიზიკურად გვერდში მიდგას. ერთად ვშრომობთ, ვწვალობთ და შედეგიც არ აყოვნებს.


- კონფლიქტის ზონაში ხალხი რამდენად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში?
- ჩვენს სოფელში დიდი რაოდენობით მიწა დამუშავდა სახელმწიფოს ხელშეწყობით. უფასოდ მოუხნეს ხალხს მიწის ნაკვეთები. ამან ძალიან შეუწყო ხელი ხალხის გამოცოცხლებას, მიწით დაინტერესებას. წინა წლებთან შედარებით ახლა უფრო მეტი მიწაა დამუშავებული.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა, დამწყებ მებაღეებს?
- პირველ რიგში ახალგაზრდებს ვურჩევ, სოფელი არ დატოვონ. ჩემს სოფელში არის ძალიან დიდი ბუნებრივი რესურსი. ადამიანი თუ იშრომებს, აუცილებლად ექნება კარგი მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება გარკვეულ სირთულეებს წააწყდე, მაგრამ თუ პატიოსნად იშრომებ, უფალი აუცილებლად შეგეწევა. შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მთავარია მონდომება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლამარა 2016-08-24 16:11
დაგელოცოს მარჯვენა საყვარელო!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები