ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ყოფილი მოდელი და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი - ნინო ორდენიძე ოდესმე სოფლის მეურნეობის საკითხებით ასე დაინტერესდებოდა. ის წყნეთში, საკუთარ აგარაკზე, მებოსტნეობამ გაიტაცა და ამ საქმეს სერიოზულად მიჰყო ხელი...
- ბოსტნის გაშენება დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ამ საქმეს თავი წელს მოვაბი. საუკეთესო მეზობლები მყავს და მწვანილზე სულ მათთან დავრბოდი, ისინიც სიამოვნებით მიშვებდნენ თავიანთ ბოსტნებში. ბოლოს მომერიდა და გადავწყვიტე, საკუთარი მწვანილი მომეყვანა. არადა, ნათელა დეიდა ისეთი საყვარელი ქალია, როცა კი მწვანილს ვთხოვდი, მეუბნებოდა, - მიდი, შვილო, გადადი და
- რა ფართობი დაუთმე ბოსტანს?
- ალბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფართობი მთელ ეზოში ცალკეა გამოყოფილი. მოკლედ, ბოსტნისთვის ადგილი სპეციალურად შევარჩიე. ჯერ დავბარეთ და მიწა გავასწორეთ, მერე კვლები გავაკეთეთ, ნაყიდი მქონდა დიდი რაოდენობით მწვანილების თესლები (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა, პიტნა), ქინძის თესლი ნათელა დეიდამაც მომცა და ამ მწვანილის კვალი ყველაზე დიდი გამოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ ვგიჟდები ქინძზე, კერძებში დიდი რაოდენობით ვიყენებ, ისევე, როგორც ნიორს. მაქვს წითელი ბულგარული და წითელი მწარე წიწაკაც. დავრგე პომიდვრის ჩითილები, დავთესე კიტრიც.
- 300 კვადრატი არცთუ ისე პატარა ფართობია ბოსტნისთვის.
- კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზაფხულში ეს მწვანილი გამომადგება... გაზაფხულზე წვიმები რომ იყო, ყველა წუხდა ამაზე, მე კიდევ მიხაროდა, რადგანაც ნათელა დეიდამ მითხრა, წვიმა ბოსტნისთვის მისწრებააო. ჰოდა, წვიმიანი ამინდები რომ მიხაროდა, მეგობრებთან ვამბობდი, - რა კარგია, ბოსტანს მოუხდება-მეთქი. გაოცებულები მიყურებდნენ, - ცოტა ხომ არ გააფრინაო... სანამ წყნეთში ამოვიდოდით, ჩემი მეზობელი დილა-საღამოს ჩვენს ბოსტანს დამატებით რწყავდა. მწვანილი, სადაც მზე მეტად ხვდებოდა, უკეთესად წამოვიდა, წითელი წიწაკა ცოტას კი ჭირვეულობდა, - მეუბნებოდნენ, არ დათესო, გაგაწვალებსო, მაგრამ ვგიჟდები წითელ წიწაკაზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოსტანს ალამაზებს. წარმოიდგინეთ, როგორი შესახედავია ბოსტანი, სადაც ერთად არის წითელი წიწაკა, რეჰანი და დანარჩენი მწვანილი. თან, ზოგიერთი კვალი სიგრძეზე მაქვს გაკეთებული და ზოგი - სიგანეზე. ძალიან ლამაზია.
- დიზაინიც ჩაგირთავს ბოსტნის გაშენებაში.
- დიახ, მთავარი კი ის არის, რომ ჩვენს ეზოში სასწაულებრივი მიწა აღმოჩნდა. არადა, სულ ამბობდნენ, რომ წყნეთში მიწა დიდად არ ვარგაო და მუდმივად ბოლნისის, მარნეულისა და მისაქციელის მიწას აქებდნენ. მოკლედ, მიწამ გაგვიმართლა. იხილეთ გაგძელება