როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში პრინცი და პრინცესა - დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლებს შინ ვესტუმრეთ

ოდესღაც სამეგრელოს მთავრის - დავით დადიანის ქალიშვილი ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილზე დაქორწინდა. სალომე დადიანი და აშილ მიურატი ერთ ხანს პარიზში ცხოვრობდნენ, მაგრამ საფრანგეთში მონარქიის გაუქმების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და კარგა ხანს ცხოვრობდნენ აქ. პრინცი საქართველოში გარდაიცვალა და
სოფელ ჭკადუაშში დაკრძალეს, სადაც დადიანების ერთ-ერთი მამული მდებარეობდა. სალომე კი, სამ შვილთან - ლუსიენთან, ნაპოლეონთან და ანტუანეტ მიურატებთან ერთად საცხოვრებლად კვლავ პარიზს დაუბრუნდა...

მას მერე მიურატების საქართველოში სტუმრობის შესახებ ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდებოდა, ისინი ჭკადუაშისეული მამულის _ სამონადირეო რეზიდენციის დაბრუნებას ითხოვდნენ... მაგრამ ძალიან ბევრმა
არ იცის, რომ ლუსიენ მიურატის ერთადერთი ვაჟის - სანახევროდ საქართველოში გაზრდილი აშილ მიურატის შვილიშვილი, პრინცი ალანი და მისი მეუღლე პრინცესა ვერონიკა უკვე მუდმივად ცხოვრობენ ჭკადუაშისეულ მამულში. საქართველოში ცხოვრობს და ქართველზეა გათხოვილი მათი ქალიშვილი მატილდა, რომელიც ხშირად სტუმრობს მშობლებს სამეგრელოში.


ჟურნალი "შინ" არისტოკრატ წყვილს ჭკადუაშში ესტუმრა.

პრინცი და პრინცესა ძალიან სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ. აღმოჩნდა, რომ სასახლეში ძალიან ბევრი რამ პრინცესა ვერონიკას თავისი ხელით გაუკეთებია.
"ფაქტობრივად, გავერანებული იყო აქაურობა. დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ქსოვილის შპალერიც თავად გააკრა ფრანგული სტილით და სამზარეულოს კაფელიც. საერთოდაც, შინ რასაც ახალს ნახავთ, სულ დედას ნამუშევარია " - ამბობს მატილდა.

პრინცსა და პრინცესას აქ გადმოუტანიათ მათ ზუგდიდის სახლში გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი ნივთები. მართლაც გამორჩეული და მდიდრულია მისაღები ოთახი. აქ ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელი ბუხარი შემორჩენილა. პრინცმა მითხრა, ეს ბუხარი დღესაც ათბობს მთელ ოთახსო; ალანსა და ვერონიკას აქვე დაუდგამთ ხანძარს გადარჩენილი, XVIII საუკუნის ულამაზესი ხის კარადა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა -  სახლიდან გატანილი ჰქონიათ და დაშლილს, თურმე, მოშორებით ინახავდნენ. ამ კარადას შიგნიდან პრინცესას ხელნაკეთი ქსოვილი აქვს გამოკრული, შიგ კი უნიკალური კოლექცია მოუთავსებიათ - ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის დამღიანი ნაწარმი.


იმ ოთახშივე დგას ნაპოლეონ მესამის მაგიდა და სკამები, ასევე, ნაპოლეონისეულია ამ და მის მომდევნო ოთახში დაკიდებული ჭაღებიც...
მოკლედ, ამ უნიკალური ადამიანების საცხოვრებლის დათვალიერება ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, მათ ამბავს სრულყოფილად ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟთან ერთად ჟურნალ "შინის" შემოდგომის ნომერში ნახავთ აქ კი რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები