ზემო იმერეთის ულამაზეს, კაკლის ხეებით განთქმულ სოფელ გამოღმა არგვეთს საქმიანად რომ ვეწვიე, საჩხერელ მასპინძლებთან ერთად ბაბუისა და მისი ბიძაშვილების კარ-მიდამოშიც შევირბინე. გამიხარდა, მუდამ მოფუსფუსე მამიდაშვილი შინ რომ დამიხვდა. ეს ეზო მამიდის სიცოცხლეშიც განსაკუთრებით მომწონდა და ახლაც ისე აყვავილებულიყო, შესანიშნავად გამოიყურებოდა... მაია ხარშილაძე და მისი მეუღლე ნუგზარ ჩხეიძე სასწრაფოდ გაახლებული მარნისკენ გამიძღვნენ, - წლევანდელი ღვინო უნდა გაგასინჯოთო. დიდი დეგუსტატორი ვერ ვარ, მაგრამ ცუდსა და კარგს ნამდვილად ვარჩევ, ასე რომ... მათმა ვაჟმა - მიხეილმა ახალჩაყრილი ქვევრებიდან ერთ-ერთს თავი მოხადა, ძველებური ორშიმოთი ზღაპრული
მაია ხარშილაძე:
- ჩემი ბაბუის - ვასილ ხარშილაძის მამა არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო. სწორედ მან იზრუნა შვილის განათლებაზე და XX საუკუნის დასაწყისში ბაბუა ვასილმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. არგვეთში სწორედ ის იყო პირველი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი. ამიტომაც მას მწერლად მოიხსენიებდნენ და იმხანად სოფელში ყველა დოკუმენტს ის ადგენდა. სხვათა შორის, მისი ვექსილები და სხვადასხვა საქმიანი მიმოწერა დღემდე შენახული გვაქვს.
ეზოშიც ბევრი სიძველე შემოვინახეთ - ჭა, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ, მუხის ძველი ბეღელი, მართალია, დაზიანებული და სარესტავრაციო, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ, ყველა ნაგებობამ ვერ გაუძლო წლებს, სამაგიეროდ, უმნიშვნელოვანესი რამ შემოგვრჩა - მარანი.
ბაბუა ვასილის ოჯახი ყოველთვის კარგ ღვინოს აწარმოებდა. საერთოდ, აქ, ზემო იმერეთში, ვაზის ძველი ჯიშებიდან რამდენიმეა გავრცელებული და მათ შორისაა ძველშავიც (ძელშავი). ზუსტად ვერ გეტყვით, რა პერიოდიდან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მისი ზვრები ძალიან დიდი ხნის წინათაც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს. სხვა ჯიშებიც გვქონდა, ოღონდ - თეთრი: ციცქა, ცოლიკაური და ქვიშხური. საერთოდ, ოჯახში ღვინის კულტურა უპირატესი იყო. ამას ადასტურებს ეს უძველესი და უნიკალური მარანი - მასში ორი, ასევე, უძველესი, საკმაოდ კარგად შემონახული საწნახელი დგას: ერთი - თხილის, მეორე - ცაცხვის.
ორი და თანაც სხვადასხვა ხის საწნახელი, თურმე, იშვიათად შეგხვდება აქაურ ოჯახებში, მით უფრო - თხილის. ეთნოლოგიური თვალსაზრისით, ხის საწნახლები დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი. ხოლო მის დასამზადებლად საუკეთესო ხედ ცაცხვს მიიჩნევდნენ. ძველი იმერლები სასაწნახლე ხეს წინასწარ არჩევდნენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიდნენ და ერთ წლამდე ადგილზე ტოვებდნენ. მერე ნაჯახით გათლიდნენ, გულს ამოუღებდნენ და საბოლოო დამუშავებისთვის სახლში მიიტანდნენ ხოლმე.
მარანი ცალკე ნაგებობად და თანაც - ღია სივრცედ დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი, განსაკუთრებით ხშირად კი სწორედ იმერეთში გვხვდება. ღია მარნის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ღია ცის ქვეშ გამართული ჭურების ადგილსამყოფელი - ჭურისთავი, ეზოს ყველაზე სუფთა ადგილი, სადაც საქონელი ვერ უნდა შესულიყო. ამიტომაც ჰქონდათ შემოღობილი. ჭურებისთვის მზეს რომ არ დაეხედა და ღვინო არ წაეხდინა, ჭურისთავს, ტრადიციულად, კომშის, თხილის ან რცხილის ხეებით ჩრდილავდნენ. უმეტესწილად - კომშით, რადგან მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ჭურებს დაზიანება არ ემუქრება.
- ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენები თხილის საწნახელს რომ გაავსებდნენ, 11 კოკა (1 კოკა 40 ლიტრს უდრის) ყურძნის წვენი ჩამოდიოდა, ცაცხვის საწნახლიდან კი - 9 კოკა. მარნის წინ უძველესი ქვევრებია ჩაყრილი. თითოეული ქვევრის ჩასაყრელად უეჭველად დიდი ორმო უნდა ამოეთხარათ, ასეთი წესი არსებობს. ერთ-ერთ ქვევრზე ბაბუა ამბობდა, - ეს 20-კოკიანი ქვევრი იმდენად ძველია, ჩემმა ბაბუამაც კი არ იცოდა, ვინ ჩააგდოო. ქვევრის სიძველეს მის გვერდით, სავარაუდოდ, საჩრდილობლად დარგული უზარმაზარი - 1,5 მ დმ-ის კაკლის ხეც ადასტურებდა. როგორც ჩანს, ჯერ ქვევრი ჩააგდეს და ამის შემდეგ დარგეს კაკლის პატარა ნერგი, რომელიც ძალიან კი გაიზარდა, მაგრამ ქვევრი არ დაუზიანებია. რამდენიმე წლის წინ ამ კაკალმა ნელ-ნელა ხმობა დაიწყო და, საბოლოოდ, სამი წლის წინ გახმა, ამიტომაც მოვჭერით.
მარნის მეორე ნაწილში მე და ჩემმა მეუღლემ ახალი ქვევრები ჩავყარეთ, ოღონდ ის ძველებზე პატარაა. დღეისთვის ძველ ქვევრებთან ერთად ამ ქვევრებსაც ვიყენებთ, ოღონდ - სადეგუსტაციო ღვინის დასაყენებლად სხვადასხვა წესით: ჭაჭით - კლერტის გარეშე; ჭაჭით - კლერტით; დაძველებული ჭაჭით თუ უჭაჭოდ. ქვევრებში ყურძნის წვენსა და ჭაჭას რომ მოვათავსებთ, ღვინის დადუღებამდე ყოველდღიურად 2-3-ჯერ ვურევთ. რომ დადუღდება, ვახურავთ სარქველს, ზედ ვაგლისავთ მიწას და ვუტოვებთ პატარა საჰაეროს. ამ მდგომარეობაში ვტოვებთ გაზაფხულამდე, ხოლო მარტ-აპრილში ვაცალკევებთ წვენს ჭაჭისგან და უკვე დაღვინებული წვენი გადაგვაქვს სხვა ქვევრებში. ჭაჭისგან კი, ცხადია, არაყს ვხდით. რომელი წესით დაყენებული ღვინოც ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს, შემდეგი სეზონისთვის იმ წესით ვაყენებთ დიდ ქვევრში ღვინოს. ჯერჯერობით ერთი და იმავე ჯიშის ყურძენს ვიყენებთ - ძველშავს, თუმცა სამომავლოდ ვაზთან დაკავშირებით გაცილებით დიდი გეგმები გვაქვს და ღვინის წარმოების მასშტაბებსაც გავზრდით.
უწინ ეზო გაცილებით ლამაზი იყო, რადგან ბებიას - ვასილის მეუღლე ნინა იაკობაშვილს ულამაზეს ყვავილებთან ერთად ათასგვარი ჯიშის ხეხილი ჰქონდა გაშენებული. სხვათა შორის, ეს ჯიშები თვითონ გამოჰყავდა, ამიტომ ეზო სავსე იყო ვაშლით, ატმით, მსხლით, ალუჩით, ტყემლით, ღოღნაშოთი, ბლით, ალუბლით და ა. შ. იმ ხეების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გახმა, თუმცა ბაღის გამრავალფეროვნება ჩვენც დავიწყეთ - ბევრნაირი ხეხილი და ყვავილი დავრგეთ. ასე რომ, ცოტა ხანში, ალბათ, ბებია-ბაბუის ეზოს კვლავ ძველებურ სილამაზეს დავუბრუნებთ.
ირმა ხარშილაძე