ალიკიას ვიდეოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. იმერული კილოთი და იუმორით შეზავებულ კადრებში კარგად ჩანს მისი ნაფიქრალი, სათქმელი, წუხილი, სიხარული და რეგიონში ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი...
როგორც ალექსანდრე ჩირგაძე გვეუბნება, ვიღაცამ ერთხელ ალიკია დაუძახა და მისი სახელი მერე ასე სხვებმაც აიტაცესო. ჰოდა, ახლა ყველას ასე აცნობს თავს - ალიკია ბესიაურიდან.
AMBEBI.GE-ს ინტერვიუდან შეიტყობთ იმაზე მეტს, ვიდრე ის თავის ვიდეოებში ჰყვება. მოკლედ, ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის კუთხისა და სოფლის საოცარი პატრიოტია...
- ბესიაური მამაჩემის სოფელია, ახლა იქ მშობლები ცხოვრობენ და მეც, როგორც კი დრო
გულდასაწყვეტი ისაა, რომ დაცლილია საქართველოს სოფლები. ჩვენს ქუჩაზე,15 სახლიდან მხოლოდ ჩემს სახლში ანთია შუქი. ბესიაური, თავის დროზე, საკმაოდ დიდი სოფელი იყო, მაგრამ ახლა თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია დარჩენილი. დედაჩემი და მამაჩემი სახლს ერთი წუთით ვერ ტოვებენ, საოჯახო მეურნეობას უძღვებიან, სადმე თუ ვართ დაპატიჟებული, მორიგეობით მიდიან. გვყავს ქათამი, ძროხა, ღორი, რაც ყურადღებას მოითხოვს. ერთ ვიდეოშიც მაქვს ნათქვამი ამაზე, - ჰაუ, ჰაუს მორიგეობით ვიძახით-თქო, რადგან ქორი ჩასაფრებულია.
ვენახს ყურადღება თუ არ მიაქციე, შაშვი და სხვადასხვა ჩიტი შეჭამს. არადა, ვენახი სოფელში მარტო ჩვენ გვაქვს, ამიტომ, მგელი, მტაცებელი ფრინველიც ჩვენზეა მომართული. ერთი თვის წინ პირუტყვი, სავარაუდოდ მგელმა ლამის შეგვიჭამა, ძლივს გადავარჩინეთ.
- რასაც თქვენს ვიდეოებში ვხედავთ, ლამაზია ბესიაური...
- საუცხოო სოფელია, სწორედ რომ, ველური ბუნებაა. ამას ჩემი რომაა, იმიტომაც ვამბობ და როგორც სოფელი მართლა ლამაზია. მდინარეებით და წყაროებითაც განებივრებული ვართ... მეფუტკრეობასაც მივდევთ - მამაჩემს ძალიან აინტერესებს ეს სფერო და მეც შევუწყვე ხელი - ვიყიდე ფორმები. მოსავალიც ავიღეთ. თაფლის მოპოვება, ფუტკრის მოვლა რთულია, ღამის თევაა საჭირო, ასევე გარკვეული დროც, რომ ლოკაცია შეუცვალო. ეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ყვავილიდან სხვადასხვა თაფლი ავიღოთ. გულსატკენი ისაა, რომ ამხელა შრომა სათანადოდ არ ანაზღაურდება. ლიტრი თაფლი ძალიან იაფი, 7-8 ლარი ღირს. ეს მაშინ, როცა მარკეტში პატარა ქილა ლეღვის ჯემი - 15 ლარია. ამის მიუხედავად შრომაზე უარს მაინც არ ვამბობთ, არ ვეპუებით.
ახლა სახნავ-სათესი პერიოდია, შარშან მოვინდომე, მამაჩემს მოვეხმარე, მანაც ხბო გაყიდა და ყანები იმით დავხანით. წელს ფინანსურადაც ისე მოხდა, რომ ეს ვეღარ შევძელით. მამა კარგი გლეხია, წუთით არ ტოვებს იქაურობას. სამწუხაროა, რომ მისთვის არასდროს არავის უთქვამს, ელემენტარული თუნდაც 20-ლარიან ერთ ტომარა სასუქს მოგცემო. არ არის ასე, რომ ვინმემ ხელი შეგიწყოს... არც გვინდა, არავის ხელში შემყურე არ ვართ, მაგრამ გლეხმა სულ ელემენტარული მხარდაჭერა რომ იგრძნოს, ურიგო არ იქნება. სოფლის განვითარების პროგრამა რას ნიშნავს, ვერ გავიგე, მაგრამ რას ვიზამთ, რადგან გამოსავალი არ არის, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
- მოკლედ, აცოცხლებთ სოფელს, რომელსაც ჰქვია ბესიაური... ალექსანდრე, რა განათლება გაქვთ?
- რაც 12 კლასი დავამთავრე, მას მერე სულ ვშრომობ, ფიზიკურადაც მიმუშავია. ამ ეტაპზე ბოლო ზარის, კორპორაციული საღამოს, დაბადების დღის წამყვანი ვარ, მოსწავლეებს ბოლო ზარსაც ვუმზადებ, რესტორანში ვმუშაობ, სცენაზე იუმორისტული ნომრებით ავდივარ...
- იმერელს ჯიბეში რომ არ აქვს იუმორი მოსაძებნი, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამ კუთხით რა პერიოდში გააქტიურდით?
- ბავშვობაში იუმორით ჩემი ძმა უფრო გამოირჩეოდა. თეატრალურზე სწავლობდა. მერე შინაურობაში ჩემზე ამბობდნენ, ამას უფრო სხარტი იუმორი აქვსო. არასდროს გამოვირჩეოდი საკუთარი თავის წარმოჩენით, სულ თავს ვიკავებდი. შემოთავაზებაც მქონდა ტელევიზიებიდან და უარი ვუთხარი, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
ისე, პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩემთვის თბილისი ქაოსურია. იქ ბევრი ნათესავი, მეგობარი მყავს, ქალაქი მიყვარს, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა. მარტო საცობი რად ღირს... არადა, რამდენი ნიჭიერი ადამიანია, რეგიონიდან თბილისში წასული, მათ გასაგონად ვიტყვი, "მამაქალაქშიც“ შეიძლება იმ ნიჭის გამოიყენება. საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში, საიდანაც არის თვითონ პიროვნება. არავისგან არ განვსხვავდები, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მინდა, რომ ჩემი სოფელი არსებობდეს, სუნთქავდეს, მოქმედი იყოს... საძებარი მართლაც არც იუმორი გვაქვს, არც სიტყვა-პასუხი. გული მწყდება, რომ ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ, არავის უნდა ნაკელის სუნში ყოფნა, სიტყვაზე „პეტრუშკის“ და ქინძის მოყვანა, მიწასთან მუშაობა.
განაგრძეთ კითხვა