მანო გაბურის გემოვნებიანი ბინა და საოცარი ტერასა თბილისის ცენტრში

თბილისელი ქალბატონი, ფილოლოგიის დოქტორი მანო გაბურის ბინის ინტერიერმა და შესანიშნავმა ტერასამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო. მანო ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისთვის სახლი სიმყუდროვესთან, სიმშვიდესა და ჰარმონიასთან ასოცირდება. 16 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრებაზე, მშობლიურ ქალაქსა და ალიონზე ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენაზე ოცნებობდა.



საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი ზაქარიაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ ამის შემდეგ შეიძინა ბინა რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით მოაწყო. სადა, დახვეწილი და მყუდრო ბინა, სადაც დღეს ის შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისთვის იმაზე მეტია, ვიდრე ოცნების
სახლი. ახალ სახლთან ერთად ახალი საქმიანობაც წამოიწყო და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთან ერთად ფეხსაცმელების დიზაინზე მუშაობს.


- ჩემს სახლს ბუდეს ვეძახი, მგონია, რომ ბუდე უფრო კარგად გამოხატავს იმ აურას, რაც მხოლოდ აქაა. ჩემი შვილები დიდები არიან და ალბათ ამიტომ, ჩემს სახლში სულ სიმშვიდეა, არავინ ყვირის, არავინ ხმაურობს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. არ შემიძლია და ვერც დიდხანს ვჩერდები ხმაურში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა ქმნის ამ ხმაურს. სიმყუდროვეს სიმშვიდე და იდეალური წესრიგი მანიჭებს. ვერასოდეს დავისვენებ, თუ ყველა ნივთი თავის ადგილას არ დევს.



16 წელი უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი და იქ ყოფნის დროს ვოცნებობდი, თბილისურ ალიონს, ჩიტების ჭიკჭიკს ფინჯანი ყავით შევხვედროდი და მეფიქრა ყველაფერ პოზიტიურზე... აი, ეს არის ჩემთვის მყუდრო სახლი, სადაც მშვიდად ხარ, ივსები, ისვენებ და ფიქრობ! საითაც მიგეჩქარება და საიდან გასვლაც დიდი ხნით არასოდეს გინდა.

- აღნიშნეთ, რომ გარკვეული პერიოდი უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით. ცხოვრების მანძილზე რამდენი სახლი გამოიცვალეთ?



- იმაზე მეტი სახლი გამოვიცვალე, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ მათ შორის ორთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს.

პირველი ჩემი ბავშვობის სახლია. ამ სახლის ეზო, დედა ამ ეზოში, დიდი კაკლის ხე, სამი ნაძვი, გორაკი სახლის პირდაპირ და ენძელები ამ გორაკზე - ეს ყველაფერი დღემდე ჩემს სიზმრებშია. ჩემი და კარგად წერს ამაზე:

„ო, იმ სახლში,
იმ საოცარ სახლში
მე მესმოდა
მოლაღურის ენა“.

ეს სტროფი ზუსტად გამოხატავს იმ ემოციას, რაც იმ სახლთან მაკავშირებს. ბავშვობის სახლის შემდეგ „მოლაღურის ენა“ არც ერთ სახლში აღარ გამიგონია. მეორე სახლი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარეობს! მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, რაღაც პერიოდი იქ ვცხოვრობდი. მონატრებული გარემო, სამშობლო და ჩემი ოცნების ახდენა ალიონზე და ჩიტების ჭიკჭიკზე, იმ სახლთან ასოცირდება. იმ სახლში იყო რაღაც ისეთი, რაც დამთავრდა და რაც სულ მენატრება.



- ეს სახლი როდის შეიძინეთ, როდის გადმოხვედით საცხოვრებლად?

- ეს სახლი ხუთი წლის წინ, ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ, ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა – ბევრი სინათლე, ბევრი მზე ყველა ოთახში, არასტანდარტული იერი, დიდი პარმაღი (იგივე ვერანდა) – აი, ეს ყველაფერი აქვს ჩემს სახლს.

სახლი იყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მის რემონტს რვა თვე მაინც დასჭირდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პარმაღის იატაკი, რომელიც დღეს ასე მომხიბვლელად გამოიყურება, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დავაგეთ. მშენებლის შეცდომის გამო ყველაფერი ხელმეორედ გასაკეთებელი გახდა.



- ინტერიერის დიზაინში, სამშენებლო და სარემონტო საკითხში რამდენად ერკვევით?

- ინტერიერის დიზაინში და ყველაფერში, რაც სახლის რემონტს უკავშირდება, უკვე ისე ვერკვევი, რომ შემიძლია სხვებსაც გავუწიო კონსულტაცია. დიზაინი უფრო აზარტული და სასიამოვნო პროცესია, თითქოს არც იღლები. მუშებთან კონტაქტს რაც შეეხება, ეს ცალკე ფილოსოფიაა, სადაც გჭირდება რკინის ნერვები და მოთმინება.

- აქტიურად იყავით ჩართული ამ სახლის რემონტში?

- „ჩართული ვიყავი“ აღარ ჰქვია ამას. უჩემოდ ნათურაც კი არავის უყიდია. აი, ეს წიგნების კედელი აქ საერთოდ არ იყო. შემოდიოდი და პირდაპირ გაშლილ სივრცეში ხვდებოდი, ეს ნახევარ-კედელი ჩემი ამოშენებულია, რამაც მთლიანად შეცვალა ინტერიერის ზოგადი სახე და ბევრად მყუდრო გახადა ბინა.



- ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით თუ ისარგებლეთ?

- ასე, ოფიციალურად არავინ მომიწვევია დასახმარებლად. ყველაფერში ჩემი მეგობარი დიზაინერი თეო გარდაფხაძე მეხმარებოდა. მაგალითად, ეს ბუხარი მთლიანად მისი დიზაინია, რომელიც ძალიან მომწონს.

- რომელი სტილი ჭარბობს ბინაში?

- არც ერთი კონკრეტული სტილი არ ამირჩევია. ჩემი სურვილი იყო ნათელი, ვრცელი, მსუბუქი ბინა და არანაირი კედლები. რაშიც ვერასოდეს ვიცხოვრებდი, ეს მძიმე კლასიკური სტილია და როგორც ხედავთ, აქ კლასიკის არანაირი დეტალი არ არსებობს, დანარჩენს არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.

- რა სირთულეები შეგხვდათ რემონტის პროცესში?

- რემონტის დროს უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. მე პრობლემა შემიქმნა პარმაღმა და მშენებლის არაკეთილსინდისიერად შესრულებულმა სამუშაომ. კარი, რომელიც ამ სახლს ბევრი აქვს, წყალს ვერ აკავებდა და სახლში შემოდიოდა. ზედა სართულზე არ მქონია არანაირი პრობლემა, ქვედა სართულმა და ამ პარმაღმა შეიწირა ჩემი ნერვები.

გარდა ამისა, მისაღები ოთახის იატაკი, რომელიც ერთ-ერთ სერიოზულ მაღაზიაში შევუკვეთე, ჩამოვიდა, არც მეტი, არც ნაკლები, ცისარტყელას ფერებში და კინაღამ ვიტირე. ანუ ნიმუში, რითაც ავირჩიე, არ შეესაბამებოდა რეალობას. მინდა ყველას ვურჩიო, არასოდეს შეუკვეთოთ არც ავეჯის ფასადი და არც იატაკი, თუ დიდ პერიმეტრზე არ ნახავთ იმას, რასაც ირჩევთ. საბედნიეროდ, ამ მაღაზიამ დამიბრუნა თანხა და რადგან დრო აღარ მქონდა ლოდინის, ვიყიდე ეს გრანიტი, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო მომწონს, ვიდრე პარკეტი.

- დღეს შეცვლიდით რამეს?

- უკვე ხუთ წელზე მეტია, ამ სახლში ვცხოვრობ და ერთადერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში მომბეზრდა, ჩემი საძინებელია. რატომღაც თავიდანვე ვერ გავთვალე ავეჯის სტილი და ახლა მინდა შევცვალო, უფრო „გაპრანჭული“ ავეჯის შეტანას ვაპირებ. დიდი მაკიაჟის მაგიდით და ულამაზესი საწოლით. უკვე შეთვალიერებული მაქვს.

- რომელია თქვენი საყვარელი კუთხე, სადაც ყველაზე კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ თავს?

- ყველაზე კარგად თავს პარმაღზე ვგრძნობ, წინ გახსნილი სივრცეა და საღამოობით იქ ჯდომას არაფერი სჯობს. ახლა სანახევროდ მინდა გადავხურო და მერე ალბათ მართლა სულ იქ ვიქნები.

- ვხედავ, რომ ყვავილებიც გიყვართ. რომელ ყვავილებს გამოარჩევთ, რა მცენარეები გაქვთ და რამდენად დიდ სიამოვნებას განიჭებთ გამწვანებული სივრცე?

- დიახ, მიყვარს სიმწვანე. ყოველ გაზაფხულზე სულ ახალ-ახალ ყვავილებს ვრგავთ მე და ჩემი მეგობარი თამარ ხონელიძე, ოქროს გოგო, რომლის რჩევების გარეშე არაფერს ვაკეთებ. ჩემი ვერანდა ძალიან მზიანია და ყველა მცენარე ვერ უძლებს, ამიტომ დიდი არჩევანი არ გვაქვს ხოლმე. უკვე მეორე წელია, მინდა ვარდები ავიყვანო სახლზე, ამასაც წელს ვაპირებთ. თქვენ იცით, რომ ყვავილს და ხეს დარგვისას უნდა უთხრა: „გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე“. თამრიკომ მასწავლა და მივხვდი, რომ მართლა ესმით, ხარობენ და მახარებენ.

- სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარი ამშვენებს თქვენი სახლის კედლებს, რომელიც სიცოცხლეს სძენს სახლს...

- არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნახატს ინტერიერს უხამებენ, არც მათი, ვინც მხატვრის მოდურობის გამო ყიდულობენ ნამუშევარს. ჩემთვის კარგი ნახატი ისაა, რომელსაც უყურებ და ცოცხალია. თუ ნახატთან საუბრის სურვილი არ გამიჩნდა, ან ის თვითონ არ მიყვება რაღაც ჩემთვის საინტერესოს, ასეთ ნამუშევარს ვერ ვუყურებ ყოველდღე.

მე ძირითადად ორი მხატვრის ნამუშევრები მაქვს: თენგიზ მირზაშვილის („ჩუბჩიკასი“) და ნინო ჩაკვეტაძის. სტუდენტი ვიყავი, ეთერ თათარაიძემ რომ გამაცნო თენგიზ მირზაშვილი. არასოდეს დამავიწყდება მისი გამოხედვა, თვალების ფერი, თითები. დღეს ის აღარ გვყავს, მისი 20-ზე მეტი ნამუშევარი კი დამრჩა რელიკვიად, რომელთაც თაობებს გადავცემ. ნინო ჩაკვეტაძე კი ის მხატვარია, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს, ყველა მის ნახატზე, რაც კი მაქვს, ჩემი ბავშვობის ნაწილს ვხედავ. თორმეტი ნამუშევრიდან სამი სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა. მე ვუყვებოდი ნინოს ამბებს ჩემი ბავშვობიდან და ნინომ ეს ნახატებად აქცია. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძვირფასია ისინი ჩემთვის.

- არის ეს თქვენი ოცნების სახლი?

- თუ იმ ოცნებებს გავიხსენებთ, რაც ბავშვობაში მქონდა, ეს სახლი იმაზე მეტია, ვიდრე ოცნების სახლი. ამ გადასახედიდან კი ეს არის სახლი, სადაც კარგად ვარ! ეს არის და ეს.

მერი ბლიაძე

მსგავსი სიახლეები