სოფი ლორენი დღეს ლეგენდარული მსახიობია, რომელიც ახერხებს, 81 წლის ასაკშიც კი ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. სილამაზითა და ნიჭით განთქმულს იმის გამოც სცემენ პატივს, რომ მის ბიოგრაფიაში არ იყო ბევრი სიყვითლე და სკანდალები, ერთ ქმართან ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გათხოვილა. რეჟისორი კარლო პონტი მასზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მთავარი მისცა სოფიას - ოჯახური ბედნიერება. წყვილმა ორი შვილი გაზარდა ერთად და ბევრი მძიმე პერიოდიც გამოიარა...
დღეს სოფია ჟენევაში ცხოვრობს, ძველებურ სახლში, რომელიც ვინტაჟურ სტილშია მოწყობილი, ძველებური ავეჯით, მასიური გობელენებით და ოჯახური ფოტოებით.
სახლს მშვენიერი მყუდრო ბაღი აქვს, სადაც მსახიობი საღამოებს ატარებს ხოლმე. მისი ახლანდელი სამყოფელი ნამდვილად შეეფერება ქვრივი ქალის ნავსაყუდელს. თუმცა იყო დრო, სოფია გრანდიოზულ სასახლეში ცხოვრობდა ქმარ-შვილთან ერთად და მისი დიდებულება ყველას აოცებდა.
სახლი რომთან ახლოს კარლო პონტიმ და სოფიამ 1964 წელს იყიდეს და მასში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს. ეს მე-16 საუკუნის ვილა იყო, რომელიც მათ თანამედროვე სასახლედ გადააქციეს - აუზით, ჩანჩქერით, ჩოგბურთის მოედნით.
ინტერიერი კი მთლიანად ისე ჰქონდათ მოწყობილი, თითქოს მართლა საუკუნეების მიღმა ინაცვლებდით - უძვირფასესი და ძველებური ავეჯი, ბაროკოსა და როკოკოს, კლასიციზმის ნაზავი სტილი, ძვირად ღირებული ტილოები და ა.შ.
ამ სახლში ათ წელზე ცოტა მეტ ხანს იცხოვრეს, 1977 წელს კი კარაბინერები ესტუმრნენ, პონტი გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს და ასევე ქვეყნიდან კაპიტალის გატანაში. ვილა თავისი ნივთებიანად ოჯახს ჩამოართვეს, პონტი დააპატიმრეს და თავად სოფიასაც კი მოუწია 17 დღე ციხეში ჯდომა. მანამდე ცდილობდა, ძვირად ღირებული კოლექცია მაინც გადაერჩინა, რომელიც პიკასოს, ბრაკის, კანალეტოს და სხვათა ტილოებს მოიცავდა, თუმცა აეროპორტში ჩამოართვეს.
ვილაც და ხელოვნების ნიმუშებიც 1990 წელს დაუბრუნეს, თუმცა იქ აღარ უცხოვრიათ. სოფიამ მას მერე ჟენევაში გადაბარგება გადაწყვიტა და დღემდე იქ არის. კარლო 2007 წელს გარდაიცვალა, მას მერე სოფიას ხშირად სტუმრობენ შვილები, თავიანთი ცოლ-შვილით, რომ დედას მარტოობა არ აგრძნობინონ.