არავითარი ქაოსი - თქვენი შვილის ოთახი ყოველთვის მოწესრიგებული რომ იყოს, გამოცდილი დედების რჩევები გაითვალისწინეთ

სპეციალისტები გვთავაზობენ ხრიკებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სკოლის მოსწავლე შვილებს შესაძლოა ოთახი ყოველთვის წესრიგში ჰქონდეთ, რაც ასე ადარდებთ მშობლებს. ალბათ გაინტერესებთ, როგორ მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს - არანაირი ქაოსი შვილის ოთახში და შესაბამისად, დედის დამშვიდებული ნერვული სისტემა.

პირველი, რის გაკეთებასაც გვირჩევენ სპეციალისტები გახლავთ ის, რომ ბავშვს მაქსიმალურად გავუმარტივოთ გასარეცხი ტანსაცმლის შეგროვების და მისთვის ადგილის მიჩენის პროცესი. არც ერთ ბავშვს არ მოსწონს სკოლიდან მოსვლის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა, დახარისხება, გასარეცხის აბაზანაში გატანა, დანარჩენის კი თავის ადგილზე დაბინავება. გაამარტივეთ პროცესი, სარეცხის კალათა ბავშვს პირდაპირ ოთახში
დაუდეთ, სასურველია საწოლთან ახლოს. ახლა ისეთი კალათები იყიდება, რომ ადვილად შეძლებთ ისეთის შერჩევას, რომელიც ლამაზად მოერგება ოთახის ინტერიერს და არ მიიქცევს ზედმეტ ყურადღებას.
წვრილმანი ნივთების, სათამაშოების შესანახად ძალიან კარგი ვარიანტია სტელაჟი გამოსაწევი უჯრებით. მაქსიმალურად შეზღუდეთ ღია შესანახი სისტემა ბავშვის ოთახში, რადგან მიმოფანტული სათამაშოები აუცილებლად ქაოსურად გამოიყურება.


სკოლის მოსწავლის ოთახის მოწყობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი ცხოვრებისეული სცენარი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უფროსების ცხოვრებისეული სცენარისგან. ბავშვს ტანსაცმლის გარდა შესანახი ექნება წიგნები, სკოლის სხვა ნივთები, სათამაშოები, შესაძლოა სპორტული ინვენტარიც. ეს ყველაფერი უმჯობესია მოთავსდეს დაფარულ სივრცეში, გამოსაწევ ყუთებში ან უჯრებში. უმჯობესია, თუ ყველა კატეგორიას თავისი შესანახი სისტემა ექნება. ასე ბავშვი დახარისხებასაც მიეჩვევა.
ოთახის მოწყობის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის გემოვნება, თუმცა მას მოარგეთ პრაქტიკული მხარე. ეცადეთ, რომ ბავშვს ჰქონდეს მოტივაცია და ყველაფერი, რის გაკეთებაც მოუწევს, გააკეთოს რაც შეიძლება მარტივად. შესანახი სისტემები გააფერადეთ, ეცადეთ იყოს მაქსიმალურად მკვეთრი და სახალისო ფერის და დაყავით ზონებად, ეს თავისთავად აღმოფხვრის ქაოსს. სცადეთ და ნახავთ, რომ ცხოვრება დეტალებისგან შედგება, წვრილმანმა დეტალებმა შესაძლოა გაგვიმარტივოს ცხოვრება და გაგვაბედნიეროს კიდეც. მშვიდი, გახარებული და დასვენებული დედა ხომ ბავშვსაც აბედნიერებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები