ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა: "შენობა მეხის დროს საუკეთესო თავშესაფარია"


ბაკურიანში, „კოხტა გორაზე“ საბაგიროს მეხი დაეცა. არსებული ინფორმაციით, მეხის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

რა შემთხვევაში ვარდება მეხი, რა უწყობს მის მოზიდვას ხელს და რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა იმისათვის, რომ თავი გადაირჩინონ -თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გიორგი დვალაშვილი საიტ mshoblebi.ge-ს ადრინდელ ინტერვიუში ესაუბრა:

- საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი მოვლენა ყველგან ხდება. განსაკუთრებით უფრო ხშირადაა მაღალი მთის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მთაში ჩატარებული ექსპედიციების დროს, განსაკუთრებით, თუშ მწყემსებთან, გვინახავს კონკრეტული ადგილები
წარწერებით, სადაც ადამიანი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს, როდესაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა მეხის დაცემის შედეგად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მობილურმა მიიზიდა. თუმცა, სავარაუდოდ, მარტო მობილური ტელეფონი არ უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მეხი ჩამოვარდნილიყო. უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში ელექტრული ველი დედამიწის ზედაპირზე გადმოვიდა. ბავშვი იქნებოდა თუ არა იქ, მეხი მაინც ჩამოვარდებოდა. უბრალოდ, ის დამუხტულ ადგილას მოხვდა. ხშირად ელექტრო საშუალებები, ლითონის ფურცლები კი არ ყოფილა ელექტრო მუხტის მიღების მიზეზი, არამედ ჩვეულებრივი საგანი. არის ხოლმე საუბარი, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხეს უნდა მოვერიდოთ. ის დამუხტვა, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება, შესაძლოა გაშლილ სივრცეშიც, ხის გარეშეც მოხვდეს და ამის წინასწარ განსაზღვრა არ შეგვიძლია. თუმცა, პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ჭექა-ქუხილი ყველა ადამიანს შეუძლია, რადგან ეს მიწისძვრასავით უეცრად არხდება.

- კორპუსები, აგარაკები, სოფლის სახლები - რამდენად დაცულია მეხის დაცემისგან?
- მაღალგადამცემხაზებს სტანდარტული მეხამრიდები აქვთ და საქართველოში რაც დიდი ხაზები გადის, ყველას აქვს მეხამრიდის სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილის გამო შესაძლოა მთლიანად მთელი ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოვიდეს. ჩვენთან ხაზობრივი მეხამრიდებია, ბოლო პერიოდში კი დაიწყეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დიდი ბურთის მსგავსი ფორმის მეხამრიდების დაყენება, რომელიც კონკრეტულ მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენების ჭექა-ზუხილის დროს განმუხტვას ახდენს. როგორც აღვნიშნე, მოვლენები ბუნებრივია და ხშირად ხდება, მაგრამ პროცენტულად თითქმის არ ფიქსირდება შემთხევევები, რომ სახლებზე, კორპუსებსა და შენობა-ნაგებობებზე მოხდეს ხაზობრივი ელვების (მეხის) გადმოსვლა. დენის ბოძების გარდა, შენობებს აქვს ის თვისება, რომ ელქტრონული მუხტი არ მიიღონ, ანუ მეხი არ დაეცეს

- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, რა უნდა იცოდეს ჭექა-ქუხილის დროს?
- ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ცაში მუქი, შავი ღრუბლების გადაადგილება შეინიშნება, ზოგჯერ ძლიერი ქარიც ქრის და ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავშესაფარი იპოვნოს. მაგალითად, შევიდეს შენობაში. შენობა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტადაა დაცული. ერთია, ჭექა-ქუხილი და მეხის ჩამოვარდნის ალბათობა და მეორეა ის თანმხლები მოვლენები, რაც ვითარდება ხოლმე, მაგალითად ძლიერი წვიმა, სეტყვა, ღვარცოფი და სხვა. რა თქმა უნდა, ადამიანმა ამაზეც უნდა იფიქროს. თუ ქვეითად მოძრაობს და შენობა ირგვლი არსადაა, უნდა ჩავიდეს ხეობის ყველაზე დაბალ წერტილში, სადაც მეხის ჩამოვარნის ალბათობა ნაკლებია. ასევე, თუ მთისკენ მიდის, აღარ უნდა წავიდეს. როგორც აღვნიშნე, ხაზოვანი ელვა ასე უეცრად არ ჩნდება და ღრუბელს თუ ვხედავთ, შეგვიძლია თავი გადავირჩინოთ. ასევე, როდესაც ჭექა-ქუხილი იწყება, პირველსავე ქუხილზე მეხის ჩამოვარდნა იშვიათად ხდება. ამიტომ, ეს "გამაფრთხილებელი" ნიშნები უნდა ვიცოდეთ და დროულად ვიმოქმედოთ, რომ ცუდი შედეგი არ დადგეს.

- გავრცელებული მოსაზრება, რომ მეხი ჩართულ ტელევიზორს, ტელეფონს, ანტენებს ეტანება, მითია?
- როდესაც ჭექა-ქუხილია, უამრავ ადამიანს აქვს ტელევიზორი და მობილური ჩართული. მაშინ გამოდის, რომ ამ დროს არაერთი შენობა-ნაგებობა უნდა დაიწვას და მობილური ტელეფონები საერთოდ უნდა გაითიშოს. საქართველოში სიხშირეების გადამცემი ძალიან ბევრისადგურია და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ყველას აქვს მეხამრიდები და მარტო იმ ტერიტორიას კი არა, გარშემო ადგილებსაც იცავს მეხისგან. ამიტომ, მოსაზრება, რომ ჭექა-ქუხილის დროს ტელევიზორისა და მობილურის ჩართვა მეხის ჩამოვარდნას იწვევს, მითად შეიძლება ჩავთვალოთ. შესაძლოა არაფერი არ ჰქონდეს ადამიანს, არც მობილური, არც ლითონის ნივთები თან და მაინც ჩამოვარდეს მეხი. ჭექა-ქუხილის დროს კონკრეტული ნივთების გადაყრა და თავის უსაფრთხოდ წარმოდგენა, მცდარი შეხედულებაა.

-მეხის ჩამოვარდნა რამდენად უქმნის საფრთხეს მანქანებს?
- მინიმალურია იმ შემთხვევათა რაოდენობა, მანქანას ან შენობას რომ დასცემოდეს მეხი. განსაკუთრებით, ხაზობრივი ელვების დროს. ბურთისებური ელვა, საბედნიეროდ, საქართველოში არ ფიქსირდება და იმას სხვა სპეციფიკა აქვს, დაცვაც უფრო ძნელია. მანქნაებს აქვთ იზოლაცია, მაგალითად რეზინის საბურავების სახითაც. როცა ვხედავთ, რომ თავსხმა წვიმაა და მეხი სულ რომ არ ჩამოვარდეს, ამან შეიძლება შეგვიქმნას საფრთხე, შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტს შეიძლება შევაფაროთ თავი.

- რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია ადამიანებისადმი?
- ჩემი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ადამიანებმა მოუსმინონ დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერების რჩევებს. ამ მიმართულებით, აიმაღლონ უფრო მეტად ცნობიერება. ხშირად, ვიღაცების მიერ მოგონილ მოარულ მითებსა და ლეგენდებს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. მეორე, აუცილებლად დააკვირდით შავი ღრუბლების მოძრაობას. ქვეითად გაადგილება არა მარტო ჭექა-ქუხილის დროს მეხის dდაცემის რისკს იწვევს, არამედ თანმხლები მოვლენების განვითარების, როგორებიცაა მაგალითად, წვიმა, ნიაღვრი, სეტყვა, ღვარცოფი და მეწყერი, ალბათობასაც. ადამიანს, რომელსაც ცაში ღრუბლების ფერის გარჩევა შეუძლია და იცის, რომ თავდაცვის საშუალება თან არსებული რკინის ნივთების მოშორება კი არა, ადგილიდან დროულად გაცლაა, შეუძლია თავი გადაირჩინოს.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები