სათანადო ხელშეწყობის პირობებში ზამთარში ნებისმიერი მცენარის აყვავებაა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია დამატებითი განათება და სითბო, თუმცა დღესდღეობით, როდესაც თითქმის ყველა დაკავებული და ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაშია ჩაფლული, უმჯობესია სახლში ისეთი მცენარეები იქონიოთ, რომელთაც ზამთარში ბუნებრივი ყვავილობის პერიოდი აქვთ. მათ დამატებითი მოვლა არ სჭირდებათ, ელემენტარული, ბუნებრივი მოვლის პირობებში თავად ყვავიან და ახარებენ ადამიანის გულსა და თვალს.
მართალია, ზამთარში ბუნებრივად მოყვავილე მცენარეების რიცხვი არც ისე დიდია, თუმცა მათი შერჩევა და ქოთანში გახარება მაინც შესაძლებელია.
ოთახის მცენარეების შესარჩევად ყველაზე კარგი ადგილი მაინც ყვავილების მაღაზიაა. ყველაზე
ყველა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის ისეთი ყვავილების მაღაზია, რომელშიც ამ მცენარეების შეძენას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების დროს ზამთრის სუსხმა შესაძლოა მათ სერიოზული ზიანი მიაყენოს, ამიტომ, გირჩევთ თქვენი შერჩეული ყვავილები იქამდე შეიძინოთ, სანამ აცივდება და ზამთარს უკვე თქვენს ოთახში შეაგუოთ.
შეარჩიეთ ისეთი ქოთნის ყვავილები, რომელთა მოვლაც არც ისე რთულია. იმისათვის, რომ ააყვავილოთ აზალია ან პუანსეტია, საკმარისია შემოდგომაზე სათანადო განათებისა და ტემპერატურის შერჩევა. თუმცა უფრო მარტივად მოსავლელი მცენარეებიც არსებობს, მაგალითად, კალანჰოე ან ბეგონია.
კალანჰოე, როგორც წესი, დეკემბერში ყვავის. ეს ყვავილი ნოემბერშიც ყვავის, თუ მას ადგილს მიუჩენთ ჯერ ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრის რაფაზე, ხოლო შემდეგ უფრო მზიან, სამხრეთის მხარეს გადადგამთ.
ბეგონია ის ყვავილია, რომელიც დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ყვავის და ახალისებს ადამიანს.
იმისათვის, რომ დეკემბერში კაქტუსი დეკემბერა ააყვავილოთ, აუცილებელია მისი დასვენება, ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში შეუმციროთ წყლის მიწოდება და ტემპერატურა.
დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოყვავილე ყვავილის შებრუნება ან მისთვის ადგილის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში მას ყვავილები დასცვივა.
მთელი ზამთარი იყვავილებს ანტურიუმი ან სპატიფილუმი, თუ მას სამხრეთით მდებარე ფანჯარაზე განათავსებთ. მათ განსაკუთრებული განათება აღარ სჭირდებათ. მთელი ზამთარი ყვავიან ის მცენარეები, რომელთაც ყვავილობა შემოდგომით დაიწყეს, ამისთვის კი მათ სასუქის დამატება სჭირდებათ.
გვინდა შეგახსენოთ, რომ ზამთარში მოყვავილე მცენარეებისთვის უმთავრესი მაინც სათანადო ტემპერატურის შერჩევაა:
აზალია, კამელია და პუანსეტია სიგრილის მოყვარული მცენარეები არიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ 15-18 გრადუს ტემპერატურაზე. თუმცა მათი ყვავილობის პერიოდში ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალი უნდა იყოს.
ტროპიკული მცენარეები, ორქიდეები და გუზმანიები, უფრო თბილ გარემოში უნდა მოათავსოთ და მოარიდოთ ორპირ ქარს.
ზამთარში მოყვავილე მცენარეების ცალკე ჯიშად მიიჩნევა ბოლქვიანი მცენარეები, ისეთები, როგორებიცაა. ნარცისი, კროკუსი, გიაცინტი. ეს მცენარეები, როგორც წესი, ზამთრის მეორე ნახევარში ყვავიან, როდესაც დღე მატებას იწყებს.
ბოლქვიანი მცენარეა ჰოპეასტრიმიც, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავის თებერვალსა და იანვარში. ეს ძალიან უპრეტენზიო მცენარეა.
მნიშვნელოვანია ბოლქვების მომზადება გამოსაყვანად. უმჯობესია უკვე გამოყვანილი ბოლქვების შეძენა.
ასეთ მცენარეებს უხდებათ საშუალოდ თბილი გარემო, 10-15 გრადუსი ტემპერატურა. იმისათვის, რომ ყვავილი უფრო ლამაზი და ხასხასა იყოს, საჭიროა ძალიან კარგი განათება.
ასე რომ, გირჩევთ სწორად შეარჩიოთ ყვავილები და ლამაზი და ხალისიანი ზამთარი გარანტირებული გექნებათ.
თამუნა დავითაშვილი
კომენტარები