"ღამის ლამაზმანი" მირაბილისი - მცენარე, რომელსაც სასიამოვნო სიურპრიზები მოაქვს მფლობელისთვის

მირაბილისი ლათინური სიტყვაა და საოცარს ნიშნავს. ეს სახელწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ყვავილისგან სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

ამ მცენარეს მეორენაირად ღამის ლამაზმანს უწოდებენ, ღამის კი იმიტომ არის, რომ სწორედ ღამით ყვავის. რაც შეეხება ფერს, არსებობს როგორც ღია, ისე მუქი შეფერილობის.

მირაბილისი ღამით მოყვავილეთა ოჯახის წარმომადგენელია.

პირველი ინტერესი ამ ყვავილის მიმართ აცტეკებმა გამოიჩინეს, ხალხმა, რომელიც თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ბინადრობდა. ეს მცენარე ძალიან ადვილად ეგუება მშრალ ჰავას და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

მას შემდეგ, რაც მექსიკა ესპანელებმა დაიპყრეს, მირაბილისის თესლი ესპანეთშიც მოხვდა,
შემდეგ ინგლისში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ის ნელ-ნელა გავრცელდა და დაბინადრდა თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მცენარე ეგვიპტეში, ასევე მაროკოში. ერთ-ერთ სახეობას, ყვითელ-ვარდისფერ ზოლებიანს, მარაქეშიც კი უწოდეს.

გამრავლება
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა მარტში ან აპრილში ჩათესოთ თესლი ტორფისა და ქვიშის ნაზავში და 19-20 გრადუსზე 2 კვირის განმავლობაში მოათავსოთ. 2 კვირის შემდეგ პირველი ყლორტები ამოიწვერება, მაგრამ საჭიროა 2-3 კვირა კიდევ დააცადოთ და ჩვეულებრივ გრუნტში მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოთ. კარგი იქნება, თუ დათესვამდე მირაბილისის თესლს 4-6 საათით სველ ხელსახოცში გაახვევთ.

ნოემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ღამის ლამაზმანი მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მას თვეში მხოლოდ 2-ჯერ რწყავენ.
ამ მცენარეს აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი. ის ბორდიურის, გზის პირა მცენარედ ითვლება.

ღია გრუნტში მირაბილისი მალე იქცევა ბუჩქად. ის დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის იზრდება, ასევე სიგანეში.

ეს ყვავილი განსაკუთრებით მათთვის არის კარგი, ვინც მთელი დღე დაკავებულია. საღამოთი კი შეუძლია მისი სილამაზით დატკბეს. მირაბილისს შეუძლია პატრონს მთელი დღე უპრეტენზიოდ ელოდოს. საღამოს ის მზად არის გადაიფურჩქნოს და პატრონის გული და თვალი გაახაროს. ის 4 საათი ყვავის. მას მეტსახელად 4 საათსაც კი უწოდებენ.

ფერები

მირაბილისი არსებობს სხვადასხვა ფერის - წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, მელნისფერი, სტაფილოსფერი და კიდევ სხვა. არსებობს როგორც ერთტონიანი, ისე რამდენიმე ფერის ერთად შერწყმული.

ყველაზე სურნელოვანი თეთრი და ღია შეფერილობის ყვავილებია.

ძალიან ეფექტურია სხვადასხვა შეფერილობის მირაბილისი. ღამით ამ მცენარეს საოცარი, ფრანგულის პარფიუმის სურნელი აქვს.

რა უნდა იცოდეთ

იმისათვის, რომ მირაბილისმა კარგად იხაროს და იყვავილოს, ის უნდა ოყოს მზიან ადგილას. ღამის ლამაზმანი თავს ჩრდილშიც კარგად გრძნობს, თუმცა ამ შემთხვევაში ის ძალიან კარგად ვერ ყვავის.

ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ნაყოფიერი და მცენარეს უნდა ჰქონდეს კარგი დრენაჟი.

მირაბილისი მრავალწლოვანი მცენარეა, თბილ კლიმატში ის მშვენივრად იტანს ზამთარს და კარგად მრავლდება.


ამ საოცარი მცენარის თესლი ჟურნალ "შინ"-ის ახალ, გაზაფხულის (მე-16) ნომერში ყველა ჩვენს მკითხველს დახვდება. 
1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები