ქართული ბოსტანი სიცილიური სახლის აივნებზე: "მიწის ნაკვეთის არქონა სულაც არ ნიშნავს, რომ ბოსტნის თუ ბაღის გაშენება შეუძლებელია"


დღეს გამწვანებული აივნით ძნელია, ვინმე გააკვირვო. იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მთარგმნელმა მაია ტურაბელიძემ კი მაინც მოახერხა თავისი აივანი გამორჩეული გამხდარიყო. მას იტალიაში, შუაგულ სიციალიაში ლამაზ-ლამაზი ყვავილების გვერდით ნამდვილი ქართული ბოსტანი აქვს გაშენებული. მშობლიური ქვეყნის სურნელი და გემო რომ შეინარჩუნოს, საქართველოდან ჩამოაქვს მწვანილისა თუ ფხალეულის თესლები და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში თავზე დაჰფოფინებს.

 - მართალია, თანამედროვე ყოფაში ბოსტნეული თუ სხვა მცენარეული კულტურების მოყვანა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ მე ამ საქმეს უკვე კარგა ხანია ვეწევი. საკუთარ ბაღში ან ბოსტანში ფუსფუსი
ბევრს სურს, რაშიც ზოგს სეზონი უბიძგებს და ზოგს საკუთარ სახლში ყოფნის აუცილებლობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ორივეს მესამე ფაქტორიც ემატება _ მშობლიურ ქვეყანაში ფიზიკურად თუ არა, სულიერად ყოფნა მაინც. მშობლიური ქვეყნის მონატრებით გამოწვეული ნოსტალგიის შემსუბუქებას ქართული კუთხეების სამახსოვრო ნივთებითა და წიგნებით შექმნა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს, თუმცა მე მას საქართველოში ხშირი ჩასვლითაც ვიქარვებ ხოლმე.
მშობლიური კერძების მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ უცხო მიწაზე სრული სიამოვნების მიღებას არ წარმოადგენს, მაინც აუცილებელია. მშობლიური სამზარეულო ნებისმიერ ქვეყანაში ყოფნისას თავს სახლში გვაგრძნობინებს. კერძების მომზადებისთვის კი ბოსტნეულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიწის ნაკვეთის არქონა სულაც არ ნიშნავს, რომ ბოსტნის თუ ბაღის გაშენება შეუძლებელია. იმ პერიოდში, როცა იტალიაში ყოფნა მიწევს, მშვენივრად ვიყენებ ჩემი ბინის ორ აივანს, რომლებზეც არაერთი ყვავილოვანი მცენარე და სურნელოვანი ბოსტნეული მაქვს გაშენებული. ქართული კერძების მოსამზადებლად პირველ რიგში ქართული კულტურების მოყვანაა საჭირო. საქართველოდან წამოღებულ თესლებს, რომლებითაც ჩემი საყვარელი დედიკო მამარაგებს, გაზაფხულზე სხვადასხვა ზომის ქოთანში ვყრი. მიწა სოფლის მაქვს ან ტყეში ვიღებ, ან თუნდაც მარკეტში ვიძენ. რამდენიმე წლის შემდეგ მას ვცვლი, ქოთნებს ახლით ვავსებ.


- რომელი მცენარეები გაქვთ აივანზე გაშენებული?
- ჩემს აივნებზე ყვავის ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა, ხახვი, ნიორი, წითელი ფხალი, წიწმატი, კარტოფილი, როზმარინი, ბაზილიკი, ნარცისი, ჟასმინი, ზამბახი, შროშანი, ვარდი, რომელთა უმეტესი ნაწილიც საქართველოდან მაქვს წამოღებული. მათ დილასა და საღამოს ვრწყავ. როცა მწველი მზეა, აივანზე ფარდას ვაფარებ, ცოტა ჩრდილში რომ შევიფარო ისინი. აივანი, საბედნიეროდ, ისეთ მხარეს მაქვს, სადაც ქარი იმდენად არ უბერავს. ყინვა აქეთ არ იცის, სიცილიაა. ძლიერ წვიმაში კი ყველას აივნის სახურავის ქვეშ ვიფარებ.

- ერთხელ დათესვის შემდეგ რამდენ ხანს იყენებთ მაგალითად, მწვანილებს?
- ქინძი და ოხრახუში ორ კვირაში ამოდის, და თვეების განმავლობაში ვიყენებ, ოხრახუშს - წელიწადზე მეტ ხანსაც. ყვავილის გაკეთებას არ ვაცლი და უფრო ვინარჩუნებ.
ხახვი მაქვს ჩარგული, უკვე წელიწადზე მეტია, რომელიც დაუსრულებლად ამოდის და მის მწვანე ფოთლებს კერძში ვიყენებ. ნორჩ ღეროებს ვაცლი და ქვევით მძლავრდება, რაც მერე სიცოცხლეს უნარჩუნებს. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: ულამაზესი და სურნელოვანი ფრეზია, გაზაფხულზე, როცა ყვავილობას ასრულებს და მიწაში მისი მხოლოდ ბოლქვები რჩება, ქოთანი რომ არ გაცდეს, ქინძს ან ოხრახუშს ვთესავ. ასე, ერთი და იგივე ქოთანს რამდენჯერმე ვიყენებ.



- ერთი შეხედვით და ნაამბობით ეს ყველაფერი ადვილი ჩანს, სინამდვილეში რამდენად რთული მოსავლელია?
- რა თქმა უნდა, თუ არ მოუარე, არაფერი იქნება. რამდენჯერ ცუდ ამინდში შუა ღამისას წამოვმხტარვარ და სახლში შემიტანია ყველაფერი. ისედაც სულ ვიფარავ მწველი მზისგან ფარდით, ძლიერი წვიმის დროს კი აივნის გადახურულ ნაწილში შემაქვს. ძალიან მიყვარს ჩემს ბაღ-ბოსტანში ფუსფუსი და მთარგნელობითი მუშაობის შემდეგ დასვენება. ბუნება თავისი მხატვრობით ხომ მაოცებს, მაგრამ მეც ხელს ვუწყობ და მის ნაბოძარს ვუვლი, ვეფერები, მით უმეტეს, როცა საქმე ქართულ ბაღ-ბოსტანს ეხება, რაც ენით აუწერელი სურნელით ახერხებს ჩემს სამშობლოში წარმოდგენით მაინც გადასროლას.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები