გასაჭიმი, შეკიდული და თაბაშირ-მუყაოს ჭერი - რომელი რით ჯობს? გვირჩევს გამოცდილი ხელოსანი

ჭერს ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჭერი ესთეტიურად მიმზიდველი და ამავე დროს ძალიან პრაქტიკული უნდა იყოს. როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მასალა, ჭერის რომელი სახეობაა უფრო გამძლე და მარტივად მოსავლელი, გვესაუბრება გამოცდილი ხელოსანი გიორგი ამაღლობელი.


- ინტერიერში ჭერს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. სწორად დაყენებული განათება, სწორად შერჩეული ფერი, ხარისხიანად დამონტაჟებული ჭერი ინტერიერში უმნიშვნელოვანესია. თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ, რომელ ოთახში ვაკეთებთ ჭერს და ამის მიხედვით შევარჩიოთ დიზაინი და ფორმა.

გასაჭიმი ჭერი

 

- თუ მისაღებ ოთახში გვსურს ჭერის მონტაჟი, როგორი ჭერი უნდა გავაკეთოთ?
- მისაღებ ოთახს ძალიან გადატვირთული ჭერი

არ უხდება. აქ კეთდება პატარა, ლამაზი გამოსახულებები, მოსახერხებელი განათებით. თუ საძინებელში აკეთებთ ჭერს, ძალიან უხდება თაბაშირ-მუყაოს ჭერი კუთხური გამოსახულებებით და ჭერში ჩამონტაჟებული ღამის განათებები.


- ე.წ. შეკიდული ჭერი რთული მოსავლელი არ არის?
- არ არის რთული მოსავლელი. გააჩნია რა საღებავებით და რა მასალით ვამუშავებთ. არსებობს ისეთი მასალები, რომელიც უპრობლემოდ იწმინდება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისი გასუფთავება.

 


 

შეკიდული ჭერი

 

- საქართველოში რამდენი სახეობის ჭერს ამონტაჟებენ?
- არის 5-6 სახეობის ჭერი: თაბაშირ-მუყაო, მეტალო-პლასტმასი, დაპრესილი ხის ჭერი, გასაჭიმი ჭერი და სხვა. ჭერს ვარჩევთ იმის მიხედვით, სად გვინდა მისი დამონტაჟება: შესასვლელში, აბაზანაში, სამზარეულოში თუ სხვა.


- რაც ჩამოთვალეთ, აქედან ყველაზე მოთხოვნადი რომელია?
- საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში მაქვს ნამუშევარი. იქაც და საქართველოშიც წამყვანი ადგილი თაბაშირ-მუყაოს და გასაჭიმ ჭერს უკავია. თითოეული მათგანის მონტაჟის დროს უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ მასალის ხარისხი. მონტაჟის პროცესში გასაჭიმი ჭერი შესაძლოა მარტივად დაზიანდეს, ამიტომ აუცილებელია, ძალიან კარგი ხარისხის მასალა შევიძინოთ. თაბაშირ-მუყაოს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება - თუ ჭერს დეფორმაცია ან სხვა სახის ნაკლი აქვს, თაბაშირ-მუყაო იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭერის დეფექტები მოხერხებულად შეინიღბოს, თანაც შესაძლებელია მის ქვეშ ელექტროსადენების დამალვაც.


- არაპროფესიონალმა ადამიანმა როგორ უნდა შეარჩიოს კარგი ხარისხის მასალა?
- ხარისხიან მასალას ფასიც შესაბამისი აქვს. ხარისხიან ჭანჭიკსაც კი განსხვავებული ფასი აქვს.


- ჭერის მონტაჟის დროს რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა?
ჭერის გაკვრამდე, გასათვალისწინებელია ბინის სიმაღლე. დაბალჭერიან სახლში არ არის სასურველი შეკიდული და მრავალდონიანი ჭერის მონტაჟი. ამ დროს ჭერი მინიმუმ 10 სმ-ით დადაბლდება. რაც შეეხება გასაჭიმ ჭერს, მას დაახლოებით 5 სმ სიმაღლე სჭირდება, ამიტომ დაბალჭერიან სახლში მისი გაკვრა უკეთესია. მაღალჭერიან სახლში ნებისმიერი ფორმის ჭერის გაკეთება შეგიძლიათ.


- თუ არასწორად დამონტაჟდა ჭერი, დროთა განმავლობაში რა პრობლემა შეიძლება შეექმნას?
- თუ თაბაშირ-მუყაოს ფილებს დაშორებები აქვს ერთმანეთთან და არ არის სწორად დამუშავებული, დროთა განმავლობაში გამოიწვევს ბზარების გაჩენას. როცა თაბაშირ-მუყაოს ვაკეთებთ, თუნდაც ეს არ იყოს შეკიდული და იყოს სწორი ჭერი, ვაკეთებთ სპეციალური შესაწები მასალით, შემდეგ ვაკრავთ ქაღალდს და მარლას, ვაკრავთ სტეკლოჰოსპს, რომელიც შპალერივით ეკვრება ჭერს და ამის მერე ვგრუნტავთ ("ვშპაკლავთ"), რის შემდეგაც აღარ იღებს ბზარებს.

 


 

თაბაშირ-მუყაოს ჭერი

 

გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში თუ ის კარგად არის გაჭიმული და კუთხის პროფილები სწორად არის დასმული, წლების განმავლობაში პრობლემა არ შეექმნება. გასაჭიმ ჭერს აქვს დაახლოებით 60-წლიანი გარანტია. წყალიც რომ ჩამოვიდეს, როგორც ცელოფნის პარკები, ისე იკეთებს მუცელს, შემდეგ გადმოისხმება დაგროვილი წყალი, თავიდან გახურდება მასალა და ჩვეულებრივად დაუბრუნდება საწყისი ფორმა.

გასაჭიმი ჭერი (გლუვი)


- რაც შეეხება ფერებს. რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, თუ გვინდა, რომ ოთახში დიდი სივრცე გამოჩნდეს?
- ღია ფერები აჩენს დიდ სივრცეს. რაც უფრო ღია ფერებია, მით უფრო დიდი ჩანს ოთახი. თუ დავამუშავებთ თეთრში, სპილოს ძვლის ფერში ოთახი ჩანს დიდი.


- თბოიზოლაციაზე რას იტყვით?
- ძალიან აქტუალურია შენობების თბოსაიზოლაციო მასალებით დაფარვა, რაც ამცირებს შენობის თბოდანაკარგს და შესაბამისად ამარტივებს მის გათბობას ზამთარში და გაგრილებას ზაფხულში. როცა არის ბეტონის კედლები და ჭერი, ამ შემთხვევაში სასურველია დათბუნება. კედლები თბუნდება მინაქსოვილით და პენოპლასტით. ორივეს თავისი ადგილი და შედეგი აქვს.


- თქვენ რომელს ურჩევთ მომხმარებელს?
- საქართველოში პენოპლასტით დათბუნებაც საკმარისია.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები