გამორჩეული ბინა თბილისში მოხატული ჭერით და საუცხოო დიზაინით

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, თბილისშია, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. მისი მეპატრონე ნინო ჩიჩუა პროფესიით მარკეტოლოგია და ამ მიმართულებით მუშაობს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, საკუთარი ბინის რემონტი და დიზაინი თავად იტვირთა. ინტერიერი საკმაოდ უჩვეულოა, ორიგინალური დიზაინით, ნივთებით და მოხატული ჭერით გამოირჩევა. რატომ შეარჩია ეს სტილი და როგორ მოაწყო ბინა, ამას ქალბატონი ნინო გვიამბობს.

- ეს ბინა 2019 წელს შევიძინე. შეძენისას უპირატესობა მივანიჭე მაღალ ჭერს, სქელ კედლებს, ადგილმდებარეობას. მინდოდა, ყოფილიყო ძველი თბილისური ეზო, თავისი განლაგებით, სისტემით და მოწყობით. მსურდა, საკუთარი ძალისხმევით გამერემონტებინა და ისეთი სახე
მიმეცა, რომ განსხვავებული ყოფილიყო დღეს არსებული ბინებისგან. ასევე თავიდანვე დავგეგმე, რომ ტურისტებზე გამექირავებინა, ამიტომ აუცილებლად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად შავი კარკასის მდგომარეობაში შევიძინე, ამიტომ ყველაფრის შეცვლა და თავიდან გაკეთება მომიხდა: იატაკის, კედლების, ჭერის, ფანჯრების. ძველი ბინის გადაკეთება და რემონტი გაცილებით რთული და ხარჯიანია, ვიდრე ახალი ბინის რემონტი, თუნდაც შავი კარკასის სტადიაში.

სამწუხაროდ, რემონტის დასასრულს პანდემია დაემთხვა და ამ პერიოდში არც გამიქირავებია. რემონტი 2020 წლის გაზაფხულზე დავამთავრე და ერთ წელზე მეტი გაჩერებული ვიყავი.

- ნახატები ვისი იდეა იყო?
- როგორც გითხარით, თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, რომ გამექირავებინა უცხოელ ტურისტებზე. შესაბამისად, მინდოდა ყველასგან განსხვავებული და საინტერესო ყოფილიყო. ევროპასთან ინტეგრაციის თემებიდან გამომდინარე, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა ინტერიერში მხატვრობის სახით გადამეტანა მითი მედეას და იასონის შესახებ. გადავწყვიტე, ამ ბინის კონცეფცია სწორედ ეს ყოფილიყო. არის ბინები ფლორენციაში, ბარსელონაში, რომში, რომელიც ამ სტილშია მოხატული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ შემთხვევაშიც გაამართლა.

ჭერის დიზაინს მივყევით და ასე შეიქმნა მთელი ბინის ინტერიერი. მხატვარ-რესტავრატორი ორ თვეზე მეტ ხანს მუშაობდა ჭერის მხატვრობაზე. არ გვქონია არანაირი რენდერი ან ესკიზი, არც პროფესიონალი დიზაინერისთვის მიმიმართავს. რემონტის ზედამხედველობისას მამაჩემი მეხმარებოდა. ჩემთვის ეს პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი იყო. დღეს ბინას ამშვენებს მხატვრობის უნიკალური ნიმუში არგონავტების თემატიკაზე. საძინებლის ჭერზე წარმოდგენილია მედეასა და იასონის პირველი ამბორი. მისაღები ოთახის მოხატულობა კი გაგიცოცხლებთ სურათს, სადაც შავი ზღვის ტალღებს მოაპობს გემი „არგო“ და იასონი ელადის რჩეულ მებრძოლებთან ერთად საქართველოსკენ მოიჩქარის, რათა ოქროს საწმისს დაეუფლოს.

იასონისა და მედეას საბედისწერო სიყვარულის ამბავს უამრავი ლეგენდა აღწერს. მას უმეტესად ტრაგიკული დასასრული აქვს. მაგრამ არის თქმულების გვიანდელი ვერსია კეთილი დასასრულით, რომლის მიხედვითაც იასონი და მედეა ისევ კოლხეთში დაბრუნდნენ და დიდხანს, ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჩვენც ამ ლეგენდას გავყევით. წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ბინა კოლხეთის მეფის, აიეტის ასულის, ქალღმერთ მედეასა და ბერძნული მითოლოგიის გმირის, იასონის თავბრუდამხვევი სიყვარულის სიმბოლო და კვლავ საქართველოში დაბრუნების ადგილია.


- რა სტილში გადაწყვიტეთ ინტერიერი?

- ინტერიერის დიზანი არის ეკლექტური სტილის - ნეოკლასიკური და თანამედროვე დიზაინის ნაზავი. ორივე სტილი ნათელი თავისუფალი სივრცეებით ხასიათდება, შესაბამისად გაცილებით ადვილია ამგვარ დიზაინთა კომბინაციური შერევა. ბინა არის მაღალჭერიანი და ნათელი. უხვად შემოდის მზის სხივები. ეს კი იძლევა შესაძლებლობას, შექმნა მაქსიმალური კომფორტი და ისიამოვნო, დაისვენო. ამ ბინის შექმნის მთავარი იდეა არ იყო მხოლოდ ლამაზ ინტერიერზე ზრუნვა. მინდოდა, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს უკეთ გაეცნო ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ისტორია და საქართველოზე შთაბეჭდილებების ნაწილი ამ ბინიდანაც წაეღო. ბინაში წარმოდგენილი მხატვრობა, ნივთები, აქსესუარები, ილუსტრირებული წიგნები საქართველოს ისტორიისა და თბილისის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ქართული სამზარულოს რეცეპტები, ქართველი მხატვრების ალბომები, კედელზე განთავსებული ოქრომკედით (ქართული უნიკალური ქარგვის ტექნიკა) შესრულებული ნაქარგობები ძალიან შთამბეჭდავ და ღრმა ინფორმაციას აწვდის უცხოელ სტუმრებს. ბევრს უთქვამს კიდეც, რომ ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ, გარეთ გასვლაც აღარ უნდათ.


პროფესიით მარკეტოლოგი ვარ. მარკეტინგიდან გამომდინარე, ვიფიქრე კონცეფციასა და ბრენდინგზე, ასევე მიზნობრივ სეგმენტზე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ინტერიერის დიზაინთან შეხება, რის შედეგადაც დამიგროვდა შესაბამისი გამოცდილება. ვფიქრობ, იდეამ გაამართლა და მიხარია, როცა ამდენ დადებით შეფასებას ვიღებ.

- ბინას არანაკლებ მარავალფეროვანს ხდის ავეჯი, დეკორაცია, სხვადასხვა ნივთი. თითოეული თქვენი შერჩეულია?

- დიახ. სამზარეულო ჩემი გემოვნებით დავამზადებინე. არის სკამები, მაგიდები ანტიკვარული ნივთები, რომლებიც ანტიკვარიატის მაღაზიებში შევიძინე. ზოგიერთ მათგანს რესტავრაციაც დასჭირდა. საწოლიც ანტიკვარული ვიყიდე და ავაწყობინე ამ კონცეფციით, როგორც ახლა არის ინტერიერში წარმოდგენილი. ვფიქრობ, თითოული ნივთი ძალიან მოუხდა ერთმანეთს. მიხარია, როცა უცხოელი სტუმრების საოცარ შეფასებებს ვკითხულობ. ამ დროს ვფიქრობ, რომ მცდელობას და ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია.

მერი ბლიაძე
გოგა მოსიაშვილის ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები