"როცა შენით ქმნი ნულიდან, გიყვარს ყოველი დეტალი..." - 50 კვ.მ. ფართის ბინა ძველ თბილისში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

ირინა ბებია პროფესიით იურისტია, თუმცა ამ სფეროში არასოდეს უმუშავია. დღესდღეობით ერთ-ერთ ბანკში საცალო რისკების განყოფილებაში მუშაობს. რამდენიმე წლის წინ ძველ თბილისში 50 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა შეისყიდა. რემონტის პროცესი თავის თავზე აიღო, დიზაინის საკითხში კი 16 წლის შვილი დაეხმარა. ბინამ სოციალურ ქსელში, რემონტის ჯგუფში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რემონტის სფეროში ირინას დიდი გამოცდილება არ ჰქონია, ამ საქმეს მაინც შესანიშნავად გაართვა თავი.

- ბანკში მუშაობა ძალიან სტრესულია, ამიტომ აუცილებელია რაიმე ხალისიანი ჰობი გქონდეს და თავისუფალ დროს ამით დაკავდე. უცილებელია,
მოახერხო განტვირთვა. ჩემი პირველი ჰობი კულინარიაა, მიყვარს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ახალი კერძების თუ დესერტების მომზადება. მოყვარულის დონეზე იუთუბ არხიც მქონდა Easy cooking with Irina Bebia.

- ჯგუფ „რემონტში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი ბინის ფოტოებს. დიზაინი თქვენ გეკუთვნით, თუ ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ?
- რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ძველ თბილისში ბინის შეძენა, შემდგომში ტურისტების მასპინძლობის მიზნით. ამ სფეროში თავისებური სპეციფიკაა, უნდა შეისწავლო ტურისტების მოთხოვნები, შენც წარმოიდგინო როგორც ტურისტმა, რა მოლოდინები გექნება უცხო ქვეყანაში ბინის ქირაობისას და მხოლოდ ამის მიხედვით გადაწყვიტო დიზაინი და კეთილმოწყობა.
დიზაინის მოფიქრებაში ძალიან დამეხმარა ჩემი შვილი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო. ისე აღმოჩნდა, რომ მას უკეთესი ხედვა ჰქონდა და მე უფრო პრაქტიკულად განხორციელებაში ვიყენებდი ჩემს რესურსს. ამ პროექტმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემი შვილის მომავალი პროფესიის არჩევანზეც და ინტერიერის დიზაინის პროფესიულ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.

- როგორ დაგეგმეთ მომავალი რემონტი?
- როდესაც ბინას ყიდულობ, თავდაპირველად უნდა გაეცნო ბინის შიდა დაგეგმარების პროექტს, გაარკვიო მზიდი კედლების განლაგება, გონებაში წარმოიდგინო ოთახების განლაგება, რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური დანახარჯების მხრივ. ამ ზოგადი მონახაზის საფუძველზე იღებ გადაწყვეტილებას ბინის შეძენაზე. არავითარ შემთხვევაში პირიქით, ბინის შეძენის მერე არ უნდა დაიწყო ამ დეტალების გარკვევა.

- ინტერიერზე მუშაობისას რა იყო თქვენი პრიორიტეტი?
- როგორც მანამდე აღვნიშნე, ტურისტულ უბანში ბინა უნდა იყოს ძალიან ეფექტური, ხალისიან ფერებში გაწყობილი და ნაკლებად გადატვირთული. ბინაში გჭირდება მხოლოდ ის ტექნიკა თუ ინვენტარი, რასაც მცირე ხნიანი დასვენებისას იყენებს ტურისტი. ჩემი პრიორიტეტიც სწორედ ეს იყო.

- რთული და დამღლელი იყო ეს პროცესი, თუ პირიქით?
- მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაც აზარტიცაა ამაში. ზოგადად, რემონტის პროცესი რომ სასიამოვნო იყოს და ჯოჯოხეთად არ იქცეს, მთავარია სანდო სარემონტო ჯგუფი გყავდეს. რემონტის პროცესში მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე სამუშაოების თანმიმდევრობა, პარალელურად დაიწყო ავეჯის დამზადება თუ შეძენა, რომ დროში თანხვედრა მოხდეს და უაზროდ არ მოგიწიოს ლოდინმა სანამ ერთი ეტაპი მეორეს დაეწევა.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც რემონტის დაწყებას გეგმავს?
- არასოდეს მოიშოროთ ძველმოდური ავეჯი, კარგი რესტავრატორის საშუალებით შეიძლება ორიგინალური და რაც მთავარია ნაკლები დანახარჯებით ლამაზი ავეჯის დამზადება. რემონტის პროცესში მთავარი გამოწვევაა ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მიღება. პატარა ბინაში სასურველია, რომ ჭერი მაინც იყოს მაღალი, რაც სივრცის შეგრძნებას გაძლევს და აღარ აღიქმება მცირე კვადრატულობა. სწორედ ამიტომ ავარჩიე მაღალჭერიანი ბინა და სულ არ იგრძნობა, რომ საერთო ფართი სულ რაღაც 50 კვადრატული მეტრია. ფერების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მოცულობა, განათება და ავეჯის განლაგებაც.

ვინაიდან ოთახები საკმაოდ პატარა იყო, გადავწყვიტე მხოლოდ ერთი კედელი გამომეყებებინა დეკორის სახით და დანარჩენი როლი ავეჯს ეთამაშა. ასევე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშველოვანია ცოცხალი ყვავილები, რომელსაც განსაკუთრებული სიცოცხლე და ხალისი შეაქვს ბინაში. სოციალურ ქსელში არის ძალიან ბევრი მცენარეების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფი, სადაც საკმაოდ ბიუჯეტურად შეიძლება დიდი ზომის მცენარეების შეძენა. საბოლოო შედეგმა ისე გაამართლა, რომ ამაზე არ გავჩერებულვარ და მოყვა კიდევ რამოდენიმე პროექტი. გაგიკვირდებათ და რემონტის პროცესს ერთგვარი დამოკიდებულებაც აქვს და გარკვეული პერიოდის მერე მენატრება. ამ კონკრეტული პროექტისგან მიღებული გამოცდილება მეხმარება მომავალში ნაკლები შეცდომები დავუშვა, რომლიც გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, მთავარია გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვა.

- ყველაზე მეტად რა მომწონთ თქვენს ბინაში?
- ესაა ყველაზე რთული შეკითხვა, როცა შენით ქმნი ნულიდან, გიყვარს ყოველი დეტალი, ყოველი კუთხე, სხვანაირად წარმოუდგენელია.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები