"ბინის პროექტი არ მოგვწონდა, არც ერთი ოთახი არ იყო სწორი ფორმის... მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა" - ბინა თბილისში, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად და დიზაინერის რჩევები ჩვენს მკითხველებს

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ინტერიერის დიზაინერი ნანა თავდუმაძეა (ნანა შამონე). მის მიერ შესრულებულმა ბოლო პროექტმა „რემონტის“ ჯგუფში ბევრი აღაფრთოვანა. ნანა ამ ბინის შესახებ გვესაუბრა, ამასთან, საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რჩევები გაუზიარა „შინის“ მკითხველს.

- ცხრა წელია ინტერიერის დიზაინით ვარ დაკავებული, თუმცა ორი სხვადასხვა მიმართულებით მაქვს განათლება მიღებული: მოსკოვში - საერთაშორისო პოლიტოლოგის და მილანში - მოდის სფეროს სტილისტის. ჩემს პროფესიაში კი თვითნასწავლი ვარ. ვუსმენ და ვუყურებ ინტერიერის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მთავარი ცოდნა მივიღე დედისგან, მაღალი დონის გემოვნების და ცოდნის ქალისგან, რომელიც
ბავშვობიდან მასწავლიდა ფერების შეხამებას, მიყვებოდა მხატვრებზე, ხარისხიანად გაკეთებულ ნივთებზე, დავყავდი მუზეუმებში, „ბარახლოვკებზე“ და ანტიკვარულ აუქციონებზე, სადაც ერთად ვარჩევდით და ვყიდულობდით საინტერესო ნივთებს. მამაჩემის სამსახურიდან გამომდინარეც ძალიან გამიმართლა, რომ ყველაზე შთამბეჭდავ ასაკში, წლების განმავლობაში მომიწია ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიც ამერიკა და იტალიაა, სხვადასხვა კულტურამ და არქიტექტურამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემი გემოვნების და ხედვის ჩამოყალიბებაში. თან მომეცა საშუალება, ჯამში ექვსი ენა მესწავლა, რაც ყოველ დღე მეხმარება საქმეში.

როგორც ბევრი შემოქმედებითი ადამიანი, მეც ვერ ვიტან რუტინას, წესებს და ჩარჩოებს. ოფისებში ჯდომას ვერ ვეგუებოდი, ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ სამსახურზე, სადაც ვერ ვიგრძნობდი, რომ ვმუშაობ, და ავისრულე კიდევაც. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ჩემი შრომის ლამაზ შედეგს ვხედავ. ჩემს ინტერიერის პროექტებში იუველირულ სიზუსტეს ვითხოვ ხოლმე ჩემი თავისგან და ხელოსნებისგან. ხანდახან ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ეგ საქმეც კარგად გამომივიდოდა, მითუმეტეს ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი ბრდღვიალა და ბრჭყვიალა. ასე რომ, შარშან გადავწყვიტე იუველირობაც დამეწყო - ვისწავლე ყველაფერი ძვირფას ქვებზე, გაკეთების პროცესზე და შევქმენი ბრილიანტის ბეჭდების პირველი კოლექცია. ვგიჟდები ამ საქმეზეც, ლამის ინტერიერებს ვანებებდი თავს, რადგან ძალიან ბევრი ნერვები და დრო მიაქვს ჩაფიქრებული იდეალის ასრულებას, მაგრამ ჩემი ბოლო პროექტის პოპულარულობამ და ათასი კეთილი ადამიანის სასწაულმა კომენტარმა ისევ ძალა მომცა, რომ გავაგრძელო ეს საქმე. აქაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამდენი ლამაზი სიტყვისთვის.

- სწორედ ამ თემას მინდა შევეხო. რემონტის ჯგუფში ჩვენი ყურადღება მიიქცია თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბინის ვიდეომ. მოგვიყევით ამ ბინის შესახებ...
- ეს არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ნანიკოს ბინა, რომელიც არის 64 მ2, მაღალ სართულზე ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში ჭავჭავაძეზე. დიზაინი შესრულებულია ჩემს საყვარელ ამერიკულ სტილში. ეს ბინა მისმა მეუღლემ ნანასთან შეუთანხმებლად შეიძინა. ნანას კი იმდენად არ მოეწონა, რომ საქმე ოჯახში სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა. მთელი სამეგობრო ვამშვიდებდით. ბინის პროექტი არ მოგვწონდა, არც ერთი ოთახი არ იყო სწორი ფორმის, მაგრამ ვარწმუნებდი, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ლამაზს გავხდიდი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ შევცდი. ეს უცნაური კედლებია ზუსტად, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამ ბინაში, რაც მას მყუდროს და განსხვავებულს ხდის. ზოგი კედელი ოდნავ გადავწიეთ, რომ ამ პატარა სივრცეში ყველაფერი განგვეთავსებინა რაც გვინდოდა.

- რემონტის პროცესში თქვენც იყავით ჩართული?
- მე ჩემს პროექტებში ჩართული ვარ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ჩემს გარეშე როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს დამკვეთი, სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. საათობით ვხაზავ კაფელის სათითაო განლაგებას, ვეუბნები ხელოსნებს, სად როგორ უნდა გადანაწილდეს და გადაიჭრას ეს ფილები, სად უნდა მოხდეს შპალერის გადაბმის ზოლები, მოლდინგის უჯრედები, ვაკონტროლებ ზუსტად რა ტონალობაზე უნდა დაჯდეს კედლის და სამზარეულოს ფერი, როცა ჩვენით ვაზავებთ საღებავს და ა.შ. ავეჯის და დეკორის ყიდვის დროს ხომ საერთოდ, დამკვეთისთვის უმარტივესია დაიკარგოს არჩევანში და მთელი თვეების ნაფიქრი დიზაინის სტილი შეცვალოს ერთი არასწორად შერჩეული ნივთის გამო. როგორც გემრიელი კერძი ვერ გამოვა, თუ ერთ არასწორ ინგრედიენტს გაუკეთებ, ასევე ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი დიზაინი ცუდისგან განსხვავდება მხოლოდ დეტალებით.

ამ მხრივ გამიმართლა რომ ჩემი და ნანას გემოვნება 99%-ით ემთხვევა და ყველაფერში სრულად მენდობოდა. ვერ აღვწერ, ეს რამხელა ბედნიერებაა დიზაინერისთვის, როცა არ გიწევს ყველა ნაბიჯზე ახსნა დამკვეთისთვის, რატომ ჯობია იყოს ასე და არა ისე. როცა აგყავთ დიზაინერი, ენდეთ მის რჩევებს, ამის უკან წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა დგას. მხოლოდ ასე მიიღებთ ეფექტურ, ლამაზ და კომფორტულად დალაგებულ სივრცეს.
ის 1% რაზეც ვერ ვთანხმებოდი ნანასთან იყო შპალერი აბაზანაში, მას არაფრით არ უნდოდა, ეგონა რომ მოსავლელად რთული იქნებოდა და ეშინოდა რომ მალე გაფუჭდებოდა, მაგრამ ეს ულამაზესი ფოთლებიანი შპალერი რომ შეგვხვდა და მივხვდი, ამ ბინისთვის არის შექმნილი - დიდხანს ვეხვეწებოდი გავაკეთოთ თქო, ამერიკაში ყოველ მეორე აბაზანაში შპალერია გაკრული, ესე იგი არც ისეთი ცუდი არ უნდა იყოს - ბოლოს მგონი დავღალე და დამითმო. დღეს რომ ჰკითხოთ კი იტყვის: „კიდევ კარგი, შენი გაიტანე”.

- მოგვიყევით, როგორ დაიგეგმა, დაიწყო და განვითარდა რემონტის პროცესი? რა ეტაპები გაიარეთ და რა სამუშაოები შესრულდა?
- ის რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ბინაში რემონტის ბოლო ეტაპზე მონტაჟდება, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაიგეგმოს პირველ ეტაპზე - ეს არის განათება. წინასწარ ყველა სივრცისთვის მოვიფიქრეთ ავეჯის ზუსტი განლაგება. ამაზე იყო დამოკიდებული, სად როგორი განათება იქნებოდა. განლაგების, სტილის და ფერების შეთანხმების მერე დავიწყეთ გარემონტება, ერთად ვარჩევდით მასალებს, არ ვჩქარობდით, ვინ იცოდა, რა ცნობილი სირთულეები გველოდებოდა წინ. დაიწყო პანდემია, ძლივს ვყიდულობდით იმას, რაც კიდევ გვაკლდა. სასურველ ავეჯს ვერ ვპოულობდით თბილისში, ყველაფერი ან სხვა სტილში და ფერში იყო, ან კატასტროფულად ძვირი. თვეების განმავლობაში დავდიოდით წინ და უკან ერთსა და იმავე მაღაზიებში იმის იმედით, რომ იქნებ რამე ახალი შეგვხვედროდა. შესაფერისს რომ ვერ ვპოულობდით, ბოლოს უკვე ერთმანეთს ვამშვიდებდით: „ნუ ნერვიულობ ნანიკო, მაინც მოუხდება, მაინც კარგი გამოვა” და გვიწევდა ბაზარზე არარსებული იდეალის დათმობა.

ყველაზე დიდი პრობლემა იყო არჩევანის დეფიციტი. ძალიან მინდა, რომ მაღაზიების მფლობელები შეგვეხმიანონ ხოლმე დიზაინერებს და გვკითხონ რა ჩამოიტანონ, რა გვაკლია, რა გვჭირდება. განსაკუთრებით განათება არის პრობლემატური: ან ძალიან დაბალი ხარისხის არის, ან არც ისე კარგი დიზაინის, ან ძალიან ძვირი. ასევე, თურმე საშხაპე კაბინის ლამაზი სახელურის ყიდვაც ყოფილა პრობლემა, ე.წ. „ტრუბა კვადრატი“ ვერ ვაკადრეთ ჩვენს კოპწია ბინას, მოგვიწია გამოწერა.
ცალკე დიდი პრობლემა არის შეკვეთით დამზადებული ავეჯი. მაგალითად, სასურველი სასადილო მაგიდის ფორმა ხელოსნისთვის აღმოჩნდა ძალიან რთული გასაკეთებელი და ბევრჯერ მოგვიწია კორექტირება. ასევე, აბაზანაში მარმარილოს ზედაპირი ყველანაირი დეტალიზაციით დახატული ნახაზის და „ორმოცი წელია ამაზე ვმუშაობთ - ნუ ნერვიულობ“-ის მიუხედავადაც კი ჯერ არასწორი ფორმის ამოჭრეს და მოგვიწია მეორედ გაკეთება, მერე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს - ჩვენი ძვირფასი Villeroy & Boch-ის ნიჟარა მიაწებეს არასწორად შეტრიალებული. ლამის ვიტირე.

თუმცა კოლეგა დიზაინერები დამეთანხმებიან, რომ უშეცდომოდ არც ერთი რემონტი არ კეთდება და მეც მომივიდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: შემოსასვლელში პროპორციულად გადავანაწილე ჭერში რამდენიმე სანათი, ოღონდ მერე აღმოჩნდა, რომ მისაღებიდან როცა ვუყურებდით, თაღის ცენტრში არ ხვდებოდა ერთ-ერთი სანათი, რაც არ მოგვწონდა. გაგვიმართლა, რომ იყო მაგის საშუალება და ბოლოს გადავაკეთეთ.
ისე, ბევრი სირთულე და იმედგაცრუება გვქონდა, უამრავ ნერვის უჯრედს სამუდამოდ ხელი დავუქნიეთ. ყველაფერი განსხვავებული და კონკრეტული გვჭირდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ხელოსნებისგან მოითხოვდა დიდ ყურადღებას დეტალების მიმართ და თანამედროვე ცოდნას.

- ინტერიერში ღია ფერები ჭარბობს. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფერებში?
- ჩვენ გვქონდა ოთხი ობიექტივი ამ ბინისთვის: მდიდრული და დახვეწილი იერი ჰქონდეს. ნანას საყვარელი წყლისფერი ტონალობა იყოს გამოყენებული. ყველაფერი იყოს რაც შეიძლება კარგად შესრულებული, იმიტომ რომ ორივეს თვალში გვხვდება ყველა ნაკლი ნებისმიერ რამეში და მეოთხე - ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, „თირკმელის ფასად“ არ უნდა დამჯდარიყო.
მდიდრული იერი მივიღეთ ზუსტად ამ ნათელი ფერებით: რძისფერის, კრემისფერის და ნაცრისფერის კომბინაციით. ჩემი დაკვირვებით, ამ ფერების შეხამება არის მომგებიანი, ყველაფერს ხდის დახვეწილს და ელეგანტურს, გინდა ინტერიერს, გინდა ტანსაცმელს. თან პატარა სივრცე რომ არის ნათელ ფერებში უფრო დიდი გამოჩნდებოდა, როგორც ბევრმა შეამჩნია. მთლად უფერული და მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, გავახალისეთ პასტელის ფერების დეკორით და ნახატებით, ისე, რომ გამხდარიყო ჩემი კეთილი, დადებითი, ლამაზი მეგობრის შესაფერისი. დიზაინერები ცოტა ფსიქოლოგებიც ვართ, უნდა ვიგრძნოთ, ვის როგორი დიზაინი უფრო მოუხდება.

- რამდენ ხანში დაასრულეთ რემონტი და რამდენად კმაყოფილი დარჩით შედეგით?
- რემონტი გაგვიგრძელდა ორ წელზე მეტი, იმიტომ რომ არ ვჩქარობდით, ვეძებდით ხარისხიანს ყველაზე მისაღებ ფასად. მერე ხან ფინანსებს ველოდებოდით, ხან - დაუმთავრებელი პანდემია, ხან ხელოსნები გვიწელავდნენ, მერე მესამე შვილი გავაჩინე და პატარა ბავშვით ვეღარ ვიცლიდი იმდენს, ასე გაგვიგრძელდა. სამაგიეროდ, სათითაოდ ყველა კუთხე, ყველა ნივთი ორივეს ისე გვიყვარს ამ სახლში, რომ სულ თვალიერება გვინდა და მაგ ბინიდან გასვლა გვიძნელდება ხოლმე.

- რა არის ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი რჩევები, რომელსაც ჩვენს მკითხველს მისცემდით? რა ნიუანსებზე და დეტალებზე გაამახვილონ ყურადღება?
- თუ გინდათ მიიღოთ მსგავსი შედეგი, მივცემდი შემდეგ რჩევებს:

  • დიზაინი იწყება კარიდან, არც ერთი სივრცე არ დატოვოთ უყურადღებოდ, შემოსასვლელი კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან პირველია, რასაც ბინაში შესვლისთანავე ხედავ.
  • შეეცადეთ ყველა სივრცეში სტილით და ფერებით იგრძნობოდეს, რომ ერთ ბინას ეკუთვნის, არ უნდა იყოს ერთ ოთახში ლოფტი, მეორეში კლასიკა და საბავშვო ოთახში ყველაფერი ვარდისფერი, ასე დაირღვევა ჰარმონია.
  • ყოველთვის ყველას ვეუბნები: ზედმეტი განათება არ არსებობს. თავიდან მოიფიქრეთ ზუსტად სად რა გექნებათ და დაგეგმეთ შესაბამისი განათება, რომელიც უნდა იყოს მრავალფენოვანი - მთავარი ჭაღი, წერტილოვნები, ბრები, ტორშერები, მაგიდის სანათები, სანთლები და ასე შემდეგ.
  • არ დადგათ სამეული ინტერიერში, თუ გინდათ, რომ თანამედროვე იერი ჰქონდეს ბინას. მაგის სანაცვლოდ შეარჩიეთ სხვადასხვა დივანი და სავარძლები, ისე, რომ არ იყოს იგივე სტილის, მაგრამ უხდებოდეს ერთმანეთს ფორმით და ფერით.
  • ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეთ სამზარეულოს და აბაზანას, აქ უხარისხოდ გაკეთებული ნამუშევარი ყველაზე რთული და ძვირი გამოსასწორებელი იქნება. კიდევ გირჩევდით, განათება და კარადების სახელურები იყიდოთ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის (ეს არ ნიშნავს ძვირიანს!), ეს არის ბინის „საიუველირო აქსესუარები“. როგორც მოოქროვილ პლასტმასს და ნამდვილ ოქროს მაშინვე ეტყობა სხვაობა, ასევე პირველივე შეხედვით ეტყობა განათებას, როცა დაბალი ხარისხის მასალისგანაა.
  • არ დატოვოთ ცარიელი კედლები. მიეცით თვალებს რამე საინტერესო სანახავი, ჩამოკიდეთ (ზომიერად) ნახატები, ისინი აძლევენ ბინას „სულს“. ყოველთვის ვურჩევ ჩემს დამკვეთებს, რომ ისეთი ნახატები ან სურათები შეარჩიონ, რომლებიც მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს გამოიწვევს.
  • დაზოგეთ ფული კაფელზე, შპალერზე და დეკორზე. სულ არ არის აუცილებელი, იყოს ძვირად ღირებული. გამიკეთებია ბინა ყველაზე იაფიანი კაფელით და შპალერით, რომელიც ელიავაზე შევიძინეთ. თუ დამიჯერებთ - მშვენიერი გამოვიდა.

ბოლოს, ყველას ვუსურვებ, რომ საოცნებო შედეგით დაესრულებინოთ ბინის რემონტი.


მერი ბლიაძე
ნანა შამონეს და ანა დოლიძის ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები