როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ზედაპირი - პრაქტიკული რჩევები

დავიწყოთ იმით, რომ სამუშაო ზედაპირისთვის იდეალური ვარიანტია მთლიანი ზედაპირი, გადაბმებისა და ნაწიბურების გარეშე, თუმცა ასეთი ვარიანტი ბევრად ძვირი ღირს და ზოგიერთი წყობისთვის ის უბრალოდ ვერ გამოიყენება. თუ იმის საშუალება არ არის, რომ ერთი მთლიანი ზედაპირი გაკეთდეს, ეცადეთ გადაბმა თვალისთვის ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას მოექცეს. არ დაგავიწყდეთ გადაბმის ადგილის დამუშავება სპეციალური საშუალებით თუ წებოთი, რათა წყალმა არ შეაღწიოს და არ გამოიწვიოს სამომავლოდ მისი შებერვა და დაზიანება.


ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უვლის დიასახლისი სამუშაო ზედაპირს. თუ თვლით, რომ ხართ ძალიან აკურატული, გეხერხებათ საქმის ისე
კეთება, რომ ზედაპირს არ ხვდება ზედმეტი წყალი და არც ბევრი აგრესიული საწმენდი საშუალების გამოყენება გჭირდებათ ხოლმე, შეგიძლიათ ზედაპირად ხეც კი გამოიყენოთ, ან თუნდაც მარმარილო, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ეს ორი მასალა ძალიან ფრთხილად მოსავლელია. იმ შემთხვევაში, თუ გიყვართ ზედაპირის საჭრელ დაფად გამოყენება, ხშირად გიწევთ მისი წმენდა და დამუშავება, იცით, რომ პატარა დაზიანების შემთხვევაშიც კი ძალიან გული დაგწყდებათ, უმჯობესი იქნება არჩევანი უფრო მდგრად და გამძლე მასალაზე გააკეთოთ, მაგალითად, უჟანგავ ფოლადზე.

სამუშაო ზედაპირის შეძენის დროს გაითვალისწინეთ, რომ ფასი მითითებულია სიგრძის მიხედვით, მაგალითად, 1 მეტრის და ამ ფასში, როგორც წესი, არ შედის ხოლმე ის მრავალი დეტალი, რომელიც მის დასამონტაჟებლად არის ხოლმე საჭირო.

შეცდომად ითვლება ზედაპირის შერჩევა გარნიტურისგან დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს პროექტი და მხოლოდ ამის მერე შეძლოთ საბოლოო შეფასების გაკეთება. ასევე ჯობია მასალა შეარჩიოთ ცოცხლად და არა კატალოგის მიხედვით. ასე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა გექნებათ მასზე, თუ რასთან გექნებათ საქმე რეალურად.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ზედაპირს გაუკეთდეს დამცავი ფენა, რათა ექსპლუატაციის დროს ადვილად არ გაფუჭდეს. გახსოვდეთ, ყველა სამზარეულოს თავისი მოთხოვნები აქვს, მაგალითად, პატარა სამზარეულოს პრიალა ზედაპირი უხდება, სივრცე უფრო დიდი რომ გამოჩნდეს, ხაოიანის ეფექტი შედარებით მკაცრად და დახვეწილად გამოიყურება, ლოფტს კი ბრუტალური ვიზუალი უხდება და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები