"შვებულებისას შევასხი ფრთები ჩემს ოცნებას..." - როგორ შეითავსა ჟურნალისტმა ხელოსან-რესტავრატორის საქმე და გარდაქმნა თავისი ოთახი

"როცა ყველა შვებულებაში იყო და ისვენებდა, მე ჩემს ოთახს ვარემონტებდი... ექსპერიმენტმა მგონი გაამართლა", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა და საკუთარი ხელით გარემონტებული და გარდაქმნილი ოთახის ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობს, რომ დიდი ხნის ოცნებას შეასხა ფრთები და კიდევ გეგმავს მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას. 


- ეს ოთახი ჩემს მშობლიურ სახლშია, კახეთში, ქიზიყში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, შემოქმედებითი ტიპი ვიყავი და სულ მიტაცებდა რაღაცის შექმნა, შეცვლა. როცა ჩემი თანატოლები სკოლის შემდეგ ეზოში თამაშობდნენ, მე სუვენირებს და
სხვადასხვა ნივთს ვქმნიდი, ვჩხირკედელაობდი. სხვათა შორის, ჩემი ოთახის ძველ ფოტოზეც ჩანს ჩემი "ნამუშევრები" - ბავშვობაშიც მდომებია რაღაცის შეცვლა ამ სივრცეში და შპალერზე რომ ჩანს შავი ფიგურები, მე-6 კლასში ვიყავი, რომ შავი ტუშით მოვხატე. 

თუმცა ოთახის მთლიანად გარდაქმნის სურვილი სულ მქონდა და ამ ზაფხულს, შვებულებისას ავისრულე ეს სურვილი. ჩემი დიზაინით დავგეგმე, რა უნდა გამეკეთებინა, ვიყიდე მასალები და შევუდექი საქმეს მარტო. ძველ ფოტოში რომ ამოღებული ფანჯრები ჩანს, ეგ ამომიშენა მხოლოდ ხელოსანმა, დანარჩენი ყველაფერი, შპალიერის აკვრა, კედელზე მოლდინგი, ჩემი იდეა და ხორცშესხმაა - ხის მასალა ვიყიდე, შესაბამისი იარაღები არც მქონდა, ჩემით ვჭრიდი და საკმაოდ ვიწვალე, თუმცა კარგი გამოვიდა. ფერიც მე დავსვი, ჭერიც თავად შევღებე და კარებზეც შუშის ნაწილს ტიხრები დავამატე და შემდეგ შევღებე.

საძინებელი წლების წინ ვიყიდეთ ოჯახიდან და სრულიად სხვანაირი იყო. პანდემიის პერიოდში გავაკეთე საძინებლის რესტავრაცია, სპილოსძვლისფრად შევღებე და სულ სხვა სახე მიიღო.

ამ ოთახის პარალელურად სამზარეულოც გავარემონტე, თუმცა, სამწუხაროდ, მისთვის არ გადამიღია ფოტოები. ეს იყო ექსპერიმენტი, რადგან რემონტი არასდროს გამიკეთებია და ვფიქრობ, ექსპერიმენტმა გაამართლა. ამ ტიპის საქმე არ გამიკეთებია.

ასევე უნდა აღვნიშნო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი - ფოტოებზე ჩანს ჩემი სამი წლის შვილი დათი, რომელიც ჩემი ერთადერთი დამხმარე იყო, მაწვდიდა ნივთებს და სულ ჩემ გვერდით იყო მთელ ამ პროცესში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები