ქართველი ცოლ-ქმრის ჰობი, რომელიც ბევრს აღაფრთოვანებს

დათო კაჭარავა მეუღლესთან ნათია კორკოტაშვილთან ერთად განსხვავებულ, ორიგინალურ და საუცხოო დიზაინის ხელნაკეთ საათებს ქმნის. თავდაპირველად საათები თავისთვის გააკეთეს და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ახლობლების რჩევით გადაწყვიტეს, ჰობი საქმიანობად ექციათ. მათი თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურობით გამოირჩევა. ცოლ-ქმარი საკუთარი საქმიანობის შესახებ თავად მოგიყვებათ.


დათო:
- მამაჩემი მხატვარია. ე.წ ჩიგანკებს აკეთებდა. რომ ვუყურებდი, მეც მქონდა სურვილი, რამე გამეკეთებინა, ამიტომ ჩემთვის ვჩხირკედელაობდი ხოლმე. თავის დროზე მამამ იქონია ჩემზე გავლენა. დღეს კი რასაც ვაკეთებ, მეუღლესთან ერთად ვაკეთებ.


- ხელნაკეთი საათების შექმნის იდეა თქვენ გეკუთვნით თუ თქვენს

მეუღლეს?
- მოგეხსენებათ, ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ინერნეტში ვნახეთ მსგავსი საათები და ძალიან მოგვეწონა, ზოგი დეტალი ჩვენ მივამატეთ და საერთო ჯამში რაღაც გამოგვივიდა.
თავიდან დავიწყეთ სახლში პირდაპირ კედლებზე გაკეთება. კედელზევე აკეთებდა ჩემი მეუღლე ორნამენტებს, ფიგურებს, სხვადასხვა ნახატს და ა.შ. შემდეგ გადავედით საათეებზე.


ნათია:
- სამსახურში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ ამ ყველაფერს თავისუფალ დროს ვაკეთებთ. საბედნიეროდ, ძალიან დიდი დრო არ სჭირდება საათების გაკეთებას, მით უმეტეს, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ერთად მუშაობა საქმეს გვიმარტივებს.

- მოვალეობები და ფუნქციები როგორ გაქვთ განაწილებული?
დათო:
- ესკიზებს ორივე ერთად ვქმნით, შემდეგ ხეს ვამუშავებ. ლურსმანს მეც ვაჭედებ და ჩემი მეუღლეც, ძაფებით მე ვქსოვ და ჩემი მეუღლეც ქსოვს. ფაქტობრივად ორივე ერთი და იგივე საქმეს ვაკეთებთ, გააჩნია ვის როგორ გვცალია იმ დროს. საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდებით, დავსხდებით, თან ვსაუბრობთ, თან საათებს ვაკეთებთ.


- ეს თქვენთვის განტვირთვის საშუალებაც ხომ არ არის?
ნათია:
- დიახ, ის რისი კეთებაც დიდ სიამოვმებას განიჭებს, განტვირთვის კარგი საშუალებაა.


- რა მასალას იყენებთ საათების შესაქმნელად?
დათო:
- ხე, ძაფი, ლურსმანი. როცა საათის გაკეთებას ვიწყებთ, თავდაპირველად ვხატავთ ესკიზს, შემდეგ ხდება ხის დაჭრა, დამუშავება, ვაძლევთ სასურველ ფორმას და ფერს. როცა უკვე გამზადდება ხე, ამის შემდეგ ხდება საათის მექანიზმის დაყენება. თავიდან ხელით ვჭრიდი იმ ადგილს, სადაც მექანიზმი ჯდება, რაც საკმაოდ რთული იყო. შემდეგ შევიძინე სპეცილური დანადგარი, ამით ცოტა გამიადვილდა მექანიზმის ადგილის ამოღება. როცა ხელით ვმუშაობდი, ამოღებას ერთი საათი მაინც უნდოდა, ახლა ბევრად ნაკლები დრო მჭირდება ამისთვის.
აუცილებელია ხის მასალა იყო ხმელი, რისი შოვნაც თბილისში ძალიან ჭირს. სველი ხე იღუნება, განიცდის დეფორმაციას და სკდება. თავიდან რამდენჯერმე შემხვდა ნედლი მასალა, ახლა უკვე მივაგენი, სად იყიდება ხმელი მასალა და იმას ვყიდულობ.

ნათია:
- თავიდან ჩვენთვის გავაკეთეთ საათი, შემდეგ მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის ვაკეთებდით საჩუქრად. ძალიან მოსწონდათ და ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. შემდეგ ბევრმა ადამიანმა ნახა, გაჩნდა მოთხოვნა და ჩვენც გადავწყვიტეთ, დაგვეწყო საათების რეალიზება, ანუ ჩვენი ჰობი გარკვეულწილად შემოსავლის წყაროდ გვექცია. ჩემმა მეგობარმა მირჩია ერთ-ერთი საიტი, სადაც ონლაინ იყიდება ხელნაკეთი ნივთები. მეც დავუკავშირდი ამ ბიჭებს, მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები და თავიანთ საიტზე განათავსეს.

ჩვენი თითოეული ნამუშევარი არის ესკლუზიური, არასოდეს არ მეორდება. ერთმანეთის მსგავსი საათები ჯერ არ გაგვიკეთებია. ისრებიც კი ვცდილობთ, განსხვავებული იყოს და არა სტანდარტული.


- ალბათ თქვენი ხელნაკეთი საათები თქვენი მეგობრების და ახლობლების წრეში ყველაზე საპატიო და სასურველი საუქარია.
- როცა სადმე მივდივართ სტუმრად, იმ ოჯახს აუცილებლად ვჩუქნით ჩვენ მიერ გაკეთებულ საათს. ვითვალისწინებთ ოჯახის ინტერესებს, გატაცებას, გემოვნებას და ამის მიხედვით ვარჩევთ. ყოველთვის მოსწონთ და აღფრთოვანებას გამოხატავენ ჩვენი საათების მიმართ, რაც ბედნიერებას და სიხარულს გვანიჭებს.

- ბევრი ხელოვანი ადამიანისგან გამიგია, რომ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები შვილებივით უყვარდებათ და შემდეგ მათი გაყიდვა ან გაჩუქება ძალიან უჭირთ. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

დათო:
- ჩვენ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. ძალიან გვენანება, მაგრამ რას ვიზამთ. როცა ადამიანს ვჩუქნით ჩვენს ხელნაკეთ საათებს, გარკვეული დროის მერე კი მათთან მივდივართ სტუმრად და ვხედავთ, როგორ ამშვენებს მათი სახლის ინტერიერს ჩვენი საათი, ძალიან გვიხარია.


- გაქვთ საათი, რომელსაც არასოდეს არ გაყიდით და არც გააჩუქებთ?
ნათია:
- დიახ, გვაქვს ასეთი რამდენიმე საათი. ერთ-ერთია ჩვენი პირველი ნამუშევარი, რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და ძალიან გვიყვარს. ამ საათს ვერასოდეს შეველევით.
მერი ბლიაძე

კომენტარები

elene 2017-04-10 11:42
sad sheidzleba am saatis shedzena?
ნინო 2017-03-20 17:31
ძალიან დავინტერესდი ამ საატებით; მუშაობს და დროს აჩვენებს?
ოთო 2017-03-15 17:43
სად შევიძინო ეს საათები?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები