დათო ბაბუა, რომელიც ბავშვებისთვის ხის სათამაშოებს ქმნის

სხვადასხვა ხის ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით (და არა მარტო) მოგზაურობს. ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით, ჯერ მხოლოდ ბიჭებს ახარებდა, ახლა მათ გოგონებიც შეეცილნენ - ოსტატი მათთვის ხის თოჯინების სახლებს ამზადებს, რომელიც ყველა საჭირო ნივთითა და ავეჯითაა გაწყობილი.
"ვფიქრობ, არასოდესაა გვიან, შენი საყვარელი საქმე იპოვო. თუ რამე გიყვარს, მას გულით აკეთებ და თუ საქმეს ასე მიუდგები, წარმატებას მიაღწევ", - ამბობს დავით მოსიძე, რომელიც რამდენიმე წელია, ბავშვებისთვის ხის სათამაშოებს საკუთარი ხელით ქმნის. მისი სათამაშოები სხვადასხვა ჯიშის ხის მერქნისგან მზადდება და ფერადოვნებაც ასე მიიღწევა. დავით
მოსიძე სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცხოვრობს და სახელოსნოც თავის კარ-მიდამოში აქვს მოწყობილი.

- მიქავაში, პედაგოგების ოჯახში დავიბადე. მამა ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო, დედა რუსული ენის ფილოლოგი. ჩემს მშობლებს 50 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი ჰქონდათ. ჩემი ორივე ბაბუა ხეზე მუშაობდა. დედის მამა ფოთში განთქმული ხელოსანი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა რუსეთში გავაგრძელე, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. უმაღლესი განათლების მიღების მერე, საქართველოში დავბრუნდი. ეს 90-იან წლებს დაემთხვა და ამიტომ პროფესიით მუშაობა ცოტა ხანს შევძელი. მალევე ხეზე მუშაობაზე გადავერთე და მას შემდეგ, მრავალი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ბავშვობიდან მიდრეკილება მქონდა და პატარ-პატარა სახლებსაც ვაკეთებდი. მამაჩემი ეზოში დამხმარე სახლს რომ აშენებდა, მე პატარა მოდელს ვქმნიდი. ალბათ, პროფესიული განათლება მეხმარება იმაში, რასაც ახლა ვაკეთებ.

- ხეზე მუშაობის პირველ ეტაპზე, რას აკეთებდით?
- თბილისში მუშაობის პერიოდში, ავეჯს ვაკეთებდი. მუხიანში დიდი ბაზრობა იყო და ნივთები იქ მიმქონდა. მერე ავეჯის რამდენიმე წამყვან ფირმაში ვმუშაობდი. დაახლოებით 15 წელია, რაც სოფელში დავბრუნდი და იქ გავაგრძელე ავეჯზე მუშაობა, თუმცა, მოგვიანებით სათამაშოების დამზადება დავიწყე. მასალისგან განებივრებული ვარ, როგორც ბუნებისგან, ისე თანასოფლელებისგან.
ზოგჯერ მდინარეს მოგლეჯილი ხეები, ნაფოტები მოაქვს და ვაგროვებ, მოსახლეობაც მჩუქნის. მთელი დღე სახელოსნოში ვარ და დაღლას ვერ ვგრძნობ. სასიამოვნოა, საყვარელ საქმეს რომ აკეთებ.

- ხის ნივთები მნახველში ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იწვევს. თქვენი პირველი სათამაშოები რა იყო?
- მეზობლის ბავშვებს სახელოსნოში რაღაც-რაღაცებს ყოველთვის ვუკეთებდი. ერთხელ ფიქრებში თავისით "გამოიძერწა" ბენზინმზიდი, რომელსაც დღემდე ვინახავ, ბუხრის თავზე საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი.

- ამ წლების განმავლობაში, ხომ არ დაგიმზადებიათ ისეთი სათამაშო, რომელიც გინდოდათ, ბავშვობაში გქონოდათ და მაშინ არ იყო ამის საშუალება...
- არა (იღიმის). ეს ბევრს უკითხავს ჩემთვის, მაგრამ ბავშვობაში ნამდვილად განებივრებული ვიყავი სათამაშოებით. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ბავშვობაში სამშენებლო მასალებისთვის განკუთვნილი მანქანები უფრო მიზიდავდა და დღესაც, ჩემი გაკეთებული სათამაშოების უმეტესობაა - ამწე, თვითმცლელები და ა.შ.

- კიდევ რა სათამაშოებს აკეთებთ?
- ორი მიმართულებით ვმუშაობ, ჯერ მხოლოდ ბიჭებისთვის ვაკეთებდი სათამაშოებს, ახლა მოთხოვნის გამო, გოგონებისთვისაც დავიწყე. ბიჭებისთვის ავტომობილებს ვაკეთებ, გოგონებისთვის კი ორ-სამსართულიან სათამაშო სახლებს, საძინებლის ავეჯს. რასაც ადრე დიდი მასშტაბისას ვაკეთებდი, ახლა იმავეს მცირე ზომებში ვაკეთებ. სიახლეების არა მხოლოდ გაცნობის, არამედ წარმოდგენა-შეთავაზების გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. სათამაშოების დამზადება რომ დავიწყე, თავიდანვე აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა პროექტში და ახლაც მუდმივად ვეცნობი სიახლეებს. მახსოვს, ტელევიზიით შევიტყვე პროექტის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციის შესახებ. მაშინვე დავწერე და წარმოვადგინე პროექტი. 2015 წელს გამარჯვების შემდეგ, 5.000-ლარიანი დაფინანსება მივიღე და ამ საქმისთვის საჭირო დანადგარები შევიძინე. "ტექნოპარკი ზუგდიდი" ძალიან მეხმარება ინფორმაციის მიღებაში, სწორედ მათი მეშვეობით შევიტყვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის "ინტერნეტი განვითარებისთვის" შესახებ. ფარნიანი ტელეფონი მქონდა, ინტერნეტიდან ძალიან შორს ვიყავი და გადავწყვიტე მესწავლა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება