ლევან ჯოხაძის „გრამატიკულად დანგრეული“ ფიგურები

ლევან ჯოხაძე საკმაოდ მრავალმხრივი და კრეატიული ხელოვანია, ეს მის ყველა ნამუშევარს ეტყობა. მხატვრების გარემოცვაში გაიზარდა და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე, მხატვრობით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა. ხესა და ლითონზე მუშაობა რომ შეისწავლა, არც ფერწერა დავიწყებია. მის ნახელავს შეხვდებით ყველგან: დედაქალაქში თუ ქალაქგარეთ, ინტერიერში თუ ექსტერიერში, სახლებში, ბინებში, სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებში.







რკინის ქანდაკებებზე მსოფლიოში, ისევე როგორც ჩვენთან, ცოტა ადამიანი მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში, ინტერიერსა თუ ექსტერიერში ეტაპობრივად გაჩნდა მოთხოვნა ლითონის ქანდაკებებზე, სხვადასხვა დეკორატიულ ფიგურებზე, ავეჯზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სხვა ნაკეთობებზე. ხელოვანმა
რკინაზე აქტიურად მუშაობა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. იმ პერიოდში ჭედურობა ნელ-ნელა განვითარდა და რკინის მხატვრული დამუშავებაც ეტაპობრივად წამოვიდა წინა პლანზე. მისი რკინის ფიგურები, როგორც თავად ამბობს, „გრამატიკულად დანგრეულია“. ათვალიერებ თითოეულ მათგანს და ხედავ, რომ სწორედ კლასიკისგან გადახვევა ანიჭებს ამ „უცნაურ ტიპებს“ და მის ავტორს ორიგინალურობას.





თუ როგორ ინტერიერს შეიძლება ლითონის ქანდაკება მოუხდეს, მპასუხობს, რომ თანამედროვესა და მინიმალისტურს. ასეთივე ბინებისა და სახლებისათვის ამზადებს კლასიკური ფორმებისგან განსხვავებული სტილის რკინის მოაჯირებსა და ტიხრებს. თუმცა ვინაიდან ამ საქმეს ძალიან დიდი დრო მიაქვს, სურს, ნახატებსა და ქანდაკებებს უფრო მეტი დრო დაუთმოს. მისი რკინის კომპოზიციები ფერწერაშიც ჩანს და პირიქით. ლითონის ფიგურები იმდენად მოსწონდა, რომ მათი დახატვაც მოსინჯა. დღეს ფიგურებიც და ნახატებიც დიდი ინტერესით სარგებლობს და სულ უფრო მეტად იზრდება ასეთი ნამუშევრების მსურველთა რიცხვი.








ხშირად იცვლის სტილს და ერთი რომელიმე კონკრეტული მიმართულების ჩარჩოში ვერ ექცევა. მუდმივი ექსპერიმენტები მისი ხელოვნების ნაწილია. ერთხანს ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც სილამაზის სალონში კედელი მოხატა. პარალელურად ცარცის ქაღალდზე გუდრონითა და ბენზინით სხვადასხვა ფიგურას ხატავდა და თავის დროზე, ეს ნამუშევრები საკმაოდ კარგად გაიყიდა. რაც შეეხება ლოს-ანჯელესის ცენტრში მოხატულ სალონს, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, მთელი ინტრიერი ბერძნულ სტილში გადაუწყვეტია და ესეც ახალი სიტყვა იყო მის შემოქმედებაში.









იდეები და ესკიზები, პროექტები, კედლის მხატვრობა, მონუმენტური და მცირე ზომის ნამუშევრები, რკინა, კერამიკა, ფერწერა, გრაფიკა... - თითოეულ მათგანს თავისი დრო მიაქვს. ერთადერთი მასალა, რომლის მიმართ დიდი ინტერესი აქვს, თუმცა დღემდე არ უმუშავია, ეს მინაა. ალბათ ოდესმე დადგება ამის დროც...

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები