ცისი დაუშვილს ჩვენი მკითხველი იცნობს - როდესაც მის მიერ შექმნილ, ყვავილებით მოჩითულ ფეხსაცმელზე ვწერდით, ის თურქეთში ცხოვრობდა და იქვე შექმნა საკუთარი ბრენდი. სამშობლოს სიყვარულს და მონატრებას ხელნაკეთ ნივთებში აქსოვდა. დღეს ცისა საქართველოშია, მისი ბრენდიც უფრო დაიხვეწა, გამრავალფეროვნდა, თუმცა მისი სავიზიტო ბარათი - ყვავილები, რა თქმა უნდა, კვლავ დომინანტია.
- ჩემი ბრენდის იდეა თურქეთში გაჩნდა და პირველი ნაბიჯებიც იქ გადავდგი, თუმცა ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. 2017 წელს მე და ჩემი მეუღლე საქართველოში დავბრუნდით. 3 წელი მქონდა სახელოსნო მქონდა ძველი კინოსტუდიის შენობაში, სადაც
ჩემმა საქმიანობამ დამაკავშირა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინე, მათი დახმარებით პერსონალური გამოფენები მქონდა როგორც თბილისში, ასევე საფრანგეთის ქალაქ ლიონში, რაც ჩემი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაც გახდა.
დღეს ყველაფერში, რასაც ვქმნი, აქტიურად მეხმარებიან მეუღლე და დედა. ოჯახის და მეგობრების გულშემატკივრობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ემატება ის, რომ მალე გოგონას დედა გავხდები. უფრო მეტად მგრძნობიარე გავხდი, უფრო მობილიზებული ჩემს საქმეშიც, ჩემთვის ეს ახალი ეტაპი არა მარტო დღესასწაულია, არამედ ჩემი ახალი მუზა იბადება. მეტად მინდომებული და შთაგონებული ვარ. ბედნიერი ადამიანები ბევრად უფრო ძლიერები არიან.
წელს გავიმარჯვე „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში. ამ დაფინანსების საშუალებით შევიძინე არაერთი დანადგარი და საჭირო ინვენტარი, რაც დამეხმარება, უფრო მასშტაბურად ვაწარმოო ჩემი ნამუშევრები და მეტი ადამიანი გავაფერადო. ჩემს ახლობლებს სჯერათ ჩემი, ხშირად მეუბნებიან, შენ ყველაფერი გამოგივაო, მეც მჯერა, საყვარელ საქმეს მოაქვს წარმატება და გვაძლევს საშუალებას, ბევრი ადამიანი გავაბედნიეროთ და მივიღოთ მონაწილეობა უკეთესი სამყაროს შექმნაში.