ქართველი დიზაინერის გამორჩეული ნამუშევრები, ორიგინალური სამუშაო სივრცე და რჩევები ჩვენი მკითხველებისთვის

ამ დიზაინერს თაკ ლაინის სახელით იცნობენ - მისი ნამდვილი სახელი და გვარი თაკო გაზაშვილია. ბევრი გულშემატკივარი და ბევრიც მადლიერი მომხმარებელი ჰყავს. დიზაინერია პროფესიითაც და მოწოდებითაც, თუმცა ამას გარდა, არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება, სულ მუშაობს საკუთარ თავზე, სულ რაღაც ახალს სწავლობს და ბუნებით მაქსიმალისტია, საქმესაც ასე უდგება, საკუთარ თავსაც და თანამშრომლებსაც. თაკოს მის ატელიე-შოურუმში ვეწვიეთ, რომლის ინტერიერი ისე მოაწყო, შესვლისთანავე იგრძნობა შემოქმედებითი გარემო, დიზაინერის ხედვა და მისი სიყვარული დეტალების, აქცენტებისადმი, წვრილმანებისადმი, რომლებიც სინამდვილეში ერთ მშვენიერ მთლიანობას ქმნიან.

- ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა,
კერვა, ჩხირკედელაობა. ჩემი დები რომ თამაშობდნენ, მე ოთახში შევიკეტებოდი და სულ რაღაცას ვქმნიდი, ვხატავდი, ჩანახატებს ვაკეთებდი... გენეტიკურიც არის ალბათ ეს ნიჭი, ბებიაც, მამიდაც კერავდნენ ძალიან კარგად... ოჯახის წევრები ახლაც ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. განსაკუთრებით მამა მედგა გვერდით, თუმცა სამწუხაროდ, ის აღარ არის...

მერვე კლასში ვიყავი, პირველად რომ შევიკერე ჩემთვის კაბა და ისეთი აჟიოტაჟი და აღტაცება მოჰყვა ჩემს გამოჩენას, იმდენს მოეწონა, რომ ეს პირველი აღიარება ძალიან მესიამოვნა და დიდი სტიმულიც მომცა, გამოვირჩეოდი ჩემი სამოსით და დახვეწილი გემოვნებით. მომწონდა განსხვავებულობა და დიზაინერობისადმი ინტერესი გარკვეულწილად ამანაც განაპირობა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, წარმატებით დავამთავრე ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების განხრით. ჩემით გავაკეთე სადიპლომოდ ქსოვილები, თექის ტექნოლოგიით და შემდეგ შესრულდა კოლექცია, რომელიც დღესაც დიდ მოწონებას იმსახურებს. ვერ გავყიდე, რადგან ჩემთვის ძალიან ღირებულია. რამდენიმე წლის შემდეგ მინანქარი და ოქრომჭედლობაც ვისწავლე, გარკვეული პერიოდი ამითაც ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყველაფერი დარჩა ჰობის დონეზე და რაშიც მქონდა საბაზისო ცოდნა და მოწოდება - ტანსაცმლის მოდელირება, მას დავუბრუნდი, ვერ დავთმე. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს ბოლომდე ვარ ჩართული და ეს ნამუშევრებშიც იგრძნობა, ენერგია ყველგან და ყველაფერშია.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. მაქვს მოდელირების სასწავლო კურსები და მასტერკლასები, სადაც ქალბატონებს ვასწავლი ესკიზის კითხვას, ჩანახატებს, მათ შესრულებას...


ყველაზე სასიამოვნო ალბათ ის არის, რომ ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, თუ ადამიანს აქვს სურვილი სიახლე შეიტანოს ცხოვრებაში და დაეუფლოს ახალ პროფესიას. ამ ეტაპზე დავიწყე თემატური მასტერკლასების სერია, სადაც როგორც პატარებს, ასევე დიდებს აქვთ კრეატიული ჩართულობა.

გარდა ამისა, რადგან ძალიან დიდი ცოდნა დამიგროვდა ამ მიმართულებით, ეტაპობრივად ვამატებ მოდელირების კურსებს. ეს არის როგორც ინდივიდუალური სწავლება, ასევე ჯგუფური მეცადინეობები, სადაც მოსულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, თუ ოდესმე მოდელირებაზე უოცნებია და რატომღაც სხვა მიმართულებით წასულა, აისრულოს გულის წადილი და ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩემთან ერთად იმუშაონ შემოქმედებითად.


- დიზაინერი, რომელმაც გარდა ესკიზისა იცის კერვა და კონსტრუქცია, ალბათ დიდი ფუფუნებაა...
- სავალდებულო არ არის, თუმცა ნამდვილად კარგი ბონუსია. როდესაც ესკიზზე მუშაობ და კერვასთან გქონია შეხება, მასალასთან, იცი ქსოვილის ფაქტურა და ბევრად უფრო თავდაჯერებული ხარ, უფრო გააზრებულად ხატავ და წარმოსახვაში ხედავ ჩანახატის რეალურ სახეს. მუშაობის დროს ესკიზი ხშირად იცვლება უკეთესი მიმართულებით, პროცესში ხვდები ბევრ რამეს, ქსოვილს უნდა აღიქვამდე, სილუეტს და ა.შ. 

- რას უფრო ითვალისწინებთ - ტენდენციებს, დამკვეთის სურვილს...
- პირველ ეტაპზე ვცდილობ გავაცნო მომხმარებელს ტენდენცია,გავაკეთო აქცენტი დეტალებზე... როცა საქორწილო კაბას ეხება, ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგები ამ საკითხს. ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ოცნებობდა კონკრეტულ მოდელზე. პირველ რიგში უნდა მოვუსმინო, გავიცნო, მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია თავის თავი ქორწილში, მივყვები ამ განცდებს, ემოციებს და ნელ-ნელა ვხვდები, რა შევთავაზო. უმეტესობამ თავადაც იცის, რა უნდა, მე უბრალოდ ვცდილობ ამ სურვილის თუ ოცნების ხორცშესხმას, დეტალებით შემკობას, კორექტირებას, მიმართულებას ვაძლევ, რომ უფრო კარგი გამოვიდეს, პატარძალს უფრო უხდებოდეს და ა.შ. საღამოს კაბის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სურვილს ვითვალისწინებ, თუმცა ვეხმარები მოდელის დახვეწაში, ქსოვილის, ფაქტურის შერჩევაში, ვახამებ რამდენიმე ქსოვილს, სხვადასხვა ქსოვილის სინთეზიც მიყვარს, ამ საკითხში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და მენდობიან, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასევე მიყვარს დეკორირება, გაფორმება, რაც ასევე ჩემი გამორჩეული მხარეა და ერთგვარი ნიშა ვინტაჯური მიმართულებით. მიყვარს პატარა აქცენტები, რომლებიც განსაკუთრებულობას სძენს სამოსს და ეს დეტალები ჩემი ხელწერაა.

სხვათა შორის, წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა დედოფლების ფესტივალზე-2023 ძალიან წარმატებით და საინტერესო უკუკავშირით დასრულდა მომხმარებლის მხრიდან, მას მერე შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა, რადგან მეტ ნდობას იმსახურებ, როდესაც გაქვს ჩართულობა გამოფენებზე, ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტიურ კოლბორაციაში დიზაინერებთან ერთად. ასევე ვმონაწილეობდით მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენაშიც, რომელიც ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა. ბევრი საინტერესო მონაწილე იყო და მათ შორის ჩვენც, რაც ძალიან მეამაყება.


- თუ გრჩებათ დრო, რომ საკუთარი თავისთვის შეიკეროთ სამოსი?
- კი, გამოვნახე დრო და მიხარია. ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში, როდესაც ჩემი განწყობის მიხედვით ვარჩევ დღის ლუქს. ისე, სტუდენტობიდან ვიკერავდი ჩემთვის და ამას ლექტორებიც სულ აღნიშნავდნენ. აკადემიაში სწავლის პერიოდში, ჩემ მიერ შექმნილი თექის კოლექციიდან ნამუშევრებს თავადაც ვატარებდი და ქუჩაში მაჩერებდნენ, ისე მოსწონდათ ამ მომენტმა ძალიან გამათამამა და ალბათ ის რომ ვარ ძალიან კომუნიკაბელური აღნიშნავენ რომ ჩემთან მუშაობა ძალიან ეკომპორტულებათ და ჩემი დამკვეთები საუკეთესო მეგობრები და გულშემატკივრები ხდებიან.

- რამდენი ხანია გახსენით ეს გამორჩეული სივრცე - ატელიე-შოურუმი?
- პანდემიამდეც მქონდა სალონი გრიბოედოვზე, კონსერვატორიასთან. პანდემიის დროს მცირე ხანს შევჩერდი, რთული პერიოდი იყო, ვის ექორწილებოდა, ღონისძიებებიც არ იყო... თუმცა ის პერიოდიც ნაყოფიერად გამოვიყენე, შევისწავლე ფოტოგრაფია, ვარცხნილობა, ვიზაჟი, რადგან მინდა ყველაფერში ვერკვეოდე, რაც მჭირდება ჩემს საქმიანობაში. ძალიან მომწონს თემატურად დადგმული ფოტოგრაფია და ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვიღებ ფოტოებს, თუმცა კოლაბორაციითაც ვმუშაობ ფოტოგრაფებთან ერთად, რადგან მინდა გადაღების დროს მთავარზე ვკონცენტრირდე, მოდელის ლუქზე, აქსესუარებზე. ასევე შევისწავლე პრაქტიკული ფსიქოლოგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ მეხმარება ურთიერთობებში, მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, მათ გაგებაში.

პანდემიის შემდეგ ვიგრძენი, რომ უკვე იყო დრო, ჩემი ატელიე-შოურუმი გამეხსნა ქალაქის ცენტრში. ძალიან მჯერა ინტუიციის, რომელიც არ ცდება ხოლმე და მივყევი ამჯერადაც მის კარნახს. გავბედე და ქალაქის ცენტრში გავხსენი ჩემი შოურუმი. ვფიქრობ, რომ გაამართლა, ჩემს დამხმარეებთან ერთად ფაქტობრივად ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში ჩართული ვარ შემოქმედებით საქმეში, ვქმნით საპატარძლო, საღამოს კაბებს, სეზონურ კაფსულა კოლექციაში - ლაბადებს, მოსაცმელებს, დეკორის ნივთებს, სამკაულებს, ვქმნი მოსართავებს კაბებისთვის და ძალიან სასიამოვნო პროცესში ვართ ჩართული გუნდურად, მომხმარებელთან ერთად, რომელიც ამ მყუდრო და ფერად გარემოში თავს ასევე კარგად გრძნობს და ესეც მიხარია. ძალიან გამიმართლა თანამშრომლებში, გუნდი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, ოდესღაც ჩემი სტუდენტები იყვნენ და ალბათ ამიტომ შევძელი მარტივად საქმის დელეგირება, რადგან ვიცი სტრუქტურა, რას როგორ აწყობენ და დიდი ნდობა მაქვს მათ მიმართ. 



- საყვარელი ფერები თუ გაქვთ?

- ამ გარემოსაც ეტყობა ალბათ, რომ მწვანე, შაბიამნისფერი, ჩემი საყვარელი ფერია. ერთი პერიოდი იასამნისფერიც ძალიან მომწონდა, ასევე თბილი ტონები. ძალიან მომწონს სამოსში და აქსესუარებშიც კონტრასტები. როგორც ვაკვირდები საკუთარ თავს, ეტაპობრივად ფერების მიმართ დამოკიდებულება მეცვლება, ალბათ ბუნებრივიც არის, რადგან ფერებით გამოვხატავთ ჩვენ შინაგან სამყაროს.

- რა არის ახლა ყველაზე მოდური და ტრენდული, გამორჩეული ტენდენცია დღესდღეობით?
- რაც ყველაზე მეტად მიხარია, ფერებში არის სიხალასე, ასევე არ არის აუცილებლობა დღესასწაულის, რომ იყო ბრჭყვიალა და ბედნიერი, იმდენად თამამია მოდის ტენდენცია, ყოველდღიურობაშიც კი სიბრჭყვიალე და აქცენტები არ უნდა გაგიკვირდეთ, ყოველი დღე დღესასწაულია. ასევე - დეკორატიული დეტალები, რომელსაც შეუძლია მთელი ლუქი შეცვალოს. მოდურია დეკორატიული ქსოვილები, რაც დიდი დოზით არის ჩემს სამოსში, ასევე აქტუალურია ორ ფერში პრინტის თემატიკა. ხელით ნამუშევარი დეტალები, აქცენტები ძალიან აქტუალურია - ნაქარგი, ნაქსოვი და ა.შ. მიხარია, რადგან ეს მეც ძალიან მიყვარს.

- საპატარძლო კაბების მოდა როგორია ახლა, რა არის უფრო გამოკვეთილად პოპულარული?
- ადრე უფრო მოსწონდათ ფუშფუშა, გაშლილი კაბები, ბოლო დროს ქალური ფორმების გამომკვეთი კაბებია ტრენდული, სილუეტი გამოკვეთილია, აქცენტირებულია.

- ცნობილი დიზაინერებიდან ვინ არის უფრო „თქვენიანი“?
- ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ღირებული ალექსანდრ მაკქუინია და მისი კოლექციები. ასევე - დევიდ კომა და ვივინ ვესტვუდი თავისი ექსტრავაგანტულობით, კიდევ მყავს ბევრი საყვარელი დიზაინერი, რომელთაგანაც შესაძლებელია დღესაც ვიღებ ინსპირაციას. მე ყველაზე მეტად ვაფასებ კონსტრუქციებს, საინტერესო თარგს, როდესაც დეტალები ნაფიქრია, ყოველთვის იგრძნობა და ემოციურია ჩემთვის.

- რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს, ახლანდელი გადმოსახედიდან, რას ისურვებდით, რომ თქვენი გზის დასაწყისში გცოდნოდათ და გაითვალისწინებდით?
- პირველ რიგში, სირთულეების არ უნდა შეეშინდეთ. ძალიან ბევრი ბარიერია ამ გზაზე, მაგრამ თუ უყვართ ეს საქმე და ფიქრობენ, რომ ეს მათი მოწოდებაა, არ უნდა დანებდნენ და გააგრძელონ გზა.
არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი და სასურველია, თავიდანვე გამოკვეთონ საკუთარი ნიშა, თავიდანვე მნიშვნელოვანია მიზანმიმართული მუშაობა, რომ ყველა ნამუშევარში იკითხებოდეს - ეს შენ ხარ.

არ უნდა შეგეშინდეს გამოწვევების, კონკურენციის. ამ გამოწვევებში იზრდები როგორც პიროვნულად, ასე შემოქმედებითად და გაძლიერებს, გაყალიბებს საინტერესო შემოქმედად.
ასევე აუცილებელია, ჩემი გამოცდილებით, გარემოცვა, წრე. დღესდღეობით მყავს მეგობრები, რომლებსაც განვითარების, წინსვლის საერთო მოტივაცია გვაერთიანებს, ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან დიდი სტიმული ვართ, ერთმანეთის წარმატება გვიხარია, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, ყოველთვის მნიშვნელოვანია გარშემო გყავდეს ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გმატებენ, მაგალითს გაძლევენ, გამხნევებენ და გარკვეულ ინტერესებს იზიარებენ შენთან ერთად. საბედნიეროდ, ზუსტად ასეთია დღეს ჩემი გარემოცვა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები