ხელით მოქსოვილი ფერად-ფერადი პუფები, რომლებიც ინტერიერის მთავარი აქცენტი ხდება - ორი შვილის დედის მიერ ნაპოვნი ჰობი, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა

ორი შვილის დედა ინგა მიროიანი პროფესიით ვეტექიმია, თუმცა 14 წელია ბანკში მუშაობს. ჩვენი დაინტერესება მისმა ახალმა საქმიანობამ გამოიწვია - ინგა საკუთარი ხელით ქმნის უსაყვარლეს, ფერად-ფერად პუფებს, რომლებიც ინტერიერის ძირითად აქცენტად იქცევა ხოლმე.

- 4 წლის წინ ჩემი პატარა ბინა გავარემონტე ავლაბარში. ეს არის ჩემი მშობლიური სახლი და განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს, შესაბამისად, ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ბინაში. პირველი პუფი შაბიამნისფერი მოვქსოვე, სწორედ ამ სახლისთვის. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს მეგობრებში და გაჩნდა ბიზნეს იდეა. ბაზრის კვლევით დავადგინე, რომ არ იყო მსგავსი
მომსახურება ჩვენთან. მალევე მოვქსოვე რამოდენიმე პუფი და გავხსენი ფეისბუქ გვერდი. თავიდან ჰობი უფრო იყო, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს პუფის შექმნის პროცესი, თუმცა თანდათან შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა და ჰობის ვეღარ დავარქმევ.

- როგორია მუშაობის პროცესი? რა მასალებით მუშაობთ? რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?
- ზედაპირისთვის ვიყენებ ტრიკოტაჟის ძაფს, შიგთავსი პენოპლასტის გრანულებია, ყველაზე მაღლი ხარისხის, რაც ბაზარზეა. ტომარა გრანულებისთვის არის კოტონის, რომელიც ცალკე იკერება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მომწონს პუფის შექმნის პროცესი. მასალის, ძაფების ფერების დიდი არჩევანია და ეს მსიამოვნებს. თავიდან მეგონა, რამოდენიმე პუფს რომ მოვქსოვდი, მომხმარებელი თვითონ მიკარნახებდა, რა ფერის უნდოდა, სინამდვილეში კი ჩემს გვერდზე განთავსებული პუფებიდან ირჩევენ მათთვის სასურველ ფერს.

დისტანციური მომსახურების ერთ-ერთი სირთულე არის, ზუსტად დაემთხვას შექმნილი პროდუქტი მომხმარებლის მოლოდინს. რთული პროცესია ძაფის ფერის შერჩევა, რამდენიმე ლოკაციაზეა საჭრო ძაფის ძებნა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, არჩევა. ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის მომხმარებლის უკუკავშირი, როცა მწერენ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და მოლოდინს აჭარბებს მიღებული პროდუქტი. ეს არის ყველაზე მთავარი ამ საქმიანობაში.

-  თქვენ მიერ შექმნილი ფერადი პუფები ხშირად ინტერიერის მთავარ დეტალად იქცევა ხოლმე. ასეა ჩაფიქრებული თუ უნებურად გამოდის ასე?
- არ იყო თავიდან ეს ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოდის. ხშირად მომხმარებელი მაჩვენებს თავისი სახლის ინტერიერს და რჩევას ითხოვს, რა ფერის მოუხდება. საინტერესო პროცესია ეს ძალიან.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში დეკორის ნივთები, აქცენტები?
- დეკორის ნივთები განსაკუთრებულ აქცენტებს სძენ სივრცეს და ზუსტად ეს ნივთებია, რომლებიც ქმნიან სივრცის სიმყუდროვეს, განსაკუთრებულობას. ვთვლი, რომ ინტერიერის მთავარი ელემენტები სწორედ აქსესუარებია და არა ის, რა ფერის კედელია ან იატაკი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი შოურუმის შექმნაზე ვფიქრობ, ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან პუფის რეალური შეფასება უფრო ნახვით, შეხებით ხდება და მომხმარებელთან ურთიერთობასაც გააადვილებს.









კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები