ციცინო კობიაშვილის მარტყოფული აგარაკი და საოცარი ნამუშევრები

ყველასათვის საყვარელი რეჟისორისა და მსახიობის ქალბატონი ციცინო კობიაშვილის განსაკუთრებული ნიჭის და მშვენიერი ჰობის შესახებ ჩვენ ადრე გვისაუბრია (იხილეთ სტატია). ქალბატონ ციცინოს არათუ "გადაუარა" ამ გატაცებამ, პირიქით, კიდევ უფრო დახვეწა და სულ უფრო ორიგინალური ქმნილებებით აოცებს მეგობრებს. ამჯერად "შინ“-ს მარტყოფში, მამაპაპისეულ აგარაკზე მასპინძლობს და ახალ გატაცებაზე, დეკუპაჟზე გვიამბობს.

- როდის დაინტერესდით დეკუპაჟით?
- ბოლო პერიოდში დავინტერესდი განახლებებით. ინტერნეტის საშუალებით მე თვითონ ვისწავლე ყველაფერი. თუ რამე ძველებურ ნივთს ვიპოვი სახლში - თეფშებს, ფიცრებს, ყუთებს მივადგები და ყველაფერზე ვმუშაობ.


- რამდენად რთულია დეკუპჟის გაკეთება?

-

დეკუპაჟის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა. მე ნინო ჩაკვეტაძის ნახატებზე ვმუშაობ და შემდეგ ნინოს სალონში იყიდება ეს ყველაფერი. ძალიან გამიმართლა და მიხარია, რომ ნინოს შემოქმედებას ვეხები. ამ ეტაპზე ვაკეთებს ყუთს ნინოს ულამაზესი ნახატით. ვმუშაობ მხოლოდ აკრილის საღებავებით. ნახატი სპეციალურად მუშავდება.

დეკუპაჟის შესაქმნელად არსებობს სხვადასხვა მასალა - დეკუპაჟის ქაღალდი, ბრინჯის ქაღალდი, ხელსახოცი, "სალფეტკს" რომ ვეძახით. ყველაზე რთულია ხელსახოცით გადაყვანა. ყველაზე მარტივი კი ბრინჯის ქაღალდია, რომელიც თბილისში არ იშოვება, ამიტომ გამოვიწერე.


- რამდენად მოთხოვნადია ეს დეკორაცი?

- ჩემი ნამუშევრები, ყუთები, თეფშები მხოლოდ ნინოს სალონში მიმაქვს და იქ ძალიან კარგად იყიდება. ამას განაპირობებს ის, რომ ნინოს ნამუშევრები მოსწონთ, ნინოზე გიჟდება ყველა. მიხარია, რომ ასე კარგად მიღო საზოგადოებამ. ყუთების და თეფშების გარდა სხვა ნივთებზეც ვმუშაობ, მაგრამ არსად არაფერი წამიღია, მენანება ჯერ გასაყიდად. რამდენიმე სალონმა შემომთავაზა თანამშრომლობა და ვფიქრობ ვცადო, აბა, რამდენი რამე უნდა მოვაგროვო სახლში? თეფშებადაა სახლი ქცეული (იღიმის).

ხშირად ვაჩუქებ კიდეც, თუ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, არავის არაფერზე არ ვეუბნები უარს.

ქალბატონ ციცინოს მარტყოფში აგარაკი აქვს, ხეხილით და ულამაზესი ყვავილებით დამშვენებული. მშობლების დანატოვარ მიწას დიდი სიყვარულით უვლის. ამ ეტაპზე არაჩვეულებრივი დეკორაციების შექმნას ბუნების წიაღში, მშვიდ და ლამაზ გარემოში განაგრძობს.


- ძალიან დიდია ჩვენი მიწა, 3500 კვ.მ- ზეა გაშენებული. ამ მიწას დიდი მონდომებით უვლიდა ჩემი მამა-პაპა. ჩვენ როგორც შეგვიძლია, ვუვლით, თბილისიდან ცოტა რთულია ყველაფრის გაკეთება. წელს ეზოს მოვლაში ჩემი ბავშვობის მეგობარი დამეხმარა, ერთად გავასუფთავეთ აქაურობა. ჩემი მეუღლეც უვლის, მაგრამ თუ არ აქვს ამის დრო, ვპოულობთ ადამიანს, ვინც მეხმარება ბალახის მოთიბვაში, დაბარვაში, დათესვაში. მთელი ჩემი ბავშვობა აქ გავატარე, ზაფხულობით სულ აქ ვიყავით. სასიამოვნო დასვენებისთვის აუცილებელია სასიამოვნო გარემოს შექმნა, ამიტომ მაქსიმალურად ვცილობ ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს. თბილისიდანაც წამოვიღე რაღაც ყვავილები, ვუვლი, ვეფერები. ცოტა ხანში გამოვუცვლი მიწას, გადავრგავ. იმაზე დიდი ბედნიერება და ქონება არ არსებოს, ადამიანს რომ მიწა აქვს. ყოველთვის ხარ ძლიერი და იმედიანი, როდესაც გაქვს ადგილი, რომ წახვიდე, სულ რომ არაფერი, ჭინჭარი დაკრიფო, ის მოხარშო და მიირთვა. ჩვენ იმდენი რამე გავიარეთ მე ვიცი ამისი ფასი.


- თქვენ თვითონ თუ მოგყავთ მოსავალი?
- კი, როგორ რა. მე კიდეც დამიბარია, დამითესია. ვგიჟდები, ისე მიყვარს თიბვა. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობა აღარ მაძლევს ამის საშუალებას. დილის 5 საათზე ვდგებოდი და ვთიბავდი ბალახს. ზოგადად მიწასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბევრი ხეივანი გვაქვს, წინა წელს 25 ძირი ახალი ყურძენი ჩავყარე და 18 ძირი გავახარე. ბავშვივით მიხარია, მგონია სახლი ავაშენე. მთავარია გაიხარა, გაისად უკვე ავიყვან ხეივანზე და დანარჩენი ღვთის ნებაა. შესასვლელში მაქვს ორი უზარმაზარი თელა, რომელიც ხატავს და ჩრდილავს მთელს ეზოს. თითქმის ყველანაირი ხილი მიდგას - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, შინდი, ალუბალი, კომში. ეს ყველაფერი დიდი სიმდიდრედ მიმაჩნია.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები