"მთავარია, ნამუშევარი იყოს გულწრფელად შესრულებული, ამას ყველა ამჩნევს" - წარმატებული მხატვრის რეტროსპექტივა

მხატვრობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მისთვის სრული ჰარმონია მოაქვს. არ ახსოვს, როდის დაიწყო ხატვა, რადგან ეს ღრმა ბავშვობაში მოხდა. დღეს მისი ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - გერმანიაში, შოტლანდიაში, ავსტრიაში, აშშ-ში. გაიცანით მხატვარი კახა ბახტაძე, რომლის შემოქმედება ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია.


- სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე. სკოლის დამთავრებამდე ვემზადებოდი ბატონი თამაზ ხუციშვილის სახელოსნოში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე - განსაკუთრებით, ფერწერაში. აკადემიის დამთავრებისთანავე, გამომდინარე ჩემი სადიპლომო ნამუშევრებიდან, გავხდი მხატვართა ახალგაზრდული კავშირის
წევრი. ამის შემდეგ მოვხვდი გამომცემლობა "ნაკადულში" სამხატვრო რედაქტორად, სადაც შესანიშნავ ადამიანებთან მომიწია მუშაობა და აგრეთვე დიდი გამოცდილება შევიძინე ილუსტაციისა და წიგნის გაფორმების მიმართულებით. მას შემდეგ კიდევ მრავალ გამომცემლობაში მომიწია მუშაობა. გაფორმებული მაქვს 200-მდე წიგნი, მრავალი პოსტერი, ბროშურა, კატალოგი, ასევე  მიმუშავია ინტერიერის დიზაინზე.

ესკიზები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „სიმონ ბოკანეგრა“

ვიყავი ფესტივალ „საჩუქარის“ მთავარი მხატვარი, „ისთერნ პრომოუშენის“ მხატვარი და დიზაინერი და ა.შ.
ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 1990 წელს გამომცემლობა „მერანის“ დარბაზში ჩატარდა. მას შემდეგ არაერთი გამოფენა მქონდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გერმანიაში, შოტლანდიაში, ავსტრიაში, აშშ-ში და ა.შ.

- ხატვა რა ასაკიდან დაიწყეთ და ვინ აღმოაჩინა თქვენში ეს ნიჭი?
- რაც თავი მახსოვს ვხატავ, ძალიან პატარა ასაკიდან... სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ვინ აღმოაჩინა ჩემში ხატვის ნიჭი, ალბათ ოჯახის წევრემბა. თუმცა აღსანიშნავი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელის შეწყობა ნამდვილად არ მაკლდა მათგან.

- თქვენს შემოქმედებაზე რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას? ფორმები, სახეები თავისთავად წარმოიქმნებიან თუ კონკრეტული ადამიანებისგან, დეტალებისგან, ფაქტებისგან, ადგილისგან იღებთ ხოლმე ინსპირაციას?
- ასე კონკრეტულად მიჭირს გამოვყო, რადგან მრავალი გარემოება შეიძლება იყოს. თავისთავადაც, რა თქმა უნდა. სულ რომ არ ფიქრობ იმ მომენტში ხატვაზე, უცბად შეიძლება წარმოსახვაში დაინახო სრულიად აშკარად სიუჟეტი ან ფერი.
ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, ანუ როგორ ხასიათზე ვარ. თუ რაიმე არასასიამოვნო მოხდა ან პირიქით, ეს შემდეგ აუცილებლად რაღაცა დოზით ნამუშევარზეც აისახება. ბევრი ნამუშევარი მაქვს, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ არის შესრულებული. არ აქვს მნიშვნელობა კლასიკა იქნება თუ ჯაზი.
რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს ხატვის გარეშე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეტყობა ადამიანი შინაგანად ატარებ და მაინც ფიქრობ ამაზე. შემდეგ ეს დაგროვილი ენერგია რაღაც მომენტში ერთიანად „ამოხეთქავს“ და შეიძლება დილის 5-6 საათზე წამოგაგდოს და სპონტანურად დაიწყო ხატვა. ისეც ყოფილა, რომ დიდი პაუზის შემდეგ ორ დღეში 4-5 ნამუშევარი გამიკეთებია.

- პერსონალური გამოფენისთვის ემზადებით. რომელი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და რა ელოდებათ დამთვალიერებლებს?
- გამოფენა დაგეგმილია 16 იანვარს, თბილისის პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ძირითადად გამოფენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები. სავარაუდოდ, 60 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, როგორც ძველი, ასევე ახალი, ანუ 20 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები.


- ვინ არის თქვენი ნამუშევრების ყველაზე დიდი შემფასებელი და თქვენი გულშემატკივარი?
- ვფიქრობ, როგორც პროფესიონალი მხატვრები, ასევე არაპროფესიონალი დამთვალიერებელიც. მთავარია ნამუშევარი იყოს გულწრფელად შესრულებული, ამას ყველა ამჩნევს.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- ჩემი ცხრა ნამუშევარი დღესდღეობით არის ნიუ-იორკში. სამომავლოდ მინდა კიდევ ჩავიტანო ოცამდე ნახატი და იქაც მოეწყოს გამოფენა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები