ზაფხულში, სახლის ეზოსა თუ ტყეში, ხის ჩრდილქვეშ, ჰამაკში წოლას არაფერი ჯობს. ეს პროცესი განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ და ჰამაკს საქანელის მსგავსადაც იყენებენ. ზაფხულობით ზოგიერთი მშობელი შუადღისას ბავშვს საერთოდაც ჰამაკში აძინებს. პატარას სიგრილეში კომფორტულად სძინავს. თუმცა, ბევრმა ნაკლებად ან თითქმის არ იცის, როგორ უნდა შეარჩიოს ჰამაკი, რომ სხვადასხვა არასასურველი შედეგისგან დაზღვეული იყოს. გადავწყვიტეთ, ზაფხულის ამ ერთ-ერთ სასიამოვნო ატრიბუტთან დაკავშირებით ჩვენს მკითხველს პრაქტიკული რჩევები შევთავაზოთ.
სანამ ჰამაკების სპეციალისტის რჩევებს გავეცნობით, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ: ჰამაკის შექმნას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით,
ჰამაკი ერთმანეთზე გადაკვანძული. თოკებისგან იწნება, რომლებიც რომბებს ქმნიან. ჰამაკი ერთგვარი მოსასვენებელია, ორივე მხრიდან იკიდება და შესაძლებელია მასში ჩაჯდომა ან ჩაწოლა. საქართველოში ჰამაკის სამშობლოდ ქალაქი ხაშური მიიჩნევა. დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე გამოფენილი ჭრელ-ჭრელი, სხვადასხვა ზომისა და ფერის ჰამაკები გამვლელის ყურადღებას იქცევს. ეს საუცხოო საქანელა განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ.
მაშ ასე, როგორ ავარჩიოთ ჰამაკი? შეგვიძლია თუ არა მისი თავად გაკეთება? რა წესები უნდა დავიცვათ, რომ ჰამაკმა დიდხანს გაგვიძლოს? როგორ შევარჩიოთ ხეები ჰამაკის ჩამოსაკიდად? - ამ და სხვა საკითხზე ჰამაკების ოსტატს კოტე გიგაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც უკვე 20 წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული:
- მოგეხსენებათ, ჰამაკი სეზონურია. მის გაყიდვას მაისიდან ვიწყებთ და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. წლიდან წლამდე ჰამაკზე მოთხოვნა არ მცირდება. თუმცა, ბოლო დროს მასალა გაგვიძვირდა. თურქეთიდან სპეციალური თოკი შემოდის, რომელსაც ჰამაკის დასაწნავად ვიყენებთ. ჰამაკის სახელურებს კი საქართველოში ვყიდულობთ. თუმცა, ხეტყის გაჩეხვა აკრძალულია, ამიტომ, სახელურების შოვნა ცოტა გართულდა. ერთი საშუალო ზომის ჰამაკის დამზადება საშუალოდ 17-18 ლარი ჯდება. შემდეგ გასაყიდად ვაბარებთ და გამყიდველები კიდევ 3-5 ლარს უმატებენ. ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვცდილობთ, რომ ჰამაკი არ გავაძვიროთ.
ერთი საშუალო ზომის ჰამაკის დასამზადებლად სულ მცირე 2 კილოგრამი ტროსია საჭირო - ერთი კილოგრამი 6 ლარი ღირს. ამას დამატებული ორი ხის სახელური - თითო 1, 50 ლარი ღირს. გააჩნია, ჰამაკი ვისთვის გინდათ. ბავშვის ჰამაკი შედარებით მომცრო ზომისაა, მასში დიდი ადამიანი ვერ ჩაეტევა, გაწყდება. მძიმეწონიანებისთვის სპეცშეკვეთას ვასრულებთ, ორმაგი, სამმაგი თოკით ვქსოვთ. ამიტომ, ყიდვისას კლიენტმა არ უნდა მოგვატყუოს, შეიძლება თქვას, ბავშვისთვის მინდაო და მერე შიგ თვითონ ჩაწვეს. რა თქმა უნდა, ჰამაკი ასეთ წონას ვერ გაუძლებს და გაწყდება. მერე უკმაყოფილონი მოგვმართავენ, ჰამაკი რატომ გაწყდაო. კარგი იქნება, ყიდვისას ამ რჩევას თუ გაითვალისწინებენ.
- როგორ დავამაგროთ ხეზე ჰამაკი, რომ არ გაწყდეს?
- ზოგი შეცდომას უშვებს, როცა ჰამაკს ხეზე ტროსით კიდებს. ჰამაკი ირწევა, ტროსი ნელ-ნელა ცვდება და ერთ მშვენიერ დღესაც გაწყდება. ცალკე იყიდება მეტალის სახელური, რითაც ჰამაკს ხეზე ამაგრებენ. ამგვარად დამაგრებული ჰამაკის გაწყვეტისგან დაზღვეული ხართ.
- მნიშვნელობა აქვს თუ არა ხეს, რომელზეც ჰამაკს ჩამოვკიდებთ?
- დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, თუთის, თხილის ხეზეც ჩამოკიდოთ. მთავარია, მეტალის სახელურით დაამაგროთ. ამგვარად, ქანაობის დროს ტროსი ვერ გაიხეხება და შიგ მსხდომთაც ჩამოვარდნა არ ემუქრებათ.
- როგორ უნდა შევინახოთ ჰამაკი, დიდხანს რომ გაგვიძლოს?
- მესამე წელია, რაც ეზოში ჰამაკები მიკიდია. მხოლოდ წელს ერთ-ერთის ტარმა ტკაცუნი დაიწყო. მთავარია, რომ წვიმის დროს ჰამაკი გარეთ არ დატოვოთ. როცა მზეზე შრება, იჭიმება და ხარისხს კარგავს. საშუალოდ, ჰამაკი 5 წელი მაინც ინახება. მთავარია, ეს წესები დაიცვათ.
- რამდენი ხანი სჭირდება ერთი ჰამაკის დამზადებას? ხელით ამზადებთ თუ სპეციალური ხელსაწყოთი?
- ჰამაკს ხელით ვწნავ. ხელთათმანებს ვიკეთებ და მუშაობას ასე ვიწყებ. ნახევარ საათში ჰამაკი მზად მაქვს. საშუალოდ ჰამაკისთვის მინიმუმ 85 მეტრი სიგრძის თოკია საჭირო.
- რთულია ჰამაკის მოქსოვა? ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დამზადება?
- ნებისმიერს შეუძლია ჰამაკის გაკეთება. მთავარია მონდომება და გულისყური. ვისაც უნდა, ისწავლის. ამ ბოლო დროს ბევრმა მოინდომა ჰამაკის დამზადება, რადგან საკმაოდ შემოსავლიანია. თუმცა, სულსწრაფობას იჩენენ და ჰამაკს სათანადო წესით არ აკეთებენ. ქსოვის დასრულების შემდეგ, სანამ თავს მოაწვავ, უნდა განასკვო, რომ არ დაიშალოს. ზოგიერთი პირდაპირ მოაწვავს და ფიქრობს, საქმე დაამთავრა. ასეთ ჰამაკში ადამიანი ჩაჯდომისთანავე ძირს ჩამოვარდება, რადგან ნაქსოვი ირღვევა. ამიტომ, ასეთ გამყიდველებს მომჩივანიც ბევრი ჰყავთ. მეორე დღეს ჰამაკს უბრუნებენ, ჩამოვკიდეთ თუ არა, მაშინვე გაწყდაო. ასე არ შეიძლება.
- ბოლო დროს ტრადიციული ჰამაკის გარდა, ნაჭრის ჰამაკიც გვხვდება. რა სხვაობაა მათ შორის?
- ამ ჰამაკებს თითქოს თოკის დაცვის მიზნით აკეთებენ. მას გობელენით ამზადებენ. ისიც ჩვეულებრივი ჰამაკია, უბრალოდ, ნაქსოვზე ნაჭერია გადაკრული. თუმცა, რომბებს შორის იმხელა მანძილია, რომ ადამიანს ფეხი თავისუფლად ჩაუვარდება. თანაც, გობელენი ჰაერს არ ატარებს. ზაფხულში, ვინც ასეთ ჰამაკში ჩაწვება, ბეჭები ჩაუხურდება. მასში ბავშვიც შეწუხდება. წესით, სწორად მოქსოვილ ჰამაკში მუშტიც ვერ უნდა ჩაეტიოს, არათუ ფეხი. ამას კი ეკონომიიის მიზნით აკეთებენ. თანაც, ჩვეულებრივ ჰამაკთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.
- როგორ ავარჩიოთ ჰამაკი, რომ გამძლე გამოდგეს?
- შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, როგორი თოკით არის მოქსოვილი. ოდნავ სქელი უნდა იყოს, რომ არ გაწყდეს. თუ ის გაწყდა, მაშინ ჰამაკიც დაიშლება.
- ქართული ჰამაკის გარდა ბაზარზე უცხოურიც გვხვდება, მათზე რას გვეტყვით?
- ჩვენთან ჰოლანდიური ჰამაკები იყიდება. ძალიან მაღალი ხარისხისაა, საუკეთესო ტილოსგან დამზადებული, რკინის სახელური აქვს, მაგრამ ძვირი ღირს. მისი ფასი 50-დან 200 ლარამდეა. ქართული ჰამაკის გვერდით ჰოლანდიურიც გვაქვს ხოლმე გამოტანილი, მაგრამ სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3-4 თუ გაიყიდება.
სალომე გოგოხია