ქართველი ხელოვანის დახვეწილი ექსკლუზიური ნამუშევრები და გამორჩეული ბინა

ანი ჩაკვეტაძე ხელოვანის ოჯახში გაიზარდა და გასაკვირი არ იყო ოჯახში მისი შემოქმედებითი უნარები. თუმცა სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის განხრა აირჩია და დღეს ლექციებსაც კითხულობს ამ სფეროში. ჩვენი ყურადღება კი მისმა საოცარმა ნამუშევრებმა მიიქცია - ხელით მოხატულმა სარკეებმა, რომელთაგან თითოეული დახვეწილი და ფაქიზი ნამუშევარია, არც ერთი არ ჰგავს მეორეს და კონკრეტული ინტერიერის სტილის და დიზაინის გათვალისწინებით იქმნება და ნებისმიერ სივრცეში გამორჩეული აქცენტი შეაქვს. გარდა ამისა, ანის ბინაც აღმოჩნდა ჩვენი ყურადღების ცენტრში, რადგან მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ მასაც ეტყობა შემოქმედი ადამიანების ხელწერა და
უდაოდ განსხვავებული და გემოვნებიანია. 
თავის საქმიანობაზე, ინტერესებზე და შემოქმედებაზე ანი თავად გვესაუბრა.

- პროფესიით მოდის დიზაინერი გახლავართ, ბავშვობიდან სწორედ ამ პროფესიაზე ვოცნებობდი. მხატვარი მამის გვერდით მუდამ შემოქმედებით პროცესს ვადევნებდი თვალს, ყველაზე დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას მეც ხატვა მანიჭებდა. ოცნებაც ამიხდა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის მიმართულებაზე. დავამთავრე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურები. ამჟამად გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. ცამეტი წელია მოდის დიზაინზე ლექციებს ვკითხულობ.
ჩემი ოჯახის ყველა წევრი ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელია. მამა - ოთარ ჩაკვეტაძე ფერმწერია, და, სოფიო ჩაკვეტაძე -ხელოვნებათმცოდნე, ძმა, ლუკა ჩაკვეტაძე - მხატვარი და მუსიკოსი.
როგორც დიზაინერს, მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, გამოფენაში, ვორქშოპში და მოდის ჩვენებაში. მიწვეული ვიყავი ქალაქ პალმა დე მალიორკას სამხატვრო უნივერსიტეტში, რიგის სამხატვრო უნივერსიტეტში. ვხელმძღვანელობდი არაერთ სტუდენტურ პროექტს.

თანაავტორი ვარ რამდენიმე ინდივიდუალური სახლის,სასტუმროს, ბიზნეს ცენტრის ინტერიერის დიზაინის.

- როგორ გაჩნდა ეს ულამაზესი სარკეები თქვენს შემოქმედებაში? 
- დიდხანს ვფიქრობდი ჩემი შემოქმედება ბიზნესადაც მექცია, თუმცა ამის არც დრო მქონდა და არც გამოცდილება. 2019 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, ჩავიკეტეთ სახლებში და ჩემი შემოქმედების განვითარებისთვის მეტი დრო დამრჩა. ბიძგი კი ერთმა ამბავმა მომცა. ჩემი მეუღლე - ლაშა ფირფილაშვილი, პროფესიით გახლავთ არქიტექტორი. მასთან ერთად ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ ხოლმე. ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას ხელნაკეთი დეკორატიული სარკე დაგვჭირდა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვერ მოვიძიეთ. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ის თავად შემექმნა. ინტერიერის სტილის, ფერების და დეტალების გათვალისწინებით შევქმენი სარკე, რომელიც საოცრად მოუხდა მითითებულ სივრცეს და დამკვეთის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი და მას განვითარებაც მოჰყვა.
მათი შექმნის პროცესი უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს. სარკეების მასალა ბუნებრივი ხეა, აკრილით მოხატული და ხშირად მინის დეკორატიული ქვებით გაფორმებული. თითოეული დეტალი ხელით იქმნება. ნამუშევრის შესრულება საკმაოდ რთული და შრომატევადია, თუმცა ამავდროულად ძალიან სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესია.

- რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?
- არტ-აურას სარკეები უნიკალურია. ისინი იქმნება ინდივიდუალურად, დამკვეთის ინტერიერის სრული გათვალისწინებით და სარკის ზუსტი დეტალები არსად არ მეორდება. ამიტომ მისმა მფლობელმა იცის, რომ ის სარკე მხოლოდ მას აქვს და სხვას არავის. სარკეებში მთელი ჩემი ემოციები, გრძნობები და შინაგანი სამყაროა ჩადებული. ამ ყველაფერს ნამდვილად გრძნობებ ჩვენი დამკვეთები. ჩვენს სარკეებს ინტერიერში "არტული" აურა შემოაქვთ, ორგანულად ერწყმიან არსებულ სივრცეს. ხშირად გვწერენ ჩვენი მომხმარებლები, რომ ჩვენს სარკეებში ჩახედვა მათ აბედნიერებთ. ასეთი დადებითი შეფასებები კი დიდ სტიმულს მაძლევს, ჩავატარო კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტი და შევქმნა საინტერესო ნამუშევრები.
სარკეების ფორმები და დიზაინი მრავალფეროვანია, უმეტესად აბსტრაქტული კომპოზიციები ჭარბობს. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ხშირად ვმუგზაურობ მეუღლესთან ერთად. სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობების, ტრადიციების, კულტურის ნახვისას ბევრი იდეა იბადება და ინსპირაცია ჩნდება. ეს ყველაფერი კი ჩემს შემოქმედებაში აისახება.


- გვიამბეთ თქვენს სახლზე, რომლის ინტერიერიც ასევე გამორჩეულია...
- ჩვენს მეგობრებს თუ დავუჯერებთ, ამბობენ რომ ჩვენს სახლში განსხვავებული, განსაკუთრებული შემოქმედებითი აურა ტრიალებს. ჩვენი ოცნების სახლის პროექტი ჩემმა მეუღლემ შექმნა და მის განხორციელებას 5 წელი დასჭირდა. თუმცა ეს ამად ღირდა.

სახლის ინტერიერის თითოეული დეტალი ჩვენი ხელით შექმნილია, რაშიც დიდი ენერგია და სიყვარული ჩავდეთ. მოგზაურობებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა სუვენირი თუ ნივთები კიდევ უფრო ალამაზებენ სივრცეს. მამას ნამუშევრები საოცრად ერწყმის ჩვენს ინტერიერს. 















- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს ჩემი ბიზნესის გაფართოების და მის საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანის. ასევე იგეგმება ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შექმნა.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები