როგორ მოვაწყოთ მაქსიმალურად კომფორტულად პატარა ზომის აბაზანა

პატარა ზომის აბაზანა საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს, მისი მოწყობის დროს დისახლისები ძირითად აქცენტს მოხერხებულობაზე აკეთებენ და სიმყუდროვე სულ ავიწყდებათ. ვეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება პატარა ზომის აბაზანის კომფორტულად, პრაქტიკულად და რაც მთავარია, მყუდროდ მოწყობა.

მოპირკეთება

ნებისმიერი ოთახის მოწყობის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მის მოპირკეთებას. გამონაკლისი არც აბაზანაა. მისი მოწყობის დროს მთავარია სწორად შეარჩიოთ მოსაპირკეთებელი მასალა და ფერი. თუ თქვენი აბაზანა პატარა არის, არ გირჩევთ მუქი ფერის კაფელ-მეტლახის გამოყენებას, ის სივრცეს აპატარავებს და ამასთანავე არსებობს საშიშროება, თქვენი აბაზანა
სასტუმროს ან რესტორნის საპირფარეშოს დაემსგავსოს. ეს სიმყუდროვეს ნამდვილად ვერ შექმნის. გირჩევთ არჩევანი ღია ფერის, სადა მასალაზე შეარჩიოთ, ყოველგვარი ყვავილებისა და გაფორმების გარეშე. ძალიან კარგი იქნება, არჩევანს ვერტიკალურ ნახატებიან კაფელზე თუ შეაჩერებთ. ასეთი კერამიკული ფილები თქვენს აბაზანას სიმაღლეს შემატებს. ასეთი ფილები აბაზანის ზონებად დასაყოფადაც გამოგადგებათ, შეგიძლიათ გამოყოთ მაგალითად, პირსაბანი ზონა.

თავისუფალი იატაკი

სივრცე, რომელიც გამოირჩევა თავისუფლებით, ვიზუალურად უფრო დიდად მოჩანს. მსგავსი ეფექტის მისაღწევად გირჩევთ ე.წ. დასაკიდი, ფეხებზე შემდგარი მასალის გამოყენებას, იქნება ეს უნიტაზი, პირსაბანი თუ აბაზანა. ასეთი მოდლები სისმუბუქის ელფერს შესძენს თქვენს აბაზანას.

რბილი კუთხეები

იმისათვის, რომ აბაზანის ინტერიერი უფრო დახვეწილად გამოიყურებოდეს, უპირატესობა მომრგვალებულ მოდელებს მიანიჭეთ.

ჩაშენებული ტექნიკა

აბაზანისთვის სიმყუდროვის მისანიჭებლად ეცადეთ ის არ გადატვირთოთ ზედმეტი ნივთებით, ქილებით, ფლაკონებით. გახსოვდეთ, სისადავე მეტ სიმყუდროვეს ქმნის. ეცადეთ გამოიყენოთ ჩაშენებული კარადები და თითოეული სანტიმეტრი რაციონალურად გათვალოთ. აბაზანის ყველა საჭირო ატრიბუტს თავისი ადგილი მიუჩინეთ.

სარკეები

ყველამ კარგად იცის, რომ სარკე ოთახის ვიზუალს აფართოვებს. თუმცა, პატარა ზომის აბაზანას ყველანაირი სარკე როდი მოუხდება. სარკე ოვალური შეარჩიეთ. ასეთი ფორმის სარკე აბაზანას სიმყუდროვეს მატებს.

განათება

სწორი განათება ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს. პატარა აბზაანას ძალიან უხდება წერტილოვანი, თანაბრად გადანაწილებული განათება. ასევე აუცილებელია სარკის ზონის განათება. თუ იმის საშუალება არის, რომ სარკესთან ბრა განათავსოთ, თქვენი ინტერიერი კიდევ უფრო დაიხვეწება.

დეკორი

გემოვნებით შერჩეული სურათი ან რაიმე აქსესუარი ნებისმიერ ინტერიერს უხდება, თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია. აქსესაურებად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული კალათები, სანთლები.

დაბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა -აბაზანის ინტერიერის მოდა ხშირად იცვლება. ამიტომ, სანამ რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, გაეცანით მოდის ბოლო ტენდენციებს.

ასევე იხილეთ: თანამედროვე აბაზანა: რა იქნება მოდაში და რა ჩაბარდება წარსულს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები