ქართველი დიზაინერი, რომელიც ყატარში შეიხთა ვილების, სამთავრობო შენობების და სხვა უმსხვილეს პროექტებზე მუშაობს

დიმიტრი სარკიაშვილი პროფესიით გრაფიკული დიზაინერი გახლავთ. ამჟამად ერთ-ერთ ყატარულ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა იციან, რა სირთულის დავალებაც არ უნდა მისცენ მას, შეძლებს დაკისრებული მოვალობა პირნათლად, სრულფასოვნად და უნაკლოდ შესარულოს. მონაწილეობა აქვს მიღებული სტადიონების, სკვერების, პარკების, შეიხთა ვილების, სამთავრობო შენობების, სასახლეების და სხვა განათების პროექტებში. დიმიტრი ასევე ქმნის ლოგოებს სხვადასხვა კომპანიებისთვის.

- მე და ჩემი თანამშრომლები ვმუშაობთ განათების დიზაინზე არა ტექნიკური განხრით, არამედ ესთეტიკური კუთხით. ჩვენი სტუდია შედგება სამი ადამიანისგან: მამუკა ნაჭყებია (სტუდიის ხელმძღვანელი), ანა ხურციძე და მე.
დიზაინის სფეროში
2005 წელს მოვხვდი. გასაუბრება გავიარე ერთ-ერთ ქართულ-რუსულ ფირმაში, სადაც ადგილზე ასწავლიდნენ ე.წ. პროგრამა 3D max-ს. იქ მისვლა ოჯახის ახლო მეგობრებმა მირჩიეს. სიმართლე გითხრათ, მასტერკლასზე იმ ჯგუფში, სადაც მე ვსწავლობდი, ერთ-ერთი სუსტი მოწაფე ვიყავი, ვინაიდან კომპიუტერთან ასე ფართო შეხება არასდროს მქონდა. საბოლოოდ გადავლახე სირთულეები და გავხდი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი.
2011 წელს დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ წამყვან სტუდიაში გრაფიკულ დიზაინერად, სადაც დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე, რის გამოც დიდი მადლობელი ვარ დირექტორის დათუნა ალექსიძისა და სტუდიის ხელმძღვანელის, დიზაინერ დავით ქოიავასი. მათთან მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე, დამეხვეწა გემოვნება, გავეცანი ინტერიერის დიზაინის სფეროს და რაც მთავარია, შევისწავლე მსოფლიოს წამყვანი ავეჯისა და განათებების ბრენდები. ასევე გავიცანი ძალიან ბევრი ცნობილი და წამყვანი ქართველი დიზაინერი. მათთან თანამშრომლობისას მივიღე კიდევ უფრო მეტი გამოცდილება. შემდეგ მოვხვდი ქართულ კომპანიაში, რომელიც თანამშრომლობდა ყატარულ კომპანიასთან, მივედი გასაუბრებაზე, წარმატებით გავიარე და გავხდი მათი გუნდის ნაწილი.

- ამ ეტაპზე რა ტიპის განათებებზე მუშაოთ?
- ძირითადად ვმუშაობთ ექსტერიერის განათებებზე: სტადიონების, ქუჩების, საოფისე შენობების, პარკების, ვილების, სასახლეების და ა.შ.
საერთოდ, სხვადასხვა ტიპის განათებაა, ასე გამიჭირდება ჩამოთვლა. ზოგჯერ გვაძლევენ ისეთ პროექტებს, რომლებსაც ესთეტიკურად ვამუშავებთ, ჩვენი გემოვნებით განათების დიზაინს ვუკეთებთ არსებულ შენობას თუ სკვერს, შემდეგ უკვე ყატარში პროფესიონალი ტექნიკოსების ჯგუფები არჩევს ამა თუ იმ განათების ტიპებს, რომელიც საშუალებას იძლევა ისე განათდეს, როგორ განათებასაც ჩვენ ვსვამთ პროექტში. 

- რა პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და რა ტიპის მომხმარებლებთან გიწევთ თანამშრომლობა?
- სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს ასე კონკრეტული პროექტის დასახელების, ვინაიდან კონფიდენციალურია. მომხმარებელს რაც შეეხება, ძირითადად არიან შეიხები და მაღალი ფენის დამკვეთები. ზოგჯერ ისეთ პროექტებში ვმონაწილეობთ, სადაც უცხო ქვეყნის სტუდიებთან ერთად გვიწევს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალებით ვაკეთებთ პროექტს. ისე, მაქვს მონაწილეობა მიღებული სტადიონების განათების დიზაინში, სკვერების, პარკების, ვილებისა და შიდა ეზობის განათების დიზაინში, სამთავრობო შენობების, სასახლეების და ა.შ. მოგეხსენებათ, ყატარში ძალიან ბევრი შეიხია და უმეტესად გვიკავშირდებიან შესაძლებლობების მქონე დამკვეთები.

- როგორ მოხვდით ყატარში?
- ყატართან თანამშრომლობა პირველად დაიწყო ჩემმა მეგობარმა მამუკა ნაჭყებიამ, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა იქ და იქაურ კომპანიაში მუშაობდა დიზაინერად. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა მუშაობა დისტანციურად. როცა პროექტების რაოდენობამ იმატა, ყატარიდან სთხოვეს, რომ შეექმნა დიზაინერთა ჯგუფი, რათა მოსწრებულიყო ესა თუ ის პროექტი. საბოლოოდ ასე შეიქმნა ჩვენი სტუდია და ასე გაგვიცნეს ჩვენ ყატარში.
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ის პროექტი, რომელშიც მე პირადად ვიღებ მონაწილეობას ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რადგან ჩვენი თითოეული წარმატებით ვცდილობთ ვასახელოთ ჩვენი საქართველო! რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნებისმიერ პროექტს და ვცდილობთ სახელი დავიმკვიდროთ ამ სფეროში. ხშირად გვისახელებია ჩვენი ყატარელი პარტნიორები. ხშირად, როცა მონაწილეობას ვიღებთ რაიმე ტიპის ტენდერში, იქაურ, ადგილობრივ დიზაინერულ კომპანიებს უჭირთ ჩვენთან კონკურენციის გაწევა.

- კიდევ რას საქმიანობთ?
- კომპანიაში ჩემი თანამდებობა არის განათების დიზაინერი, პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი, ასევე ვაკეთებ 3D მოდელებს და ჩართული ვარ შემოქმედებით საქმიანობაში. შეიძლება მოვიდეს ისეთი ტიპის პროექტი, რომელიც ჩანახატის დონეზეა და მე დავალებად მეძლევა მისი 3D მოდელის აწყობა და დახვეწა დიზაინში. თავადაც რაც არ უნდა მოვიფიქრო ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემიძლია ჩემივე ფანტაზიის განხორციელება 3D დიზაინში.

- ყატარის გარდა სხვა უცხო ქვეყნებთან თუ თანამშრომლობთ?
- კი, ზოგჯერ გვიწევს სხვა ქვეყნის დამკვეთთან მუშაობა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ძირითადად მაინც ყატარის დაკვეთებზე ვმუშაობთ.

- ინტერიერისთვის თუ ქმნით სანათებს?
- კი, შემიქმნია ინტერიერის სანათების დიზაინი, მაგრამ ძირითადად სამსახურიდან გამომდინარე უფრო მიწევს გარე სანათებზე მუშაობა, ვინაიდან ჩვენი სტუდია ძირითადად ექსტერიერსა და გარე განათებებზე მუშაობს.

- დღეს როგორი განათებებია აქტუალური და მოთხოვნადი?
- ყველა პროექტზე ინდივიდიალური განათება მიდის, ჩვენს სფეროში განათება ტექნოლოგიურად რაც უფრო დახვეწილია და რაც უფრო ინოვაციურია, მით უფრო მოთხოვნადია. დღესდღეობით ათასობით განათების კომპანია არსებობს, რაც უფრო დიდი არჩევანია ბაზარზე, მით უფრო მეტი განსხვავებული ტიპის განათებაა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ასე, რომ კონკრეტული ბრენდების დასახელებებს ვერ ჩამოგთვლით.

სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ?
- სამომავლოდ მინდა შევისწავლო ავეჯის დიზაინი ტექნიკური განხრით, ვინაიდან ვირტუალურად ძალიან ბევრი რამის შექმნა შემიძლია, მაგრამ რეალურად ვერ ავაწყობ იმას, რასაც შევქმნი. ავეჯის აწყობის ტექნოლოგიის შესწავლას ვაპირებ და ასევე განათებისაც, ვინაიდან არ მინდა უბრალოდ ვირტუალური მოდელების შექმნით ვიყო სულ დაკავებული და ამისათვის მინდა ტექნოლოგიის შესწავლა.
სამომავლოდ ვფიქრობ ჩემს მეუღლესთან და ჩემ დასთან ერთად (ორივე მხატვარი და ტანსაცმლის დიზაინერია) შევქმნა ანიმაციის პერსონაჟები, დავწერო სცენარი და მეგობრების დახმარებით შევქმნა მოკლემატრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მინდა, რომ ბავშვებისთვის შევქმნა საინტერესო და რაც მთავარია, მისაღები ანიმაციური ფილმი... დრო გვიჩვენებს.


სტატიაში გამოყენებულია დიმიტრი სარკიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები