„დღეს მოდურია ნატურალური მასალები – ხე, ქვა, მარმარილო, აქტუალურია სხვადასხვა ფერის არევა“ - დიზაინერის პრაქტიკული რჩევები

გაიანა მოისეევა არქიტექტორ-დიზაინერია. საქართველოს გარდა, საუდის არაბეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უწევს პროექტების განხორციელება, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი თითოეული პროექტი განსხვავებული და გამორჩეულია. ყოველთვის ადევნებს თვალყურს მსოფლიო მოდის გამოწვევებს და ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს. გაიანა გვესაუბრა, რა არის ყველაზე პოპულარული საქართველოში, რა ფერებია მოდური, საინტერესო რჩევები გაგვიზიარა და თავისი ბინაც დაგვათვალიერებინა.



– პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერი ვარ. ექვსი წელია ამ პროფესიით ვმუშაობ. უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დავამთავრე. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში. პირველი სამი წელი ქართულ კომპანიაში ვმუშაობდი, ახლა არაბებთან ვმუშაობ. ბოლო ორი
წელია საუდის არაბეთში სახლებს ვაპროექტებ. ასევე ვიღებ კერძო შეკვეთებს როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყნებში.



– ყველა საქმეს სჭირდება პროფესიონალის ხელი. ინტერიერის დიზაინერზე როგორი მოთხოვნაა დღეს?



– სურვილი აქვთ, მაგრამ არის თანხის პრობლემა. რა თქმა უნდა, სურთ, ყველაფერი კარგად და პროფესიონალურად მოაწყონ, მაგრამ იმ მინიმალური თანხის გადახდაც პრობლემაა ხოლმე, რასაც ვეუბნებით. დიზაინში ზედამხედველობა აუცილებელია. მარტო ის არ არის საკმარისი, რომ პროექტი გააკეთო და ამით დამთავრდეს. როცა პროექტის განხორციელება იწყება, აუცილებელია ყურადღება, შემოწმება, რა როგორ კეთდება. ამიტომ, თუ ჩემი შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ მივიღებ, მირჩევნია, იმ საქმეს საერთოდ არ მოვკიდო ხელი.



– არაბეთშიც აკეთებთ პროექტებს. რა განსხვავებაა იქაურსა და აქაურ დამკვეთებს შორის?



– სხვაობა დიდია. არაბებს მოსწონთ მდიდრულ სტილში მოწყობილი სახლები. ყველაფერი ოქროსა და ძვირფას ქვებში უნდა იყოს ჩასმული. ძალიან ბევრი ფული აქვთ და უნდათ, თავიანთი სახლი მდიდრულ „მუზეუმად“ გადააქციონ. თუმცა სიახლეები არ უყვართ, ყველას უნდა, ერთნაირი სახლი ჰქონდეს. იყო შემთხვევა, ოთხი პროექტი განვახორციელე ზუსტად ერთი და იმავე ექსტერიერით.



– როდესაც პატარა ბინებზე მუშაობთ, რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორ გეგმავთ სივრცეს?

– თუ ძველი ბინაა, პირველ რიგში ტიხრების დემონტაჟზე ვფიქრობ, რადგან ძველი ტიხრები უვარგისი და მოსახსნელია. უშუალოდ რაც დიზაინს შეეხება, მნიშვნელოვანია იმ ფერების შერჩევა, რაც სივრცეს გამოაჩენს. არ მეშინია მუქი ფერების ჩარევა, რაც სიღრმეს უფრო მატებს აქცენტს, სივრცის მოგების თვალსაზრისით ძალიან კარგია ჩაშენებული თაროები, კარადები და ა.შ. ხშირად ვიყენებ მინას და სარკეებს.



პატარა ბინებში აქტუალურია სტუდიოს ტიპის მისაღები, რაც სივრცის მოგების საშუალებას იძლევა. თუმცა, როცა არის ფართი, მე ყოველთვის ვურჩევ, რომ სამზარეული იყოს ცალკე, იზოლირებულად.

– ხშირად ადევნებთ თვალს მსოფლიო ინტერიერის მოდას?

– წელიწადში ერთხელ იტალიაში ტარდება მასშტაბური გამოფენა, სადაც სხვადასხვა წამყვანი ბრენდის ავეჯი და პროდუქცია არის წარმოდგენილი. იკვეთება ბოლო მოდელები, ტრენდები და ყოველ წელს ვესწრები. ამიტომ სულ საქმის კურსში ვარ, რა არის აქტუალური მსოფლიოს მასშტაბით.



– ახლა რა სტილია მოდური?

– დღეს მოდურია ნატურალური მასალები – ხე, ქვა, მარმარილო. რაც შეეხება ფერებს, აქტუალურია სხვადასხვა ფერის არევა. მაგალითად, მწვანე, ლურჯი, ყვითელი... ინტერიერში ხშირად შეგვაქვს კლასიკური შტრიხები.

– საქართველოს გარდა ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ. გაიხსენეთ პროექტი, რომლითაც დღემდე ამაყობთ?



– ერთ-ერთი არის ჩემი სახლი. თუმცა გამოვყოფ კიდევ ერთ ბინას მოსკოვში, რომელზეც ბევრი ენერგია დავხარჯე. ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ მიმეღო ის, რაც მინდოდა.

სახლში ცხოვრობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი. მშობლებს სურდათ, მასზე მორგებული ინტერიერი შემექმნა. კონსულტაცია გავიარე სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან. ბევრს ვკითხულობდი აუტიზმის შესახებ – რა ფერები აწყნარებთ, ან რა აღიზიანებთ, როგორ გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. ბავშვსაც გავესაუბრე და ამის შემდეგ დავიწყე პროექტზე მუშაობა.



შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მშობლები აღფრთოვანებულები და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მეც გამიხარდა, რადგან ბავშვიც ბედნიერი ჩანდა.

– ახლა იქნებ თქვენს სახლზე ვისაუბროთ, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება ხვდა წილად...

– ცხრა თვის წინ ვიყიდე პატარა სახლი და გადავწყვიტე, რემონტი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. არის ფერები, სტილი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ როცა სხვის სახლს ვაკეთებ, ეშინიათ ამ ფერების გამოყენება და არ მთანხმდებიან. ჩემს სახლში ყველა ჩემი იდეა და ჩანაფიქრი განვახორციელე. როცა დამკვეთის სახლს აკეთებ, ასეთი თავისუფალი არ ხარ. ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე. რემონტის საკითხსაც მე ვუძღვებოდი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი.



– რა პრობლემებს წააწყდით?

– მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ბევრ ხელოსანს ვიცნობ, როცა საქმე ჩემი ბინის რემონტზე მიდგა, ბევრმა უარი მითხრა. შემდეგ ვნახე ერთი რკინის ხელოსანი, რომელიც დამთანხმდა. საქმის დაწყებამდე სრულად მივეცი თანხა. სამუშაოების 20 პროცენტიც არ ჰქონდა შესრულებული, რომ დაიკარგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვუჩივლე.

– რამდენად ხშირია ხელოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებები? ხშირად აწყდებით ხოლმე თაღლითურ ჯგუფებს?

– სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა იყო. მას მერე ყველას ვაფრთხილებ, არასოდეს გადაუხადონ ხელოსანს საქმის დაწყებამდე სრულად თანხა. ამის შემდეგ მივაგენი ისეთ ხელოსანს, რომელმაც უპრობლემოდ აიღო თავის თავზე ყველაფერი და ისე გააკეთა, როგორც მე მინდოდა.



– თქვენს სახლში რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა?

– ყველაფერი გადავწყვიტე თანამედროვედ, მხოლოდ საძინებელი გავაკეთე ძველებურ სტილში. როცა სახლს ვარჩევდი, ამ ბინაში ყველაზე მეტად ძველებური პარკეტი მომეწონა და ხელუხლებელი დავტოვე. მხოლოდ მოვაპირკეთე და ძველებური სახე შევუნარჩუნე. სხვათა შორის, ძალიან მოუხდა ინტერიერს.

სახლში საოცრად ღრმად აღწევს მზის სხივები, სითბო. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ეს ბინა შევიძინე. იმ ადგილას, სადაც დიდხანს უდგება მზე, დავდგი დიდი სარკე, სხივებს ირეკლავს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სივრცეს.

– ქართულ ბაზარზე რამდენად ხელმისაწვდომია სასურველი მასალა, ავეჯი და ა.შ.? ამ მხრივ ხომ არ შეგქმნიათ პრობლემა?



– საქართველოში თითქმის ყველაფერია ხელმისაწვდომი. ერთადერთი ავეჯზე შემექმნა პრობლემა. ის, რისი ყიდვაც მინდოდა, ყველა პატენტი იყო. თუმცა შეგიძლია შეუკვეთო და ყველაფერს უპრობლემოდ ჩამოგიტანენ. რასაკვირველია, ეს დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული.

– დაბოლოს, რჩევა ჩვენს მკითხველს: ინტერიერში რას უნდა მიაქციოს ყურადღება მან, ვინც ბინას არემონტებს ან ახლებურად აწყობს?

– ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია ავეჯი, ამიტომ ის აუცილებლად გემოვნებით და სწორად უნდა იყოს შერჩეული. ოთახში არ გამოიყენოთ ბევრი პრიალა ზედაპირი. როცა იატაკის საფარი, ავეჯი, ყველაფერი პრიალაა, განათებას ირეკლავს, ეს თვალს აღიზიანებს და თან ინტერიერი ერთფეროვანი ხდება. თუ არ არის ნატურალური მასალა, მაგალითად, ხე, არ არის სასურველი ყავისფერი ავეჯის შერჩევა. სივრცის მოგების თვალსაზრისით, თან თუ ფართიც პატრაა, უმჯობესია ყველაფერი ჩაშენებული გააკეთოთ. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. თქვენი ინტერიერის დიზაინი უნდა გიხდებოდეთ მხოლოდ თქვენ. თითოეული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, როგორია მისთვის კომფორტული გარემო და რა ფერები წარმოაჩენს მას. პრიალა ზედაპირი ყოველთვის არ ნიშნავს ვიზუალურად სივრცის გაფართოებას, უკეთესია, თუ თავს ავარიდებთ მას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები