"არ უნდა დაზოგოთ თანხა დიდ ავეჯზე, კედლების, ჭერის და იატაკის მოპირკეთებაზე, აგრეთვე გათბობა-გაგრილების სისტემაზე" - ინტერიერის დიზაინერის საჭირო რჩევები

ინტერიერის, განსაკუთრებით სახლის დიზაინი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესს ასახავს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ცხოვრების სტილის ცვალებადობა ცხადად აისახება ინტერიერზეც, ამიტომ მიმდინარე მოვლენებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა არქიტექტორები და დიზაინერები. ჩვენ კვლავ დიდ დროს ვატარებთ სახლში, არაერთი ადამიანის სამუშაო პროცესმა შინ გადაინაცვლა, შესაბამისად, აუცილებელი გახდა იმ გარემოს შექმნა, რომელიც ეფექტურს და პროდუქტიულს გახდიდა სამუშაო პროცესს, მოხდა ინტერიერის მოდიფიკაცია, გამწვანებამ დეკორატიულის გარდა ფუნქციური დატვირთვაც შეიძინა, გაიზარდა მოთხოვნა ბუნებრივ მასალებზე. ამ და სხვა არაერთ აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ ახალგაზრდა არქიტექტორსა და დიზაინერს გვანცა ცქიფურიშვილს.


- არქიტექტურის ფაკულტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დავამთავრე, მახსოვს, პირველი დაკვეთა ბაკალავრიატის მესამე კურსზე ავიღე, შემდეგ მესამე-მეოთხე კურსზე გრაფიკული პროგრამებიც შევისწავლე და ნელ-ნელა რაღაცების კეთებას შევუდექი, ჯერ საკუთარი თავისთვის, ცოდნის გასაღრმავებლად, მოგვიანებით კი, მცირე დაკვეთების შესრულებაც დავიწყე. შემდეგ ინტერიერის დიზაინზეც გადავედი, კარგი გამოცდილება მივიღე კონკრეტულ სფეროში. მეგობართან ერთად რამდენიმე კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, საერთაშორისო სარბიელზეც გავედით.

- როგორი მოთხოვნაა დღეს ბაზარზე ინტერიერის დიზაინერების კუთხით?

- მოთხოვნა საკმაოდ დიდია, შესაბამისად, დიდია კონკურენციაც, გვყავს ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა არქიტექტორი და დიზაინერი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე ბაზარზე მუდმივად არის. ხალხმა უკვე იცის, თუ კარგი შედეგის მიღება სურს, დიზაინერს და არქიტექტორს უნდა მიმართოს. რჩევებსაც კითხულობენ, რადგან იციან, დიზაინერი მთლიანად, ერთ კონტექსტში გადაწყვეტს ყველაფერს, ყველა დეტალი უფრო გააზრებული და გათვლილი იქნება, ხოლო არსებული პრობლემები გადაჭრილი. დარწმუნებული ვარ, თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოთხოვნაც გაიზრდება და რაც მთავარია, ხარისხიც.


- ინტერიერის შექმნისას რა შემთხვევაში შეიძლება დაზოგოს თანხა მომხმარებელმა და რა შემთხვევაში ეკონომიის გაკეთება?
- არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაზოგოს თანხა დიდ ავეჯზე, კედლების, ჭერის და იატაკის მოპირკეთებაზე, აგრეთვე გათბობა-გაგრილების სისტემაზე, რადგან ყოველივე ამას გრძელვადიანი უტილიზაცია აქვს და ხუთ წელიწადში არ გამოცვლი, ამიტომ ცოტა მეტი ინვესტიცის ჩადებაა საჭირო, ხოლო რაც ცოტა მეორეხარისხოვანია, რადგან მალე შეიძლება მოგბეზრდეს და გამოცვალო, მსგავს დეტალებზე შეგიძლია დაზოგვა, მაგალითად, დეკორატიულ ელემენტებზე.



- ინტერიერში ფუნქციონალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ესთეტიკური?
- ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მკაცრი არჩევანის წინაშე დამაყენებთ, ფუნქციონალიზმს და ესთეტიკას შორის ალბათ უფრო პირველისკენ გადავიხრები. ინტერიერის და სერთოდ ყველაფრის ვიზუალური მხარეც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ფუნქციონალური გადამწყვეტია და არა მარტო საქართველოში, გლობალურადაც. დავუშვათ, გვაქვს პატარა ფართი, რომელიც გონივრულად უნდა ავითვისოთ, ბუნებრივია, ეს მომხმარებლის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებასაც გულისხმობს და ამ შემთხვევაში ესთეტიკურ მხარეზე ოდნავ მოგვიანებით ზრუნავ.

- როგორ შეიძლება პატარა ფართის ათვისება და ვიზუალურად გაზრდა?
- ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევები, ამიტომ საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია მსჯელობა. პირველ რიგში, მთელ დიზაინს ნათელ ფერებში ვწყვეტ, ნეიტრალურ ღია ტონალობებს ვარჩევ კედლებისთვისაც და იატაკისთვის, შემდგომ მაქსიმალურად ვიყენებ არსებულ ბუნებრივ განათებას და ვცდილობ, არაფრით დავფარო, ავეჯსაც ცოტა ღია ფერებში ვარჩევ არეკვლის ეფექტით, ხშირად ვიყენებ სარკეებს, რომელიც სინათლეს ირეკლავს და ბნელ ადგილებს ანათებს, ვთქვათ, დერეფანს და ა.შ. გარდა ამისა, ეფექტურად ვიყენებ ხელოვნურ განათებასაც.


- რომელ მასალებს და ფაქტურებს ანიჭებთ უპირატესობას?

- რა თქმა უნდა, ბუნებრივს, ეკოლოგიურად სუფთას და ვურჩევ მომხმარებელსაც, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც დიდ დროს ვატარებთ სახლში.

უზომოდ მიყვარს ბუნებრივი ხე, ცოცხალი მასალაა, სასიამოვნო ფერებით. ხე ათბობს ინტერიერს და მყუდრო გარემოს ქმნის. სულ მახსენდება დიდი არქიტექტორის ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრები ინტერიერში, რომლებიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან ძალიან სუფთა და თბილი ინტერიერები აქვს შექმნილი.



ვცდილობ, სადაც კი შეიძლება, ყველგან გამოვიყენო ხე, აგრეთვე ბუნებრივი ქვა და ტექსტილიც. ზოგადად, ხელოვნურ მასალებს უნდა ვერიდოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ადამიანი უშუალოდ ეხება. ინტერიერში ხშირად ვიყენებ ბეტონს, მისი გასუფთავება ადვილად შეიძლება და ყოველთვის განსაკუთრებული ხასიათი შეაქვს ინტერიერში. ზოგი ამბობს, რომ ბეტონი ძალიან ცივია, მაგრამ სხვა მასალებთან კომბინაციაში საერთოდ არ არის ცივი, არც ვიზუალურად და არც ფიზიკურად, თანაც საკმაოდ ტრენდულია. ძირითადად ზემოხსენებულ მასალებს ვანიჭებ უპრატესობას და თანამედროვე ინტერიერიც სწორედ ამ მასალებში ტრიალებს. როდესაც ეკოლოგიურად სუფთა მასალებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს საღებავები. მნიშვნელოვანია, რომ მათი შემადგენლობაც ბუნებრივი იყოს, განსაკუთრებით საბავშვო ოთახში, როგორც ავეჯზე, ასევე კედლებზე. ზოგადად, ეკოლოგიურად სუფთა მასალების უპირატესობა გრძელვადიან პერიოდში უფრო იგრძნობა, რდგან უშუალოდ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

- დღეს რა ფერებია აქტუალური?

- დღეს თამამი ეპოქაა და საქართველოშიც ცოტა უფრო მეტად შეგვიყვარდა ფერადოვნება, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. რაც შეეხება ტენდენციურ ფერებს, ჩემი აზრით - მარჯნისფერში გარდამავალი ატმისფერი და მწვანე - ვსაუბრობ აქცენტურ ფერებზე და არა წამყვანზე, აგრეთვე ამ ორი ფერის კომბინაცია, გარდა ამისა, მოდაში შემოდის ინდიგოს ლურჯი ფერი.



- რამდენად მივყვებით მსოფლიო ტენდენციებს?

- შეძლებისდაგვარად მივყვებით, დღეს უფრო გახსნილია ბაზარი, მარტივია მოგზაურობა, ინტერნეტსივრცეც გვეხმარება და ყველა სიახლე სწრაფად ვრცელდება.

- რა არის პრიორიტეტული ინტერიერის დაგეგმვისას?

- ყველაფრის განაწილება ფუნქციურად, ზონების გამოყოფა, ტიხრების გადანაწილება, რომ არსებული სივრცე მართებულად იყოს გამოყენებული, ასევე ადამიანის მოძრაობის დაგეგმვა, ბევრ რამეს ხომ ადამიანის ჩვევები განსაზღვრავს.

- პანდემიამ რა შეცვალა? რა ელემენტების შემოტანა გახდა საჭირო სახლის დიზაინში?

- ცხოვრების სტილის ცვალებადობა სახლის ინტერიერზეც აისახება. წარმოიდგინეთ, თუკი ერთ ოჯახში სამი ადამიანი მუშაობს და ყველას ინდივიდუალური სამუშაო სივრცე ესაჭიროება, აუცილებელი გახდა ამ სივრცის მოძიება. დამოუკიდებელი ოთახის არარსებობის შემთხვევაში რაღაც მცირე სივრცე მაინც უნდა გამოინახოს, ვთქვათ, სასადილო სივრცე შეიძლება გადაკეთდეს, შესაბამისად ძალიან აქტუალური გახდა მულტიფუნქციური სივრცეები და ავეჯი. მით უფრო იმის გამო, რომ ჩვენთან საკმაოდ პატარა ბინებია. უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა გამწვანებამ. ხალხი მიხვდა, რომ მას არა მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, რადგან მცენარე ცოცხალია და ჟანგბადსაც გამოყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში, სადაც ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს და ჟანგბადის ნაკლებობას განვიცდით, ამიტომ, სადაც კი შემიძლია, ყველგან ვურჩევ გამწვანებას.



- ექსტერიერზე რას იტყვით, ინტერიერთან მიმართებაში?

- არქიტექტურა, ანუ ექსტერიერი და ინტერიერი თანხვედრაში უნდა იყოს, ერთ ხასიათში უნდა იჯდეს, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები, როდესაც სრულიად განსხვავებულია და ესეც მისაღებია. ჩემი აზრით, როდესაც რაღაც სივრცეში შედიხარ, გარკვეული მოლოდინი უკვე გიჩნდება და სასურველია, თუკი ინტერიერი ამ მოლოდინს ემთხვევა.

- რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას და რომელზეა უფრო დიდი მოთხოვნა?

- ყველაზე მეტად სკანდინავიური სტილი მომწონს, შეიძლება ცოტა გადავიდა მოდიდან, მაგრამ ჩემთვის მაინც აქტუალურია. ინტერიერში ხის გამოყენება, სინათლის ათვისება, ნათელ ფერთა გამა, ბუნებრვი მასალები - ეს ყველაფერი უფრო ახლოსაა ჩემთან, ნაკლები დეკორითა და მეტად ფუნქციონალური. მოთხოვნა კი უფრო მინიმალიზმსა და ფუნქციონალიზმზეა, დღეს მოდურია ეგრეთ წოდებული ნეოკლასიცისტური მინიმალიზმი - მინიმალისტური ავეჯის და კლასიცისტური დეკორის ნაზავი, ან ზოგიერთ შემთხვევაში, მინიმალისტური დეკორითა და მდიდრული ელემენტებით.

- რა შეცდომებს უშვებს მომხმარებელი ყველაზე ხშირად და რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვინც ინტერიერზე დამოუკიდებლად მუშაობს?

- უპირველეს ყოვლისა გეგმარება არ გამოსდით, რადგან რაღაც სივრცეებს აკეთებენ გაუმართლებლად - პატარას ან დიდს, შემდეგ კი უჭირთ ამ სივრცის ათვისება. უფრო ხშირად არაპროპორციული გეგმარება აქვთ, განათებაც ხშირ შემთხვევაში არასწორია და მასალების შეხამებაც არ გამოსდით. ხშირად ამეტებენ მასალების რაოდენობას, ავეჯს, დეკორს და ა.შ.

რაც შეეხება რჩევას: უნდა შეძლონ არსებული მოცემულობის მაქსიმალურად გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, რამხელა ფართზეც უნდა იყოს საუბარი, მოცემულობის სწორად დანახვაა აუცილებელი, შემდეგ - შეფასება და საბოლოოდ გამოყენება. მნიშვნელოვანია უკვე არსებული მაგალითების და სხვა გამოცდილების გაცნობა და საკუთარ რეალობაზე მორგება. მაგალითად, მე რომ ვიყო არაპროფესიონალი, დავიწყებდი მაგალითების მოძიებას, ვნახავდი ფერთა შეხამების, გეგმარების მაგალითებს, ტენდენციებს გავეცნობოდი და მხოლოდ შემდგომ შევუდგებოდი საქმიანობას.

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები