"დიდი პასუხისმგებლობაა, შექმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანები თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობენ..." - ახალგაზრდა დიზაინერის საინტერესო პროექტები და რჩევები ჩვენს მკითხველს

ინტერიერის დიზაინერი მარიამ ქიტესაშვილი ორი წელია, აქტიურად მუშაობს ამ სფეროში. როგორც თავად ამბობს, სავსებით გაცნობიერებული აქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც დიზაინერს აკისრია, განსაკუთრებით, საცხოვრებელი გარემოს შექმნისას. თავის პროექტებსა და ხედვებზე თავად მარიამი გვესაუბრა და რამდენიმე რჩევა ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა.

- უმაღლესი განათლება სულ სხვა სფეროში მივიღე, ამ პროფესიის შესწავლა კი 2 წლის წინ დავიწყე. ინტერიერის გარდა, ასევე შევისაწვლე ტექნიკური ნახაზების აგება, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა. სწავლის დამთავრებისთანავე გავაგზავნე ჩემი პორტფოლიო დაახლოებით 20 კომპანიაში, საიდანაც 6 დაინტერესდა ჩემით. ყველა გასაუბრება წარმატებით გავიარე. ერთ-ერთმა კომპანიამ ყველაზე
მეტად მომხიბლა და დღეს მათი თანამშრომელი ვარ.


- რამდენად ადვილია შეგუება იმ პასუხისმგებლობასთან, რასაც სხვა ადამიანისთვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა ჰქვია, სადაც მან უნდა იცხოვროს და ბედნიერი წლები გაატაროს?
- ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, შემქნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანები თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობენ. ამიტომ ხდება დამკვეთთან დეტალური გასაუბრება. რა სურს, როგორი წარმოუდგენია მისი საცხოვრებელი გარემო. ვითვალისწინებ მის პროფესიას, ჰობის, სამომავლო გეგმებს და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ინტერიერზე მუშაობას.

- რა არის თქვენი სტილი, რით ხართ გამორჩეული სხვა დიზაინერებისგან და ინტერიერის რომელი სტილი გიყვართ უფრო?
- მიყვარს ახლის და ძველის შერწყმა. მაგალითად, თანამედროვე მინინალისტური სტილის ბინაში, შეიძლება დავდგა ვინტაჟური მაგიდა ან დეკორი. ეს ქმის “კონფლიქტს” და საინტერესო შეხამებას ვიღებთ. ასევე მიყვარს ქართული ელემენტების გამოყენება, მაგალითად, ხელით ნაქსოვი ფარდაგების. ერთი გამორჩეული სტილი არ მაქვს, უფრო თბილ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას და ცოცხალი ინტერიერი მიყვარს, რომელსაც ეტყობა, რომ “აქ ადამიანები ცხოვრობენ”.

- რამდენად რთულია დამკვეთებთან თანამშრომლობა?
- დამკვეთთან მუშაობა საინტერესო პროცესია. ჩემი აზრით, უნდა იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული მისი სურვილები, ამას უნდა დაემატოს დიზაინერული ხრიკები (ფართის მაქსიმალურად ათვისება, ფართის ვიზუალურად გაფართოება, განათების გონივრული განაწილება), ფერების პალიტრის შერჩევა, ფორმებით თამაში, ბალანსი, რიტმი და ა.შ. ეს უკვე დიზაინერის საქმეა.

- რამდენად ითვალისწინებთ მსოფლიოს ტენდენციებს - ფერების, სტილის, მასალების თვალსაზრისით? ქართულ რეალობაში რა არის ახლა უფრო აქტუალური, რომელ ფერებსა და სტილზეა უფრო მოთხოვნა?
- მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინება, რასაკვორველია, ხდება ჩვენს პორფესიაში. მაგრამ კონკრეტული პროექტის დიზაინი მაინც დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე. საქართველოში ახლა მოთხოვნადია მინიმალისტური და სკანდინავიური დიზაინი.

- თქვენი საცხოვრებელი სახლი თუ გაქვთ დაგეგმილი ისე, როგორც თავად გსურთ და რა სტილში გაქვთ გადაწყვეტილი?
- ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ ინტერიერის დიზაინერის ბინაში რაღაც განსაკუთრებული ხდება, ამ დროს ასე სულაც არ არის. მე მიყვარს დეტალებზე აქცენტის გაკეთება, ხშირად ვცვლი დეკორაციებს და ვაახლებ გარემოს სეზონურად. ასევე ყოველ პროექტზე მუშაობისას ვფიქრობ, აი, ეს რომ ჩემი სახლი იყოს როგორ გავაკეთებდი, და ეს უფრო მაახლოებს იმ ბინასთან, რომელზეც ვმუშაობ.

- როცა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დიზაინერი დაიქირავოს, თუმცა სურს ბინის განახლება, გადახალისება, რა რჩევებს მისცემდით? არის რამდენიმე ოპტიმალური ილეთი დიზაინში, რომელიც ყველას გამოადგება?
- დიახ, არის. სიმყუდროვის შექმნა შეიძლება რემონტის და ძვირად ღირებული მასალების გარეშე. თუნდაც ფარდების შეცვლა შემოიტანს სასიამოვნო სიახლეს ჩვენს ბინაში. ასევე ვურჩევ ყველას, მიაქციონ ყურადღება მასალებს (ხე, ქვა, მინა, ტექსტილი, გლუვი/პრიალა, ბეტონი, აგური). რაც მეტი მასალაა გამოყენებული, მით უფრო საინტერესოა გარემო. სიმწვანე ხომ ყველა ინერიერს უხდება? მცენარეები აცოცხლებს დიზაინს და ბინადრებსაც ულამაზებს ცხოვრებას. აუცილებლად შექმენით განათების რამდენიმე დონე, ტორშერი დივანთან, ბრა კედელზე, ლამფები კომოდზე, მაგიდაზე, ტუმბოზე. სახლში განათება უნდა იყოს თბილი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სიმყუდროვეს და განტვირთვის საშუალებას გვაძლევს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლო გეგმები ყველა დიზაინერს ერთი აქვს - ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება, ასევე ბევრი სწავლა და საინტერესო ადამიანების გაცნობა ამ სფეროში.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები