საძინებელი რომ უფრო ნათელი და ფართო გამოჩნდეს


იმისათვის, რომ ოთახი უფრო ფართო გამოჩნდეს, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ოპტიკური ხრიკია საჭირო. საძინებლის მოწყობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცის ორგანიზება და წესრიგის დაცვაა. ეს ხელს შეუწყობს სტრესის მოხსნას და განწყობის ამაღლებას.

ფერი

სწორად შერჩეული ფერი მარტივი გზაა პატარა ზომის საძინებლის გასადიდებლად. ეს ეხება არა მხოლოდ კედლების ფერს: არსებობს მრავალი სხვა ტექნიკა, რომელიც სივრცეს ბევრად ჰაეროვანს გახდის. დასაწყისისთვის, უნდა აირჩიოთ ღია ფერის კედლები. ღია ფერი კარგად ირეკლავს სინათლეს და აფართოებს სივრცეს, მუქი ფერი კი პირიქით, შთანთქავს მას და ოთახს კიდევ უფრო დახურულს
ხდის. გსურთ დაამატოთ სივრცეს სიმაღლე? შეღებეთ ჭერი უფრო მუქ ფერში.

სარკე


სარკის დამატება პატარა ოთახებში, რათა ის უფრო დიდი გამოჩნდეს, კარგად გამოცდილი ხრიკია. თუმცა, რაც შეეხება საძინებელს, სარკეების მორგება ამ სივრცეში შეიძლება გამოწვევა იყოს. სცადეთ გამოიყენოთ სარკისებური კარი. დაამონტაჟეთ დიდი სარკე სარკისებური კარის საპირისპიროდ - ეს დამატებით სიღრმეს შემატებს ოთახს. ძალიან ეფექტურია ასევე ოთახში დიდი ზომის, დასადგამი სარკის გამოყენება. განსაკუთრებით ფანჯარასთან.

ავეჯი

პატარა სივრცეს ყველაზე მეტად ბევრი ავეჯი აპატარავებს. მთავარი პრინციპი შეზღუდულ სივრცის მოსაწყობად გახლავთ მინიმალური ავეჯი, ამისთვის კი გირჩევთ საძინებლისთვის ისეთი საწოლი შეიძინოთ, რომელსაც ექნება სათავსო და ადგილის განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.

გამჭვირვალე საგნები


გამჭვირვალე საგნები სივრცეს ნამდვილად იმაზე დიდს აჩენს ვიდრე ის რეალურად არის. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ნივთების შეძენის დროს უპირატესობა გამჭვირვალე საგნებს მიანიჭეთ, მაგალითად, მინის მაგიდას, აკრილის ტუმბოს და ა.შ.

ნახატები


მოგეხსენებათ, ინდივიდუალურობის მისანიჭებლად საძინებელში ხშირად იყენებენ ხოლმე ფერწერულ ტილოებს, ნახატებს, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიმაღლეზე განათავსებთ მას. თამამი ტილოები შეგიძლიათ ცენტრისთვის გამოიყენოთ, რომელზეც ფოკუსირებული იქნება მთელი ყურადღება. ეს სივრცეს სიღრმეს მიანიჭებს. ტილო რაც შეიძლება დაბლა დაკიდეთ, რომ მის ზემოთ სივრცე იგრძნობოდეს. ასე ოთახი ბევრად დიდი გამოჩნდება.

წესრიგი

თუ გსურთ, ოთახი იყოს ეფექტური და მყუდრო პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დაემშვიდობოთ ყველანაირ ქაოსს. ეცადეთ საძინებელში ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ და მოიწესრიგოთ გარემო, რაც ასევე მოწესრიგებული ნერვული სისტემის საწინდარია.

განათება

ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განათება ნებისმიერ სივრცის მოწყობის დროს, ისევ განვმეორდებით და გაგახსენებთ, რომ ერთი ცენტრალური ჭაღი აღარ არის საკმარისი ეფექტური განათების სისტემის შესაქმნელად, დამატებითი წერტილები უნდა იყოს ნებისმიერ სივრცეში, რომელსაც საჭიროებს მიხედვით გამოიყენებთ.

ფარდები



საერთოდ, პატარა ოთახი, თუ ამის საშუალება არის, უმჯობესი საერთოდ ფარდის გარეშე დატოვოთ, მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება გირჩევთ უპირატესობა ნაზ, თხელ, გამჭვირვალე ქსოვილს მიანიჭოთ.

სიმარტივე

თუ თქვენი საძინებელი შეზღუდული სივრცის არის, უარი თქვით მასიურ ავეჯსა და სქელ ტექსტილზე, ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად თხელი და მსუბუქი გამოიყენოთ. ფერებიც თბილი და ნაზი შეარჩიეთ, კაშკაშა და მკვეთრ ფერთა გამების ადგილი შეზღუდული სივრცე ნამდვილად არ არის.

და ბოლოს, სკანდინავიური სტილი ინტერიერში და ასეთივე ავეჯი იძლევა საშუალებას ოთახი უფრო ფართო და დიდი გამოჩნდეს, გადაავლეთ თვალი ამ სტილს, გარწმუნებთ, არ ინანებთ, სკანდინავიური სტილის ავეჯი, ღია ფერის პლედები და დეკორატიული პოსტერი გულგრილს ვერავის დატოვებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები