ირინა დარჩიაშვილი, როგორც თვითონ ამბობს, "უდიპლომო დიზაინერია“, თუმცა "დიპლომიან დიზაინერებს“ არაფრით ჩამოუვარდება. ირინა მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ყვავილებისგან ქმნის კომპოზიციებს, აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს, სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერიერის მოხატვით დაინტერესდა და არაჩვეულებრივადაც გამოუვიდა, ამაში სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ, თქვენც დამეთანხებით.
- პროფესიით ისტორიკოს-პოლიტოლოგი გახლავართ, განათლება არც სამხატვრო და არც დიზაინთან დაკავშირებული არ მაქვს, მარგამ ეს საქმე არაჩვეულებრივად გამომდის და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ბავშვობიდან ხატავთ?
- უფრო ვქარგავდი, ვძერწავდი, სულ მიყვარდა საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთის გაკეთება, ამ გატაცებისთვის არასოდეს მიღალატია.
- რაღაც ჩემი ფართი მქონდა გასაკეთებელი. საკმაოდ ძვირი ჯდება, გააკეთო რაიმე განსხვავებული და ორიგინალური. ასევე პრობლემაა, მიაწოდო და გააგებინო სხვას, რაც გინდა. გადავწყვიტე, ჩემი ხელით გამეკეთებინა. ასე გადავედი ტორშერებიდან, საახალწლო სათამაშოებიდან და ა.შ., კედლებზე.
- რთულია ინტერიერის მოხატვა?
- კედლების მოხატვას საკმაო დრო სჭირდება. ისე გამიტაცებს ხოლმე ხატვა, გაჩერება ძალიან მიჭირს და ეს ფიზიკურად მღლის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მამშვიდებს. ხშირად უთქვამთ მეგობრებს, “რა ნერვები გაქვსო”. ნერვები უფრო უმოქმედობისას მეშლება. იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, როცა ადამიანი შენი შრომის შედეგს ხედავ, მოსწონთ გარშემო მყოფებს და გიქებენ ნახელავს.
- ყვავილებთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. ამ გატაცებაზეც მოგვიყევით.
- ყვავილები ძალიან მიყვარს. თვითონ გაზრდისა და მოვლის პროცესიც საოცრად მსიამოვნებს. ამაყი ვარ იმით, რომ ყვავილები და მცენარეები, რომლებსაც აქ ხედავთ, სულ პატარა ნერგებისგან გავზარდე. ეს დაფნა 10 წლისაა. 10 სმ იყო, როცა ვიყიდე, ახლა კი 5 მეტრია სიმაღლეში.
- ეზოც თქვენი დიზაინით გაქვთ გაკეთებული?
- დიახ, დიზაინი და შესრულება ჩემია.მინდოდა რაღაც მარტივი, მყუდრო და ორიგინალური შემექმნა. ვფიქრობ, გამომივიდა.
- როგორც ვიცი, ახლა სხვებსაც ეხმარებით დიზაინის კეთებაში...
- დიახ, ჯერ ახლობლები მთხოვდნენ რჩევებს, მერე - მათი ახლობლები… ასე გავხდი უდიპლომო დიზაინერი. აქ საქმე უფრო მარტივად არის იმ კუთხით, რომ მე ფიზიკურად მხოლოდ დეტალებზე ვმუშაობ და ასე ვთქვათ, საბოლოო შტრიხებზე და ძირითადად ვხელმძღვანელობ პროცესს. არ ვთვლი, რომ ადამიანმა უნდა დახარჯოს ძალიან ბევრი ფული იმისთვის, რომ კომფორტული და სასიამოვნო გარემო მოიწყოს. უბრალო ფიცარი შეიძლება აქციო დიზაინის მნიშვნელოვან დეტალად.
მერი ბლიაძე
კომენტარები