ახალგაზრდა ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის გემოვნებიანი თანამედროვე ბინა

ჟურნალისტი და მწერალი ნინო თარხნიშვილი 6 თვეა, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. მათი ძირითადი მიზანი იყო, ოცნების სახლი დაცულ კომპლექსში, ქალაქთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფილიყო. მრავალი წელი ე.წ. ხრუშჩოვკის ბინაში ცხოვრობდნენ და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ნინოს იმდენად უყვარდა იქაურობა, მეტისმეტად გაუჭირდა ახალ, ფართო და კომფორტულ ბინასთან შეგუება. ხშირად ამბობს, ვერ შევიყვარე ახალი სახლიო, და ძველი ენატრება... არადა, მის გარდა ყველას მოსწონს. ალბათ, ნინოც თანდათან შეეგუება თავის საოცნებო სახლს...

ნინოს ძველი ბინიდან ახალში გადაბარგების, ასევე მისი

გარემონტების, მოწყობა-გალამაზების პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. პრაქტიკულად, მათ თვალწინ გადაიქცა შიშველი კედლები ნათელ, თანამედროვე და კომფორტულ ბინად, რომლის რემონტისა და დიზაინის საკითხები ნინომ მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და დაგვეთანხმებით, ძალიან გემოვნებიანი და მყუდრო სივრცე შექმნა.

მოვუსმინოთ ნინოს და მასთან ერთად გავიაროთ გზა - ბინების შეცვლის, გადაბარგების, გარემონტებისა და ახალსახლობის.



- ჩემი აზრით, სახლი ცოცხალი არსებაა, თუმცა, ჯერჯერობით ეს სახლი ვერ გავაცოცხლე. ცოცხალი დავტოვე იქ, საიდანაც გადმოვედი, სადაც 12 წელი ვცხოვრობდით. იქაურობასთან მხოლოდ დადებითი ემოციები გვაკავშირებს. იქ დაიბადა ჩემი შვილი, მოდიოდნენ მეგობრები და ყველა აღიარებდა, ამ სახლში საოცრად დადებითი აურა ტრიალებსო. იქ თავს მყუდროდ და ბედნიერად ვგრძნობდი, თუმცა ძალიან პატარა იყო, სივრცე აღარ გვყოფნიდა. იმის საშუალებაც არ იყო, ის სახლიც გვქონოდა და ახალიც გვეყიდა. ამიტომ, იძულებული გავხდით, გაგვეყიდა და აქ გადმოვსულიყავით. იქ დაგვრჩა ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება, დადებითი ემოცია, კედელზე ჩემი შვილის პატარ-პატარა ნახატები. მოკლედ, იქ დარჩა ჩემი გულიც. მეექვსე თვეა, რაც აქ ვცხოვრობთ. ყოველ დილა-საღამოს მიწევს იმ სახლის გვერდით გავლა. ვცდილობ, აღარ გავიხედო იქით, რაღაცნაირად უნდა მოვშორდე მას, მაგრამ მაინც გამირბის თვალი. როდესაც ფანჯრიდან შუქს ვხედავ, მინდა შევიდე, ვნახო, როგორ მოაწყვეს. კარზე ყვავილები გვქონდა მიკრული, მაინტერესებს, ისევ ისეა თუ ჩამოხსნეს. ვერ ვბედავ, ავიდე და კარს მაინც შევხედო. ალბათ ეს ემოცია დიდხანს გამყვება. რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, გავმდიდრდები, ისევ ვიყიდი, დავიბრუნებ იმ სახლს და იქ გავატარებ სიბერეს-მეთქი (იღიმის). ხანდახან მგონია, ასე რომ ვლაპარაკობ, ამ ბინას სწყინს... გავა წლები, ამ სახლსაც დაუგროვდება დადებითი ემოციები, ტკბილი მოგონებები და შემდეგ ეს გახდება ჩემი ტკბილი სახლი.



- ვისთან ერთად ცხოვრობთ?
- ქმარ-შვილთან ერთად. მარიტა 12 წლისაა. მას ძველ სახლთან არანაირი მიჯაჭვულობა არ აქვს, რადიკალურად განსხვავდება ჩემგან. როცა ძველ სახლს ჩავუვლით ხოლმე, დამცინის, არ დაიწყო შენებურად სენტიმენტებიო. მიუხედავად იმისა, რომ იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, მსგავსი მომენტი არ ჰქონია და ეს ძალიან მომწონს, ძლიერი გოგოა, არ ახასიათებს სისუსტეები, ფობიები და ა.შ. ჩემი მეუღლე გიორგი ჭანიშვილი მუშაობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ამასთანავე არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპიკერი. ძალიან ბევრს მოგზაურობს და მე ამ ფაქტს დღესაც ვერ ვეგუები... ბავშვობიდან მეშინოდა სახლში მარტო დარჩენის და ეს მომენტი დისკომფორტს მიქმნის. ვფიქრობ, სადაც უნდა დავბადებულიყავით, დედამიწის რომელ ნაწილშიც, მაინც გადავეყრებოდით ერთმანეთს, იმდენად ერთნაირები ვართ.

- გადატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ რა გრძნობაა, როცა მეუღლესა და შვილთან ერთად ატარებთ საღამოს ახალ, ლამაზ სახლში?
- მე მიყვარს მშვიდ რუტინად ქცეული საღამო. როცა სიუჟეტი დამთავრებულია, მარიტა ინგლისურიდან გამოყვანილი და შერგულები ვართ სახლში, თან ჭანოს ველოდებით. დროდადრო ვურეკავთ და ვახსენებთ, რომ ველოდებით და ისიც უსასრულოდ გვპირდება, რომ 5 წუთში გამოვა. სახლი არის ის ადგილი, სადაც შედიხარ და უკან ისვრი ყველა პრობლემას, განვლილ დღეს. როცა ამ ბინას ვარემონტებდით, მაქსიმალურად ვეცადე, ისეთი გამოსულიყო, რომ მეგრძნო ის სიმშვიდე, კომფორტი, სიმყუდროვე, რომელსაც მთელი დღე ვეძებ ხან სამსახურში, ხან შეხვედრებზე, ხან სიუჟეტის წერისას. შემიძლია ვთქვა, რომ გამომივიდა. განსაკუთრებით მიყვარს დივანზე მოკალათება. საღამოს მოვალთ, ვივახშმებთ, თუ მოსაწესრიგებელია სახლი, მოვაწესრიგებ და შემდეგ აქ ვისვენებ. სწორედ ეს სივრცეა ის ადგილი, სადაც მთელი დღის დაძაბულობას, შრომას ვყრი და ვრჩები სახლთან ერთად.



- სახლი რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეთ?
- ამ უბანს მიჩვეული ვარ (ნინო ჯიქიაზე ცხოვრობს - ავტ.). გარდა ამისა, აქ ძალიან ბევრი სიმწვანეა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხეებს. ზოგს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ბეტონის გარემოცვაში ცხოვრება. მე კი სიმწვანეს, ბუნებას ვარ მიჩვეული. ამიტომ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ის, რომ აქ ბევრი ხეა. ეს ტერიტორია ისეა განაშენიანებული, რომ შედიხარ, თავს თითქოს ქალაქიდან შორს გრძნობ, არადა, ქალაქში ხარ. აქ არ მოჭრილა არც ერთი ხე. თუ კი სჭირდებოდათ ადგილის გათავისუფლება, ხეებს კი არ ჭრიდნენ, სხვა ადგილას რგავდნენ. მე ვარ მომსწრე, შემდეგ როგორ უვლიან ამ გადარგულ ხეებს. ყოველ დილა-საღამოს რწყავენ. წარმოიდგინეთ, არც ერთი გადარგული ხე არ გამხმარა. ეს ხეები ისეთი დიდია, ისეთი ხასხასა, დახატულს ჰგავს. თუმცა, ჯერჯერობით მე ვცხოვრობ სახლში, სადაც მთვარეზე მყოფ ცოცხალ ორგანიზმებს უფრო მივაწვდენ ხმას და გავესაუბრები, ვიდრე მეზობლებს. მთვარეზე შუქი ანთია, მეზობლებთან - ჯერ არა.

- მშენებლობა-რემონტის პროცესი როგორ მიმდინარეობდა?
- ჩავიბარეთ სრული თეთრი კარკასი, შემდეგ ჩვენი დიზაინით გადატიხრეს ფართი. ოჯახის წევრები შევთანხმდით, რომ უნდა გვქონოდა ორი საძინებელი და ერთი დიდი სივრცე. თავიდანვე ჩამოვყალიბდით, რომ არ გვქონდა დრო, ხელოსნებისთვის გვედევნა, ამიტომ ვიფიქრეთ, სჯობდა გადაგვეხადა ცოტა მეტი, დაგვექირავებინა სარემონტო კომპანია და ყველა პასუხისმგებლობა, რაც რემონტს ეხება, საკუთარ თავზე აეღოთ. ერთადერთი, რაშიც ვმონაწილეობდი, იყო ვიზუალური მასალის - შპალერის, საღებავების, იატაკის, სანათების შერჩევა. დავდეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ სარემონტო კომპანიასთან და სახლი 38 დღეში გარემონტებული ჩაგვაბარეს. გააკეთეს ზუსტად ის, რაც მინდოდა. რაც შეეხება დიზაინს, ფერებს, ავეჯის განლაგებას, ყველაფერი საკუთარ თავზე ვიტვირთე, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დიზაინერის მომსახურება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ძალიან ბევრი ფოტო ვნახე ინტერნეტში, სპეციალური აპლიკაციები მქონდა ჩამოტვირთული ტელეფონში, ვნახულობდი, ფერები როგორ შემეხამებინა. დაახლოებით კი ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ ამის დახმარებით კარგად ავეწყვე. ვეცადე, ჩვენი საძინებელი სადა გამოსულიყო - კედლები რძისფრად შევღებე, ერთი კედელი კი - მდოგვისფრად. საძინებელს ახლავს საგარდერობო სივრცე, სადაც ჩვენი უამრავი ნივთი ინახება. მარიტამ თავისი ოთახისთვის ყველაფერი საკუთარი გემოვნებით და სურვილით შეარჩია.



სამი კედელი თეთრ ფერში გადაწყვიტა, ხოლო ერთი კედელი ჟოლოსფერია. ამ ფერს პოზიტიური განწყობა შემოაქვს ოთახში. აქვეა ძველი ბინიდან წამოღებული პუფები. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, მისაღები ოთახის სივრცე ყოფილიყო დიდი, სადაც ჩვენი სტუმრები ერთმანეთს არ შეაწუხებდნენ, გამიშვი-გამატარეს ძახილით. ამ მიზანს შესრულებულად მივიჩნევ. როცა უკვე მზას ხედავ, ფიქრობ, ჯობდა ეს სხვანაირად გამეკეთებინა... თუმცა ის მომენტი არ მქონია, რომ რაღაცაზე გული დამწყვეტოდა.

- რა დეტალს შეცვლიდით თქვენს ინტერიერში?
- სამზარეულო ძალიან ღია ფერის გამოვიდა, შეიძლებოდა, ცოტა მუქი გამეკეთებინა, უფრო მყუდრო რომ ყოფილიყო, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. რაც მთავარია, ვეცადე, სადა ყოფილიყო, ვინაიდან ერთი სივრცეა და ძალიან არ ამოვარდნილიყო კონტექსტიდან. სახლი ერთფეროვანია, ამიტომ მინდოდა, ერთი შტრიხი გამომეკვეთა. შევარჩიე წითელი სკამები და დივანი. მეგობრები იცინოდნენ, წითელი პომადასავით გადაუსვი სახლს ეს ფერიო. ორიგინალური სურათებით, აქსესუარებით და მცენარეებით აქაურობას განსაკუთრებული ელფერი შევძინე. რა ავეჯსაც ხედავთ, საძინებლის გარდა, ჩემი დიზაინითაა დამზადებული. ორი ხელოსანი მუშაობდა, ერთი ე.წ. ემდეეფზე, ხეზე. წიგნის კარადა მინდოდა ყოფილიყო ბევრი, კუბებიანი თაროებით, ამ თაროებზე ვინახავ ლამაზ სუვენირებს, წიგნებს.

ხის ხელოსანი ძალიან უცნაურად ვიპოვეთ: აბაზანა არის ხის ფაქტურის, არ უხდებოდა ყველანაირი პირსაბანი. მოვიარეთ მთელი ქალაქის მაღაზიები, მაგრამ ხის ფაქტურით ვერსად მივაგენით. მითხრეს, რომ სპეციალურად დამუშავებული ხე უძლებს ნესტს და მირჩიეს, დამემზადებინა. ქავთარაძეზე ბევრი ხის საამქროა. ერთ საამქროში რომ შევედით, ხის ბურბუშელებში ამოგანგლული ძალიან საყვარელი ბაბუ შემოგვეგება და ვუთხარი, ხის პირსაბანის დამზადება მინდა-მეთქი. ზუსტად ათ დღეში გაგვიკეთა ძალიან მაგარი სადგარი. საშხაპე მოდური მინით გამოვყავით. ალბათ მთელ ქალაქში ვერ მოძებნით ისეთ აბაზანას, როგორიც მე მაქვს (იღიმის). დანარჩენი ავეჯიც - კამოდი, კარადა, სკამები, ზუსტად ისეთი გაგვიკეთეს, როგორიც ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ ვუხატავდი თაბახის ფურცელზე კალმით და არა 3D ფორმატზე.



ერთ-ერთი სირთულე, რასაც რემონტის დროს გადავაწყდით, იყო სანათების შერჩევა. მისაღებ ოთახში დიდი სივრცეა, გვჭირდებოდა ოთხი ტიპის სანათი, რომელიც თან მოუხდებოდა ოთახს, თან გაანათებდა. ძალიან დიდი ხანი დავდიოდით და ეს სანათები შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულებია, ძალიან უხდება ერთმანეთს, ღამე კარგ განათებას ქმნიან. ყველა წერტილს ინდივიდუალური ჩასართავი აქვს. სახლში განსაკუთრებით მომწონს აგურის კედელი. ჩვეულებრივი წითელი აგური შუაზე დაჭრეს და კედელი ამოაშენეს. თავდაპირველად ვიფიქრე, წითელი ფერი დამეტოვებინა, მაგრამ მთელ სივრცეს ჭამდა, ამიტომ რძისფრად შევღებეთ. ჭერიდან წამოსული განათება ამ კედელს საინტერესო ელფერს სძენს.

- თქვენი და თქვენი მეუღლის გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
- დიდხანს ვბჭობდით იატაკის ფერზე. მინდოდა, იატაკიც ნათელი ყოფილიყო. ჩემს მეუღლეს შედარებით მუქი მოსწონდა. როცა ვუყურებ სხვის სახლებს, მომწონს მუქი ტონი, თუმცა, ჩემი განსხვავებულია, ყველა არ აკეთებს ღია ფერს. მუქ ფერთან შედარებით ეს უფრო ადვილი მოსავლელია, არ ეტყობა მტვერი და ნაფეხურები, არ მთხოვს, მთელი დღე იატაკის ჯოხით და ტილოთი ვიარო. ერთი სიტყვით, მხოლოდ ამ საკითხზე ვიდავეთ. საბოლოო ჯამში ღია ფერზე შევჯერდით. ბოლო შტრიხები - შეღებვა, ვიზუალური მხარე - მარტოს მომიწია, რადგან ჩემი მეუღლე კორეაში იყო მივლინებით. საბოლოო გადაწყვეტილება მე მივიღე და გიორგი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

მახარებს ის ფაქტი, რომ ორი აივანი გვაქვს. ჯერ ზაფხული არ გაგვიტარებია ამ სახლში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს ულამაზეს აივანზე, ხეების და სიმწვანის ფონზე დიდი სიამოვნება იქნება ფინჯანი ყავის დალევა და დასვენება.



- როგორ მოვიდა ახალ სახლთან ერთად ახალი გატაცება? ყვავილებს ვგულისხმობ...
- მე ავაშენე ერთფეროვანი სახლი, უფერული კედლებით, რომელსაც ძალიან უხდება ფერები. ამ სახლის საიდუმლოც ესაა, ყოველი ახალი ფერადი ნივთი ახალ სახეს სძენს. თითქოს ახალ სახლში შედიხარ. გადავწყვიტე, აქცენტი ფოტოებზე გაგვეკეთებინა, ხოლო სიმწვანე თვითონ მოითხოვა ბინამ. ერთი ქოთნის ყვავილი მაქვს, წლებია. არც სახელი ვიცი, არც - გვარი. თითქმის მთელი წელი პატარა ვარდის ფორმის ყვავილებს ისხამს. დედაჩემის გადმორგულია. აქ რომ გადმოვედით, ძველი სახლის რაფაზე დამრჩა. ორი დღის შემდეგ, წამოსაყვანად რომ მივაკითხეთ, ფოთლებდახრილი, “ბეჭებში მოკუნტული” დაგვხვდა. უბედურ, მიტოვებულ ადამიანს ჰგავდა. გულდათუთქულმა მოვიყვანე სახლში, წყალი ვასხი, ვეფერე. მეორე დილით, წელში გამართული და ფოთლებანთებული დამხვდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალ ბინაში გადმოვედით, აღარ უყვავილია. ერთი კოკორიც კი აღარ გამოუღია. გუშინ დილით, რაფაზე გავდგი, იქნებ მზის გული ენატრება-მეთქი. საღამოთი სახლში დაბრუნებულს კი მომაკვდავი დამხვდა, ფოთლებდაშვებული. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასე თუ ვიდარდებდი ყვავილის სიკვდილს... მაგრამ მე ის ისევ გავაცოცხლე. იქნებ ახლა მაინც გამოისხას ყვავილები, საიქიოდან მობრუნებულმა.

რაც აქ გადმოვედი, შევიძინე დრაცენა, ბალზამინი, სანსივიერა, ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი, მონსტერა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მცენარეების ნიადაგზე რაიმე ,,ჩაციკვლა“ დამემართებოდა. საერთოდ, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდება, ვერიდები (შვილის გარდა). მონსტერა წინასაახალწლოდ ვიყიდეთ. ჰოდა, ახლა ორი ასეთი ხასხასა ფოთოლი გამოშალა. ე.ი. მოეწონა ჩვენთან, თან როგორი გულის ფორმის ფოთლები აქვს, რაღაცნაირად ოჯახის ერთგული წევრივით დგას.

მერი ბლიაძე

კომენტარები

tttt 2016-08-23 14:24
kargia, magram Cven ra davasavet, mteli cxovreba, musaob drerameshi xshirad 15- 17 saati da ra sawmlis fuls zlivs shoulob. es aris demokratia?? es qaosia, es saxelmwifo ar aris....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები