ძვირფასი, ექსკლუზიური და მოდური ავეჯი ნებისმიერ სახლს თუ აგარაკს მყუდრო და დახვეწილ საცხოვრებლად აქცევს. ასეთი ავეჯი ერთგვარი ფუფუნებაა და ყოველ ნაბიჯზე ნამდვილად ვერ შეხვდებით. თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოშიც შესაძლებელია იშვიათი და უნიკალური მასალით დამზადებული ექსკლუზიური ავეჯის პოვნა. კომპანია ”Taburet”-ი სწორედ ასეთი ნივთების შექმნითაა დაკავებული. მათი სკამი, მაგიდა, საკიდი, სანათი თუ ნებისმიერი დეკორატიული ნივთი მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს, დამზადებულია იშვიათი მასალით და მათი შემქნელების თქმით, საუკუნეს გაუძლებს. როგორ მზადდება ეს ნივთები, ვინ მოიხმარს მათ და რაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა? გვესაუბრება ფირმის
- ვისთვის არის ეს ავეჯი შექმნილი, ვინ გესახებათ მის პოტენციურ მომხმარებლად?
- ეს ავეჯი განსაკუთრებული გემოვნების მქონე მომხმარებლისთვისაა. ჩვენი პროდუქცია მოეწონება ადამიანს, ვისაც ვინტაჟური სტილი, ძველებური ავეჯი და მყუდრო გარემოს მოწყობა იზიდავს. ჩვენი ავეჯი ხელსაყრელია აგარაკებისა და ქალაქგარეთ ცხოვრების მოყვარულთათვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაწარმი მხოლოდ სააგარაკოა. ეს გახლავთ ლოფტის სტილში დამზადებული უნიკალური ხელნაკეთი ნივთები. ლოფტი კი დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა ინტერიერის დიზაინში. იდეალურ შემთხვევაში, ამ სტილის ავეჯი არა ხელოვნურად დაძველებული, არამედ ბუნებრივად ძველი ხისგან უნდა იყოს დამზადებული და ასევე ძველი მეტალით გაწყობილი. დღეს ასეთი მასალით დამზადებულ პროდუქციას ჩვენს ბაზარზე თითქმის ვერ ნახავთ. იყიდება მხოლოდ ხელოვნურად დაძველებული ახალი ხის ნაწარმი. ჩვენი კომპანია კი ამ მეთოდზე უარს ამბობს. ვიყენებთ არა ხელოვნურად დაძველებულ, არამედ ბუნებრივად ძველ ხის მორებს. სწორედ მათი დამუშავების შედეგად მზადდება ეს ავეჯი. ჩვენი მოდელები ექსკლუზიურია. დიზაინერი ინდივიდუალურად მუშაობს ყველა დეტალზე, ამიტომაც თითოეული ნივთი უნიკალურია. სკამი, მაგიდა, სარკე თუ საკიდი - ყველა მათგანი იქმნება მხოლოდ ერთი.
ბაღის სკამი, დამზადებულია სახურავის სტრაფილებისგან. შენარჩუნებული აქვს ხელნაკეთი ბოლოები. მასალა დაახლოებით 120-150 წლისაა
- სად მოიპოვებთ ასეთ იშვიათ მასალას, ძალიან საინტერესოა მისი დამუშავების ტექნოლოგიური პროცესიც.
- ერთ კონკრეტულ ადგილას ნამდვილად არ მოიპოვება. გაფანტულია და ძებნა სჭირდება. მთელ საქართველოში დავდივართ, ძველ სახლებს ვპოულობთ და იქვე ვეძებთ ძველ ავეჯს ან ხის მასალას. მათი გადამუშავებით და თანამედროვე სტილზე მორგებით კი ახალ პროდუქციას ვიღებთ.]
კაკლის ხის მაგიდა
- დამზადების პროცესი ხანგრძლივია? დაახლოებით რა დრო სჭირდება ერთი ნივთის დამზადებას?
- გააჩნია ნივთს. შეიძლება ერთ დღეშიც დასრულდეს ან 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. აქ, ძირითადად, ყველაფერი ხელით მუშავდება და არცთუ მცირე დროს მოითხოვს. პროცესის ხანგრძლივობა გამოყენებულ მასალაზეც არის დამოკიდებული. ხშირად დიზაინერი მოდელს ქმნის იმის მიხედვით, თუ რა მოუხდება ამა თუ იმ მასალას, რომელიც თავისთავად უნიკალურია და ზოგჯერ 100 ან 150 წლისაა.
სარკე წაბლის ჩარჩოთი, შეკრულია რკინის დეტალებით
- ხის ჯიშებსაც აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა. უპირატესობას მუხას და წაბლს ვანიჭებთ, გვაქვს კაკლის, იფნის და ცაცხვის ნიმუშებიც, თუმცა უმრავლესობა მუხა და წაბლია. ეს ხის ძვირფასი და იშვიათი ჯიშებია. ამიტომაც არის შეუძლებელი ჩვენი ავეჯის დიდი რაოდენობით დამზადება, ამდენი მასალა ფიზიკურად არ მოიპოვება. ჩვენც ძალიან ვუფრთხილდებით, ველოლიავებით თითოეულ ნივთს, რომ ეს ძვირფასი მასალა მაქსიმალურად დავხვეწოთ და ისე წარვუდგინოთ მომავალ მფლობელს.
კაკლისა იფნის ლანგრები
- კერძო პირებს შეუძლიათ მოიტანონ ძველი ავეჯი და ისე დაამუშაოთ ის, რომ ლოფტის სტილის ნივთები მიიღონ?
- ნივთების ასეთი სახით რესტავრაციაზე დაკვეთა ჯერ არ მიგვიღია. რესტავრირება შედარებით ნაკლებ შრომასა და დანახარჯს მოითხოვს. ასეთი შეკვეთის შესრულებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე ორიენტირებულნი ნამდვილად არ ვართ.
წაბლის ხის სანათი
- ავეჯის დიზაინში ქსოვილსაც იყენებთ?
- მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ძველებური ხე თავისთავად იმდენად კეთილშობილი მასალაა, ისე ღირსეულად წარმოაჩენს ნივთს, რომ გვინდა, ვიზუალური აქცენტი ძირითადად მასზე კეთდებოდეს, ამიტომ ხის გადატვირთვა და "გადაპრანჭვა" ზედმეტად მიმაჩნია.
სკამი დამზადებულია წიწვოვანი ხის საყრდენი ბოძებისგან
გარდა ამისა, ვცდილობთ, პროდუქცია იყოს ადვილად მოსახმარი და მოსავლელი, ძალიან მყარი და გაუძლოს საუკუნეებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ვერიდებით ტექსტილს, თუმცა მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებთ კიდეც.
ხის დეკორატიული სახლები
- ასეთი დიზაინის ავეჯი საქართველოსთვის უცხოა და ალბათ, ყველასთვის ხელმისაწვდომიც ვერ იქნება. რამ გიბიძგათ ამ სტილისკენ, რატომ აირჩიეთ ასეთი რთული და შრომატევადი წარმოება?
- გარდა იმისა, რომ ლოფტი და ვინტაჟი მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი სტილია, ყოველთვის მინდოდა, ძველებური სტილის მასიური და იშვიათი ავეჯი შემექმნა. ასეთი რამ ჯერ მართლაც არ არის ქართულ ბაზარზე. ვფიქრობ, სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მივიღეთ და კომერციულადაც მომგებიანი იქნება. მომხმარებელს ვაწვდით პროდუქტს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არის, ამავე დროს ხარისხიანი, ექსკლუზიური და ძალიან ლამაზია, რაც მთავარია, არის "ჰენდმეიდი". მართალია, იაფი პროდუქცია არ გახლავთ და მასობრივ მომხმარებელზეც არ არის გათვლილი, სამაგიეროდ ერთი ასეთი ნივთის სახლში შეტანა სრულებით ცვლის ინტერიერს, თბილ გარემოს ქმნის, განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს სახლს, რასაც სტუმარიც იგრძნობს და მასპინძელიც.
სკამი "კუნძი" საყრდენი ბოძისგან
- რამდენი ადამიანია ერთი ნივთის შექმნაში ჩართული?
- ყველა ნივთი გონებაში, იდეიდან იწყება. შემდეგ ამ ჩანაფიქრზე დიზაინერები მუშაობენ, რომლებიც იდეას საბოლოოდ ხორცს ასხამენ, მერე საქმეში ხელოსნები და ინჟინრები ერთვებიან, რომლებიც ნივთის მყარ კონსტრუქციასა და საბოლოო სახეზე ზრუნავენ.
ჟურნალების მაგიდა წიწვოვანი ხის მორებისგან
- თქვენი ოჯახი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ ავეჯს მოიხმარს. როგორ მოგწონთ?
- ძალიან გემრიელი და კარგი მოსახმარია. არ ვუფრთხით, რომ შემთხვევით რაიმე მოხვდება და დაზიანდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძვირად ღირებულ ავეჯზე თუნდაც ბავშვს მოუხვდეს რაიმე, ან შემთხვევით გადაგიბრუნდეთ. ეს ავეჯი მსგავსი ზემოქმედებისას არ ზიანდება, კვალს იოლად ვერაფერი დაატყობს. წლების განმავლობაში ინარჩუნებს იერსახეს და დამღლელი მოვლა-გაფრთხილებაც არ სჭირდება. ეს ჩვენი პროდუქციის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ბევრი ძვირად ღირებული ავეჯია, რომელიც უცებ იკაწრება. გადაიხდი 10 000 დოლარს და შეიძლება უბრალო მტვერსასრუტის წაკვრით ლაქი აძვრეს. უნდა ინერვიულოს მთელმა ოჯახმა, თუ ბავშვია `დამნაშავე~, უნდა დასაჯონ და მთელი დრამა გათამაშდეს. ჩვენი ავეჯის მფლობელი კი ასეთი სტრესისგან ნამდვილად თავისუფალი იქნება.
წაბლის ხის სარკე უძველესი რკინის დეტალებით
გარდა მდგრადობისა, დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ ჩვენი ავეჯი ფიზიკურადაც კომფორტული იყოს. სკამი, ტახტი, მაგიდა თუ სარკე, პირველ რიგში, პრაქტიკულად უნდა მოიხმაროს ადამიანმა, მოხერხებულად მოეწყოს. დამზადების პროცესში ეს მომენტი ყოველთვის გათვალისწინებულია.
ხის სკივრი ბაღის დეკორაციისთვის
- როგორც აღნიშნეთ, ავეჯი მასობრივ მომხმარებელზე არ არის გათვლილი. როგორ მოდიან თქვენამდე ის მყიდველები, ვინც თქვენი პოტენციური კლიენტია?
- ჩვენი წარმოება მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს. ავეჯის სრული კატალოგი განთავსებულია საიტზე ტაბურეტ.გე. კლიენტებთან, ძირითადად, საიტის საშუალებით ვკონტაქტობთ. გვირეკავენ მითითებულ ნომერზე და გვიკვეთენ სასურველ ნივთს. ცოტა ხნის წინ კი ჩვენი პროდუქცია `ბიბლუსი გალერეაშიც~ (ჭავჭავაძის 7) განვათავსეთ. მომხმარებელს ახლა საშუალება აქვს, პირადად კარგად დაათვალიეროს და `მოსინჯოს~ სასურველი ნივთი. შეძენასაც იქვე შეძლებს.
- ვინ არიან თქვენი ძირითადი კლიენტები, ვინ იჩენს ამ ეტაპზე ყველაზე დიდ ინტერესს?
- დიდი დაინტერესება გამოთქვეს მინისასტუმროებმა, რომელთა ინტერიერიც ლოფტის სტილშია გადაწყვეტილი. საკმაოდ დიდი შეკვეთა მივიღეთ და იმედი გვაქვს, ავუვალთ მსურველებს. ასევე დაინტერესდა რამდენიმე კაფე - სანათები, სარკეები და სკამები მოსწონთ. რა თქმა უნდა, ყოველი ნივთი ექსკლუზიურია და არც ერთი არ გამეორდება. შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ დეტალები აუცილებლად განსხვავებული ექნება. ერთნაირი პროდუქცია არ იარსებებს, ეს არის ჩვენი პროდუქტის უნიკალურობა.