კახეთში, მდინარე კისისხევის მხარეს, შემაღლებულ ადგილზე რომანტიზმის ფუძემდებელმა, სახელოვანმა ქართველმა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში, მამაპაპისეულ მიწაზე ააგო სასახლე და კარის ეკლესია. წინანდლის მამულში მან ულამაზესი ბაღის გაშენებაც გადაწყვიტა.
ეს მამული ალექსანდრე ჭავჭავაძემ, როგორც ერთადერთმა ვაჟმა, მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. 1835 წელს სახაზინო ბანკიდან სესხად აიღო 800 მანეთი, ამ ფულის ნაწილი მამულის გაუმჯობესებას მოახმარა, ნაწილით კი სასახლის მშენებლობა დაიწყო.
ალექსანდრე პეტერბურგში დაბადებულ-გაზრდილი და დედოფალ ეკატერინე მეორის ნათლული გახლდათ. პეტერბურგში ცხოვრებამ მის გემოვნებასა და ცხოვრების წესზე თავისებური კვალი დატოვა. წინანდლის სასახლეც
ბაღში დაცულია დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის მცენარეთა მრავალფეროვანი ჯიშები. აქ ვხვდებით ველური ბუნებისა და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების საოცარ სინთეზს. ბაღმა წლების განმავლობაში იერსახე იცვალა, ძველებური ელფერი დაკარგა. ამჟამად მუზეუმი, ბაღი და ძველი ღვინის მარანი იჯარითაა გაცემული.
ჭავჭავაძეების ოჯახის დიდებულ ცხოვრებაზე, მათ ბედნიერებასა და მწუხარებაზე, სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე კურატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელენა ბატიაშვილი გვესაუბრა.
ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე დაიბადა პეტერბურგში, 1786 წელს. ალექსანდრე იმპერატორის კარზე იზრდებოდა, ამ ფაქტმა მის აღზრდაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. მან ბავშვობიდან შეისწავლა ფრანგული, რუსული, გერმანული, თურქული, სპარსული ენები. საქართველოში დაბრუნებულმა ალექსანდრემ ქართული კულტურის განვითარებას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. წინანდალში ჭავჭავაძეების სასახლეში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. სასახლე სხვადასხვა დროს მასპინძლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, გრიგოლ ორბელიანს, ვახტანგ ორბელიანს, გიორგი ერისთავს, ალექსანდრე პუშკინს, ალექსანდრე გრიბოედოვს, მიხეილ ლერმონტოვს, ალექსანდრე დიუმას და სხვა ბუმბერაზ პიროვნებებს. ეს არ იყო მხოლოდ საზაფხულო რეზიდენცია, ეს გახლდათ კულტურის დიდი კერა. აქ ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, გრიბოედოვმა პირველად აქ წაიკითხა თავისი "ვაი ჭკუისაგან".
წინანდალში, ჭავჭავაძეების სასახლეში მშვიდად მიედინებოდა ნინოს, ეკატერინეს, დავითისა და სოფიოს ბავშვობის ნათელი წლები. ვინ იფიქრებდა, რომ მათ ასეთი ბობოქარი და რთული ცხოვრების გზა ელოდათ წინ. ალექსანდრემ შვილების აღზრდა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსულ პრასკოვია არსენიევას - გენერალ ახვერდოვის მეუღლეს მიანდო. პრასკოვია უაღრესად განათლებული, მხატვრობისა და მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული, მწერლობისა და ხელოვნების მცოდნე ქალბატონი გახლდათ. სწორედ პრასკოვიას ოჯახში გაიცნო ნინო ჭავჭავაძემ გრიბოედოვი და მშობლების თანხმობით 1828 წელს იქორწინეს. შემდეგ აქვე განვითარდა მათი ცნობილი და ტრაგიკული სასიყვარულო ამბავი.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება: თავიდან სასახლეში 28 საძინებელი და რამდენიმე სალონი იყო. სასახლე ფართო აივნებით გახლდათ გარშემორტყმული. მისი შიდა ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისათვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა. ინტერიერი გაფორმებული გახლდათ XVIII-XIX სს-ის ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯით, სარკეებით, ფოტოებით, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშებით, დღემდე შემორჩენილია ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული თუ რუსული ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტები: ორი პიანინო და ერთი როიალი. დამთვალიერებელს დღესაც შეუძლია ნახოს ძველებური მემორიალური შანდლები, გაზის ლამპები, ჭავჭავაძეების საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. უცვლელი სახითაა შემორჩენილი ალექსანდრეს კაბინეტი.
1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია, სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ალექსანდრეს ვაჟმა, დავითმა, შეძლებისდაგვარად მოახერხა სასახლის აღდგენა, მაგრამ ის მასშტაბები ვეღარ დაიბრუნა. მოგვიანებით ვალის გადაუხდელობა გახდა ჭავჭავაძეების გაკოტრების მიზეზი და აღებული ვალის სანაცვლოდ ადგილ-მამულები საუფლისწულო დეპარტამენტმა შეიძინა, რის შემდეგაც მოწვეული სპეციალისტების თაოსნობით გაჩაღდა ზოგიერთი შენობა-ნაგებობის გადაკეთება და ახლის მშენებლობა.
ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განიცადა ჭავჭავაძისეულმა სასახლემაც, რომელსაც სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან განუახლდა ფასადები. საუფლისწულო მამულის უწყების ხელმძღვანელები ჭავჭავაძისეულ ნივთებს ხელაღებით ყიდდნენ, ჩუქნიდნენ, საქართველოდან გაჰქონდათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი სასახლეს სასტუმროს ფუნქცია დაეკისრა.
წინანდლის ბაღი
წინანდლის სასახლის მთავარი ღირსება 12 ჰექტარზე გადაჭიმული წინანდლის ბაღია. ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემის თანახმად, ალექსანდრემ ბაღის გასაშენებლად ევროპელი დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის გასამშვენიერებლად.
ბაღი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური მცენარეების სიმრავლის გამო, არამედ დაგეგმარების თვალსაზრისითაც. თვალში გხვდებათ ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებსაც ადარებს.
არაერთ სპეციალისტს აღუნიშნავს, რომ წინანდლის ბაღში მცენარეულობა შეხამებულია ფერით, სიმაღლით, ვარჯების განვითარებით, ფოთლოვანი თუ წიწვოვანი ჯიშების, მარადმწვანე და ფოთოლმცვივი სახეობების მიხედვით. ბაღში მერქნიანი მცენარეების 400-მდე სახეობაა, თუმცა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ბაღი ძირითადად მოუვლელი იყო. ზოგიერთი მცენარე ზომაზე მეტად გაიზარდა, ზოგიერთი კი საერთოდ გახმა და გადაშენდა.
ღვინის საცავი
ალექსანდრე ჭავჭავაძემ მამისეულ კარ-მიდამოზე უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა.
დღეს საცავში 16 500 ბოთლი ინახება. 1838 წლის მოსავალი მან პირველად 1841 წელს ჩამოასხა ბოთლში და ამით დასაბამი დაუდო ტრადიციული ქვევრის ღვინის ევროპულ ყაიდაზე დამზადებას. ეს ბოთლი დღესაც ინახება მარანში. როდესაც ნინო ჭავჭავაძე დაიბადა, ალექსანდრემ ერთ-ერთ დიდ ქვევრში ჩაასხმევინა ღვინო და თქვა, ეს ქვევრი მისი ქორწინების დღეს გაიხსნებაო. და ასეც მოხდა - ქვევრი 16 წლის მერე გახსნეს, როდესაც მშვენიერმა ნინომ ალექსანდრე გრიბოედოვზე იქორწინა.
საცავში თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინის კოლექციაც შეაგროვა. მარნის მთავარი ღირსება მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის იდეალური შეხამებაა. სწორედ ეს მიკროკლიმატია იდეალური ღვინის დაძველება-შენახვისათვის. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს (1888 წ.) წინანდლის მამულის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა.
მარნის უნიკალურ კოლექციაშია მათ 1814 წლის "პოლონური თაფლისა" და 1861 წლის Chateau D’Yquem-ის უნიკალური ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული "საფერავი".
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი...
ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. სადღესასწაულოდ გამოწყობილი ალექსანდრე ჭავჭავაძე დღის პირველ საათზე ეტლით მიემგზავრებოდა ვორონცოვთან. ახლანდელი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ვიღაცამ ბინიდან წყალი გადმოღვარა, ეტლში შებმული ცხენები დაფრთხნენ. პოეტი შეეცადა, მეეტლეს მიშველებოდა - წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია, ეტლიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. პოეტი მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
მესამე დღეს კი საყვარელი პოეტის ნეშტი მთელმა თბილისმა კახეთში გააცილა. დაკრძალეს შუამთის მონასტერში - საგვარეულო აკლდამაში. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: "მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან". საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან".
კიდევ მეტი ფოტო ნახეთ ფოტოგალერეაში
მერი ბლიაძე