თბილისში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტმა თუ ადგილობრივმა აუცილებლად უნდა ნახოს, ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გახლავთ. გადავწყვიტეთ, ამჯერად თქვენთან ერთად მოვიაროთ ეს ისტორიული ადგილი... რამდენიმე წელია, ბოტანიკურ ბაღში აღარ ვყოფილვარ. შესაბამისად, ბევრი სიახლე დამხვდა და ბევრმა უკვე ნანახმა კიდევ ერთხელ გამაოცა.
ბაღში შესულებს მეგზურობა გიდმა ანდრია ხუცაიძემ გაგვიწია, მისგან ბევრი სიანტერესო ამბავი მოვისმინეთ.
ცოტა რამ ისტორიიდან
ბაღის ისტორია 1636 წლიდან იწყება. იმ დროისთვის ამ ტერიტორიაზე სამი სხვადასხვა ზომის ბაღი იყო გაშენებული და სამივე სამეფო კარს ეკუთვნოდა.
1795 წელს, როცა
1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, სამეფო ბაღს "თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა, მებაღის შტატიც დამტკიცდა და სათანადო პროფილის ამოცანების შესრულებაც დაიგეგმა. თითქმის საუკუნის განმავლობაში, იგი ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო კავკასიაში. რამდენიმე წელში ბაღში განათავსეს მებაღეობის სასწავლებელი, იმ პერიოდში მთელი თბილისი ნერგებით სწორედ აქედან მარაგდებოდა.
1889 წლიდან ბაღს სათავეში ჩაუდგა ცნობილი ჰენრიხ კარლ ვერნერ შარერი, რომელმაც მანამდე "ალექსანდრეს ბაღის" მოწყობით გაითქვა სახელი. შარერმა მცირე დროში მოახერხა მისი კეთილმოწყობა. ბაღში 4 500 დასახელების მცენარე იყო, უმეტესობა დეკორატიული. შარერი მსოფლიოს 70 ბოტანიკურ ბაღთანაც თანამშრომლობდა. იმ პერიოდში ბოტანიკური ბაღი თბილისელებისა და მისი სტუმრებისთვის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა. შესასვლელი მოწყობილი იყო ქუჩიდან, ბაღში შესვლის მსურველს კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ერთჯერადი ან სეზონური ბარათი. ბაღში არ უშვებდნენ არაფხიზელ და შეუსაბამოდ ჩაცმულ ადამიანებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც უტაქტო ქცევით იპყრობდნენ ყურადღებას. ბაღი დილის 8 საათზე იხსნებოდა, ხოლო მის დახურვას ზარის დარეკვით ამცნობდნენ დამთვალიერებლებს.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექციები, უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალის ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლადო ასათიანის ქუჩიდან.
დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 98 ჰექტარია. ნაწილი ნარგაობებს, გზებსა და შენობებს უკავია, ნაწილი - ბუნებრივ მცენარეულობას.
ბაღში ბევრი იშვიათი და განსაკუთრებული მცენარეა. მაგალითად, ხე, რომელსაც უთხოვარი ჰქვია. ლეგენდის თანახმად, გლეხებს ამ ხის ძვირფასი მერქნის გამოყენება სამშენებლოდ უნდოდათ და თამარ მეფეს მისი მოჭრის ნებართვა სთხოვეს, მეფემ კი უპასუხა, ოღონდ ეს არ მთხოვოთ და რომელი ხეც გნებავთ, ის მოჭერითო. შედეგად ხეს უთხოვარი დაარქვეს...
ბაღში უზარმაზარი, აზიური წარმოშობის გინკგო ბილობა ხარობს, რომელიც უძველესი დროიდან, იურული პერიოდიდან მოდის. ამბობენ, ჰიროსიმაში ბირთვული აფეთქებების შემდეგ მცენარეებიდან მხოლოდ გინკგო გადარჩენილაო.
ბაღის ძველ ნაწილში, ხიდთან იუდას ხე დგას. მოგეხსენებათ, მაცხოვარი იუდამ არღავანის ხის ძირას გასცა, ფარისევლებს ქრისტეს ადგილსამყოფელი მიასწავლა და გასამრჯელოდ 30 ვერცხლი მიიღო. როცა საკუთარ საქციელს ჩასწვდა, თავი არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო და ის 30 ვერცხლი სწორედ ამ ხის ძირში ჩამოიყარა. ამის შემდეგ ულამაზეს არღავანს იუდას ხე შეარქვეს და დღემდე ამ სახელით მოიხსენიებენ. გაზაფხულზე, ვნების კვირაში, არღავანის ხე ფოთლის გამოსვლამდე, საოცარი, მოწითალო იასამნისფერი ყვავილებით იმოსება და ძალიან ლამაზი შესახედია. ამბობენ, ეს ცბიერი მცენარეა, რადგან ყვავილები ფოთლებზე ადრე გამოაქვსო, მეტიც, ამ ხეს ჩიტებიც არ ეკარებიანო.
ბაღის ვრცელი ტერიტორიიდან გამომდინარე, სხვადასხვა ადგილას მოწყობილია მოსასვენებელი კუთხეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის...
შეუძლებელია მიხვიდე ბოტანიკურ ბაღში და არ ნახო ჩანჩქერი, რომელიც სათავეს უძოს მთიდან იღებს. მნახველებს შეუძლიათ გაგრილდნენ და ზაფხულის ცხელი დღეები ჩანჩქერის პირას გაატარონ. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული, მათ შორის გამოირჩევა თაღოვანი ხიდი, რომელიც 1914 წელს ინჟინერ როტინოვის მიერ აიგო. იმავე წელს გაკეთდა ყველა თბილისელისთვის ცნობილი გვირაბი. გვირაბის მშენებლობა ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც ინჟინრები – ხატისოვი და ბრაილოვსკი ხელმძღვანელობდნენ.
ჩანჩქერიდან თამარის ხიდზე მივედით, რომელიც 12-13 საუკუნისაა. იმ დროს აქ მხოლოდ ტყე იყო და სხვა არაფერი, ხიდი ნარიყალის ციხიდან გადმოსასვლელად ააგეს, შემდეგ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მაგრამ ძველი იერსახე მაინც შენარჩუნებული აქვს...
ბაღში არის ბეწვის ხიდიც, რომელიც გამაგრებული და უსაფრთხოა, თუმცა ექსკურსიების დროს ბავშვების იქ მიყვანას მაინც ერიდებიან...
კვიპაროსების ხეივნის გავლით ორანჟერეას მივადექით. მისმა დირექტორმა ნანა ყუბანეიშვილმა ბევრი საინტერესო რამ გვიამბო:
- პირველად 1872 წელს საფრანგეთიდან, მივიღეთ ორანჟერეის ორი კარკასი, ძალიან კარგად ფუნქციონირებდა, გვქონდა კოლექციაც, მაგრამ 90-იან წლებში გაითიშა გათბობა, დენი, გაზი და ყველაფერი განადგურდა, არც ერთი მცენარე არ გადარჩენილა.
ეს შენობა, სადაც ახლა ორანჟერეაა, განკუთვნილი არ იყო იმ ტიპის მცენარეებისთვის, რასაც დღეს ხედავთ. აქ უფრო ბოსტნეული მცენარეების სათბური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებით გადავაკეთეთ ორანჟერეად და ახლა ყველა მნახველს მოსწონს. ერთი დღეც რომ გაითიშოს ორანჟერეა, დაირღვეს ტემპრეტურული რეჟიმი, ყველა მცენარეს დავკარგავთ.
დღეს უკვე 1200 მცენარე გვაქვს და ეს იცით, როგორ მოვაგორვეთ? ვმუშაობდით საკუთარი ენთუზიაზმით, ჩვენ თვითონ მოგვქონდა მცენარეები, მოყვარულები გვჩუქნიდნენ და ასე ნელ-ნელა მოვედით ამ შედეგამდე.
- რა რჩევას მისცემთ მოყვარულებს, რომლებსაც სახლის პირობებში უნდათ გაახარონ ყვავილები?
- სახლში უმეტესად აქვთ აფრიკული იები, რომლებიც საკმოდ პრეტენზიული მცენარეებია. ვერ იტანენ პირდაპირი მზის სხივებს, სხვა მცენარის მორწყვის დროს, შემთხვევით ფოთოლზე წვეთი რომ მოხვდეს, ფოთლები ულაქავდება ისე, თითქოს დაავადებულიაო. აუცილებლად უნდა მორწყათ ისე, რომ ფოთლებს არ მოხვდეს წყალი. ორანჟერეაში მისი მოვლა რთული იყო, სახლის პირობებში კი არაა ძნელი, შეუქმნათ მისთვის სასურველი გარემო. გარდა ამისა, მცენარეების მოყვარულ ოჯახებში ხშირად ვხვდები კაუჩუკურ ფიკუსს, რომელსაც ძალიან უხდება გადაჭრა, არ უნდა დაენანოთ და უნდა გადაჭრან, შესხიპონ ტოტები, ამით უფრო ლამაზად გაიზრდება. სხვათა შორის, გერანებსაც უხდება გადაჭრა, იბუჩქება და უფრო კარგად ხარობს. ქალაქში, ქუჩებში მრავლად შეხვდებით ალიანდრებს, რომლებიც ერთ წელიწადს გაიყინა, პროცესი განვითარდა მიწის ზევით, გაყინული მცენარე გადაჭრეს, მაგრამ მეორე სეზონზე გამრავლდა, ერთი ძირიდან ორჯერ მეტი ამოვიდა. არის მცენარეები, რომლისთვისაც აუცილებელია გადაჭრა, ამიტომ ნუ დაგენანებათ.
გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მორწყვას, შესაძლოა მიწის ზედაპირი მშრალი იყოს, მაგრამ სანამ წყალს დაასხამთ, ხელით, ან პატარა ჯოხით მოსინჯეთ, მოქექეთ მიწა, თუ ნოტიოა, დაიცადეთ და არ დაასხათ წყალი. როდესაც ხდება აორთქლება და შენ ზემოდან კიდევ წყალს ასხამ, მცენარე ლპობას იწყებს.
დასასრულ, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეს, ვახტანგ გაბისაშვილს, ბაღში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე გავესაუბრეთ:
- ახლა მიმდინარეობს ბილიკის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაღისთვის. ვმუშაობთ მეორე პროექტზეც - იაპონურ ბაღზე, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. აგრეთვე იგეგმება ზიპლაინ ატრაქციონის გაკეთება, რომელიც ნარიყალიდან ტროსით ბაღის ტერიტორიაზე ჩამოსრიალდება... სულ ცოტა ხანში ბაღში გაიხსნება კაფე, რომელიც დიდი მოთხოვნის მიუხედავად არასდროს ყოფილა. ამასთანავე ვაპირებთ გავაკეთოთ თანამედროვე, გამწავნებული და შესაბამისად განათებული სკვერი, სადაც შესაძლებელი იქნება საქორწილო ცერემონიის მოწყობაც.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული საქორწილო ცერემონია ულამაზესი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს.
ბოტანიკური ბაღის კიდევ მეტი ფოტო ნახეთ ფოტოგალერეაში
ციცი ომანიძე